logo_geo
eng_logo
ნიკა ქაცარიძე: როცა დასამალი არაფერი გაქვს, მარტივია ცხოვრება!
- +

4 აპრილი. 2020. 00:24

 

 

ვიდრე თავისუფალია, თავი შვებულებაში ჰგონია და შვილებთან ერთად ქალაქიდან გასვლას აპირებს... მეტი დრო აქვს ფიქრისთვის და იმ ადამიანებთან ურთიერთობისთვის, ვისთვისაც სიამოვნებით იხარჯება. ამჯერად მსახიობურ ოსტატობასაც მხოლოდ საკუთარ შვილებთან ავლენს...

 

რუსთაველის თეატრის მსახიობი ნიკა ქაცარიძე „რეპორტიორთან“ საუბრობს.

 

- ცნობილია, რომ განსაკუთრებით მზრუნველი და ძალიან ყურადღებიანი მამა ხართ. არსებული მდგომარეობა ხომ არ გაშინებთ?

 

- რაღაც დონზე მეშინია, მაგრამ საერთოდ არ ვფიქრობ იმაზე, რომ ჩემს შვილებს ოდესმე რამე შეეხება. იმხელა რწმენა მაქვს, რომ არც უშვებს ამას ჩემი გონება. ამიტომ მაგ მხრივ, რატომღაც, ვარ ძალიან მშვიდად, 100-პროცენტიან ნდობაში ვარ ღმერთთან და არა მგონია, ასეთი მკაცრი „რეცეპტი“ გამომიწეროს. ჯვარი სწერია აბსოლუტურად ყველა ბავშვს და ყველა ადამიანს, სიცოცხლე ყველას უხარია და სჭირდება ამ სამყაროში!

 

ახლა რაიონში მივდივარ, იმიტომ, რომ თავისუფალი დრო გამომიჩნდა. თეატრში რეპეტიციები აღარ გვაქვს, სერიალის გადაღებებიც შევაჩერეთ, თან გაზაფხული დგება და ბავშვებსაც მოუხდებათ სოფელის ჰაერი. სიმართლე გითხრათ, თავი შვებულებაში მგონია. რადგან მოგვეცა შანსი, შეძლებისდაგვარად უნდა გამოვიყენო იმისათვის, რომ რისკები შევამცირო და დროებით ქალაქს გავერიდო.

 

მდგომარეობა, ზოგადად, ძალიან სახიფათოა, რადგან შეიძლება ითქვას, რომ ასეთი რამ კაცობრიობას ძალიან იშვიათად ახსოვს, მაგრამ მაინც მგონია, რომ ყველაფერს იმედიანად უნდა შევხედოთ. ისევ რწმენა თუ გადაგვარჩენს. პანიკა, ამ შემთხვევაშიც ძალიან ცუდი მრჩეველი იქნება. სიცოცხლის ხალისს დაგვიკარგაგავს და საკუთარ თავში ჩაგვკეტავს, რაც არ უნდა დავუშვათ.  

 

 

- აქტიურ ცხოვრებას იყავით მიჩვეული, სცენა, გადაღებები... ახლა ბევრი თავისუფალი დრო გაქვთ, რას უთმობთ ამ დროს?

 

- როცა სცენაზე მაყურებელთან თამაშობ, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, მაგრამ წლებია ამ საქმეს ვემსახურები და მინდა თუ არა, მაინც ქვეცნობიერად, სულ ჩემს პროფესიაში ვარ. ვფიქრობ, სამომავლოდ რას როგორ გავაკეთებ, როგორ გავაგრძელებ იქიდან, სადაც გავჩერდი, უბრალოდ, მეტი ფიქრის დრო მომეცა, რომ უკეთესად გავაცნობიერო ის, რასაც ვაკეთებ...  

 

თუმცა, მე ახლაც აქტიურად ვცხოვრობ, უბრალოდ, მთელ ჩემს მსახიობურ ოსტატობას ამჯერად საკუთარ შვილებთან ვავლენ. ბავშვეთან ურთიერთობაც, ერთგვარად, ჩემი პროფესიის ნაწილია. მათთან მთელ იმ ენერგიას ვხარჯავ, რაც შეიძლებოდა მაყურებელთან დამეხარჯა. ამ ყველაფრის კეთება რთულია, მაგრამ სასიამოვნოც. თვითონ უნდა გქონდეს სურვლი, რომ საკუთარ შვილებთან დაიხარჯო, თორემ ამას ვერავინ დაგაძალებს. მე კი ეს სურვილი გამძაფრებულადაც მაქვს, - ჯერ პირველ შვილზე, ახლა კი უფრო მეორეზე გადმოვერთე, რადგან ის პატარაა, თან ბიჭია და მეუბნებიან, რომ ძალიან მგავს. თუმცა უცნაური ისაა, რომ როცა დედასთან არის, თითქოს დედას უფრო ამსგავსებენ... 

