„ციხის ბუნტის“ დროს საკნებში ჩაცხრილეს პატიმრების ის ნაწილიც, რომლებსაც წინააღმდეგობა არ გაუწევიათ. სტრასბურგის სასამართლომ ამხილა წინა რეჟიმის ხელისუფლების სისტემური დანაშაული“, - ამის შესახებ იურისტი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება „ციხის ბუნტთან“ დაკავშირებით არის შეხსენება იმისა, რომ წინა რეჟიმი, როგორც სისტემური დანაშაული, არ უნდა განმეორდეს.
„სტრასბურგის სასამართლომ არაერთი გადაწყვეტილებით ამხილა წინა რეჟიმის ხელისუფლების სისტემური დანაშაული, რომელთა ჩამონათვალი, საუბედუროდ, საკმაოდ ვრცელია და გუშინ 2006 წლის ე.წ. „ციხის ბუნტის“ დროს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოკლული 7 და დაშავებული 22 პატიმრის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებაც დაემატა - რომელზეც სიცოცხლის უფლების მრავლობითი დარღვევა დადგინდა!
სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსებისას პირს ერთმევა თავისუფლება, შესაბამისად, სახელმწიფოს სახელით, სასჯელაღსრულების დაწესებულება, მისი ადმინისტრაცია საკუთარ თავზე იღებს ვალდებულებას, იზრუნოს, უზრუნველყოს და დააკმაყოფილოს პატიმრების აუცილებელი საჭიროება, არ დააზიანოს პატიმრის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა. როცა ვამბობთ, რომ თითოეულ თავისუფლებაშეზღუდულ ადამიანს უფლება აქვს, დაპატიმრებული იქნეს იმ პირობებში, რომელიც ზიანს არ აყენებს მის ადამიანურ ღირსებას, ვგულისხმობთ სახელმწიფოს ვალდებულებას, უზრუნველყოს, ერთი მხრივ, ჰუმანურ პირობებში დაპატიმრების უფლება და, მეორე მხრივ, უზრუნველყოს, რომ არც ერთი დაპატიმრებული პირი არ გახდეს არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი. სიცოცხლის უფლების ხელყოფაზე ხომ საუბარი ზედმეტია!
სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსებულ პატიმრებს, რომლებსაც, ყველა ჩამოთვლილ უფლებასთან ერთად თავისი სამართლებრივი სტატუსიდან გამომდინარე უნდა ჰქონოდათ დამატებითი დაცვის გარანტიებიც. 2006 წელს ე.წ. „ციხის ბუნტის“ დროს სახელმწიფოს სახელით, ნიღბიანი სპეცდანიშნულების რაზმების წევრთა მიერ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებიდან განხორციელებულ ქაოსურ სროლებს შეეწირნენ. სპეცოპერაციის დროს საკუთარ საკნებში ჩაცხრილეს პატიმრების ის ნაწილიც, რომლებსაც, წინააღმდეგობა არ გაუწევიათ. სპეცოპერაციის შემდეგ შემთხვევით გადარჩენილ დაშავებულებს კი არ გაეწიათ სათანადო სამედიცინო დახმარება. ეს გადაწყვეტილება არის კიდევ ერთი მხილება და შეხსენება იმისა, რომ წინა რეჟიმი, როგორც სისტემური დანაშაული, არ უნდა განმეორდეს“, - წერს თამთა მეგრელიშვილი.