„განათლების ახალმა მინისტრმა კარდინალურად უნდა შეცვალოს წინამორბედის მიერ გატკეპნილი კურსი და, თამარ სანიკიძის გზის ნაცვლად, ილიას გზას დაადგეს!" - ამის შესახებ განათლების ახალ მინისტრზე ალექსანდრე ჯეჯელავაზე გაზეთი „ასავალ-დასავალი" წერს.
გთავაზობთ ამონარიდს სტატიიდან:
„ალექსანდრე ჯეჯელავამ სკოლაში უნდა დააბრუნოს პატრიოტიზმი!
დიახ, ალექსანდრე ჯეჯელავამ ჩვენს შვილებს უნდა დაუბრუნოს სააკაშვილ-ლომაიას ხროვის მიერ მოპარული „დედა ენა"!
ალექსანდრე ჯეჯელავამ ყმაწვილებს უნდა დაუბრუნოს ვაჟას „არწივი"!
ალექსანდრე ჯეჯელავამ ჩვენს შვილებს უნდა დაუბრუნოს რაფიელ ერისთავის „სამშობლო ხევსურისა"!
ალექსანდრე ჯეჯელავამ ჩვენს შვილებს უნდა დაუბრუნოს ქართული ჰაგიოგრაფია - იოანე ზოსიმე, გრიგოლ ხანძთელი...
ალექსანდრე ჯეჯელავამ ჩვენს შვილებს უნდა დაუბრუნოს შოთას „ვეფხისტაოსანი", რომელსაც დღეს სამარცხვინოდ შეკრეჭილ-შემცირებულად ასწავლიან სკოლებში.
ალექსანდრე ჯეჯელავამ ჩვენს შვილებს უნდა დაუბრუნოს საქართველოს რეალური ისტორიის სახელმძღვანელო, რომლითაც ქართველი ყმაწვილები იმთავითვე ეზიარებიან ჩვენს ლამის დასაბამიერ ფესვებს და თავს უნიკალური, უძველთაძველესი ცივილიზაციის სისხლხორცეულ ნაწილად იგრძნობენ!
ალექსანდრე ჯეჯელავამ, თამარ სანიკიძის მსგავსად, არ უნდა აკრძალოს ქართულ (და არა შერეულ) სკოლებში გაკვეთილების „მამაო ჩვენოს" ლოცვით დაწყება და მოსწავლეების მართლმადიდებლურ ტაძრებში ექსკურსიები!
ალექსანდრე ჯეჯელავამ არ უნდა დაუშვას ქართულ სკოლებში „მე და საზოგადოების" სახელწოდებით ცნობილი სახელმძღვანელოს შეტანა და ჩვენი შვილების „გენდერულ-მამათმავლური ტოლერანტობის იდეოლოგიით მოწამვლა!" - წერია სტატიაში.