 

- სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევით და ხშირად მკითხველს სახალისო განწყობაზე აყენებთ. ფეისბუქ-პოსტების გაქირავებას მართლა აპირებთ?

 

- (იცინის) გააჩნია, რა განწყობაზე ვარ. ზოგჯერ ვფიქრობ, ეს რამ დამაწერინა-მეთქი, მაგრამ ვწერ იმას, რასაც იმ კონკრეტულ სიტუაციაში განვიცდი. ვწერ იმისათვის, რომ ცოტა გავხალისდე და სხვებიც გავახალისო. ხშირად საკუთარ თავს დავცინი, კარგი გაგებით, და სიტუაციურ კომედიას ვქმნი. როცა დასამალი არაფერი გაქვს არც სამყაროსთან, არც ახლობლებთან, არც მეგობრებთან და საერთოდ არავისთან, გაცილებით მარტივია ცხოვრება. რასაც ვაკეთებ, ყველაფერი ადამიანურია თავისი დადებითი და უარყოფითი მხარით, ნებისმიერ საკითხში. ყოველთვის კარგი ვერ იქნები, ამისთვისაც ერთგვარი ბრძოლაა საჭირო საკუთარ თავთან.  

 

 

- სამყარო ჩვენს თვალწინ წამიერად შეიცვალა და საუკუნის გამოწვევის წინაშე აღმოვჩნდით. როგორ ფიქრობთ, როგორ შეაფასებდით ჩვენი სახელმწიფოსა და საზოგადოების მზაობას ამ გლობალური გამოწვევის წინაშე?

 

- ყველანი ვხედავთ, რაც ხდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და აქედან გამომდინარე, უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი ქვეყანა ამ გლობალურ გამოწვევას ძალიან მომზადებული დახვდა. მთავრობა შეძლებისდაგვარად, ყველაფერს აკეთებს ხალხისათვის, თუმცა, ასეთ სიტუაციაში ალბათ, ყველაზე მძიმე მდგომარეობაში ის ადამიანები აღმოჩნდნენ, ვინც ყოველდღიურ შემოსავალზე იყო დამოკიდებული. ჩვენზე გაცილებით ძლიერ და ეკონომიკურად მდგრად ქვეყნებსაც ყველაფერი ვერ ექნებოდათ გათვლილი მსგავსი სიტუაციისთვის და აქედან გამომდინარე, რა რესურსიც ჩვენს ქვეყანას აღმოაჩნდა, მისასალმებელია. სუპერმარკეტები ჯერაც სავსეა პროდუქტით და შიმშილი გამორიცხულია, მთავარია, სოციალურად დაუცველ ადამიანებზე ვიზრუნოთ და ამავე დროს, ყველა ის რეკომენდაცია გავითვალისწინოთ, რასაც ხელისუფლება მოგვიწოდებს. მასიმალურად უნდა ავირიდოთ სტრესი და ნერვიულობა, რადგან ნერვიულობიდან მოდის ყველა უბედურება, რასაც ბევრი ვერ უძლებს.

 

 

ზოგი იმასაც ამბობს, მთელი ცხოვრება სახლში ვზივარ, მაგრამ როცა ამიკრძალეს, ახლა უფრო მომინდა გარეთ გასვლაო. ათასნაირი კატეგორიის ადამიანი არსებობს, მაგრამ ამ შემთხვევაში, საჭიროა ობიეტურობის შეგრძნება და რეალობის აღქმის უნარი იმისათვის, რომ არც საკუთარ თავს და რაც სხვას საფრთხე არ შევუქმნათ. ვერანაირად გავამართლებ იმ ადამიანებს, რომლებსაც არც კი ესმით, რასთან გვაქვს საქმე. როცა ბანკებმა სესხი სამი თვით გადაგივადა, როცა სახელმწიფომ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და გთხოვს, რომ რითაც შეგიძლია რისკების შემცირებაში დაეხმარო, აქ ხომ შეიძლება იფიქრო, რომ ბოლომდე კიდევ არ გეუბნებიან, რისი მოლოდინი აქვთ და როგორღაც, მხოლოდ შენი წილი პასუხისმგებლობა აიღო თავზე!

 

- რით გაამხნევებდი იმ ადამიანებს, რომლებიც ახლა არსებული პრობლემის წინაშე დგანან?

 

- ვიფიქროთ იმაზე, რომ ხვალ უკეთესი დღე იქნება, რომ ხვალ ყველაფერი იქნება კარგად. ვიფიქროთ ერთმანეთზე და არ დავივიწყოთ უფალი, ვილოცოთ ერთმანეთისთვის... ჩვენ, ეტყობა, დავივიწყეთ ღმერთი. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ მამა სჯის შვილებს, როცა ისინი არ უჯერებენ. ჩვენ კი ისეთ სიტუაციაში ვართ, რომ მას აუცილებლად უნდა დავუჯეროთ!

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner