საქართველო-გერმანიის ორმხრივი ურთიერთობები, საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის დღის წესრიგი და რეგიონში არსებული ვითარება იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის და გერმანიის ფედერალური კანცლერის ანგელა მერკელის შეხვედრის მთავარი თემები.
მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღების მნიშვნელობაზე. აღინიშნა, რომ საქართველომ ზედმიწევნით შეასრულა მისთვის დაკისრებული ყველა ამოცანა, რაც ევროკომისიამ გასული წლის დეკემბერში გამოქვეყნებულ ანგარიშში აღიარა. გამოითქვა იმედი, რომ ევროკომისიის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო წინადადებას, რომელიც უკვე განიხილება ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტში, უახლოეს მომავალში დადებითი გადაწყვეტილება მოჰყვება.
შეხვედრაზე ისაუბრეს რეგიონული უსაფრთხოების თემაზე და მსოფლიოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე. საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას, საქართველო-რუსეთის ურთიერთობების საკითხებს და რუსეთთან ურთიერთობის დეესკალაციის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველო მიესალმება ეუთო-ს როლის ზრდას და მეტ ჩართულობას კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პროცესში.
გიორგი კვირიკაშვილმა და ანგელა მერკელმა იმსჯელეს საქართველოსა და გერმანიას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხებზე. აღინიშნა, რომ გერმანია იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა და მჭიდრო დიპლომატიური და პარტნიორული ურთიერთობები განავითარა საქართველოსთან.
გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა გერმანიის კანცლერს ოფიციალური მოწვევისთვის და ხაზი გაუსვა გერმანიასთან თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობას. მისი თქმით, ფასდაუდებელია დახმარება, რომელსაც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა წლებია უწევს საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და სხვადასხვა სფეროს განვითარების მიზნით.
საუბარი შეეხო საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლება მოუთმენლად ელის სადამკვირვებლო მისიას. გამოითქვა იმედი, რომ 2016 წლის არჩევნები საქართველოს ისტორიაში ყველაზე თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩაივლის.
შეხვედრის დასასრულს, ხაზი გაესვა ორი ქვეყნის საგარეო უწყების გადაწყვეტილებას - გამოცხადდეს 2017 წელი საქართველოსა და გერმანიის მეგობრობის წლად.