ავტორი ნონა ქარქაშაძე
„პოლიტიკური სპეკულაციებით ქმნიან შთაბეჭდილებას, რომ თუკი ვინმე დაიღუპება, ან ეკონომიკური კოლაფსი შეიქმნება ქვეყანაში, ეს მხოლოდ ხელისუფლების პრობლემა იქნება“, - ამის შესახებ პოლიტიკოსმა სოფიო ხორგუანმა „რეპორტიორთან“ საუბარში განაცხადა.
მისი თქმით, ამ მცირე დროის განმავლობაში, ადამიანებმა ღირებულებები გადააფასეს და თვალნათლივ დაინახეს, თუ ვისი იმედი შეიძლება ჰქონდეთ, ვინ ცდილობს ამ ვითარებით ხელის მოთბობას, ვის სტკივა ეს ქვეყანა და ვის ადარდებს რეალურად ადამიანი:
- არსებული პრობლემის წინაშე, არათუ ჩვენი ქვეყანა, დღემდე, პრაქტიკულად, მსოფლიოც არ დამდგარა და შესაბამისად, შეუძლებელია რეალურთან მიახლოებული პროგნოზის გაკეთება, რა იქნება ხვალ. ასეთი მასშტაბური ჩაკეტვა, ნებისმიერი მიმართულებით, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არავის ახსოვს. თუ რა ვითარებაში აღმოვჩნდებით, თუნდაც ერთი თვის შემდეგ, ჯერ კიდევ არ იციან ისეთმა ქვეყნებმაც, რომლებიც ჩვენზე გაცილებით უკეთაა სისტემურად აწყობილი და უამრავი ცოდნა აქვთ დაგროვილი. ზესახელმწიფოების ლიდერები ლაპარაკობენ უზარმაზარ ციფრებზე, თუ რამდენი ადამიანი შეიძლება დაიღუპოს ამ პანდემიით. გერმანიის ლიდერმა ანგელა მერკელმა არსებული ვითარება მეორე მსოფლიო ომის პერიოდს შეადარა, ტრამპმა კი, - ვიეტნამის ომს და ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ჩვენ რომ ახლა რაღაც განსაკუთრებული მოვითხოვოთ ჩვენი სახელმწიფოსგან, უსამართლობა იქნება.
სიმართლე გითხრათ, მაბრაზებს ის ფაქტი, რომ თითქოს ვეჯიბრებით, ვეჯინებით საკუთარ ქვეყანას ერი, რომელსაც გვყავდა ილია და არ გვახსენდება, თითოეული ჩვენგანი დავფიქრდეთ და დავუსვათ კითხვა საკუთარ თავს ამ მძიმე ვითარებაში: აბა, დღეს მე ვის რა ვარგე? დღეს რაც მოგვეთხოვება, ეს არის, უბრალოდ, ხელი შევუწყოთ ხელისუფლებას, სახელმწიფოს, ერთმანეთს და დავრჩეთ სახლში, რათა არ მოხდეს ინფექციის ისეთი მასშტაბური გავრცელება, რომელთან გამკლავებაც ჯანდაცვის სისტემას გაუჭირდება. ახლა ეს არის მთავარი.
- სოფო, როგორ ფიქრობთ, საზოგადოებას აქვს თუ არა გაცნობიერებული საფრთხე, რის წინაშეც რეალურად ვდგავართ?
- ჩვენ ყველანი ვხედავთ, რომ სახელმწიფო ცდილობს, აქცენტი არ გააკეთოს ნეგატივზე, რათა მეტად არ დათრგუნოს საზოგადოება, მაგრამ გამოდის, რომ ძალიან ბევრს არა აქვს გააზრებული, თუ რა მასშტაბის საფრთხესთან გვაქვს საქმე. დღესდღეობით, ჩვენ რეალურად, საომარ მდგომარეობაში ვიმყოფებით. უბრალოდ, ქუჩაში ნაღმზე არ ვფეთქდებით და ბომბები არ ცვივა ციდან, - ესაა განსხვავება. ასეთ დროს ჩვეული ცხოვრების წესი რომ იცვლება და დისკომფორტი გექმნება, ამაზე პრეტენზია არ უნდა გვქონდეს. უნდა გვესმოდეს ისიც, რომ ჩვენ ვართ მცირე ეკონომიკის მქონე ქვეყანა და მაინც, ჩვენი სახელმწიფო აკეთებს იმის მაქსიმუმს, რის გაკეთებაც შეუძლია. უკმაყოფილება გამოიწვია სახელმწიფოს მხრიდან კომუნალური გადასახადების გარკვეული რაოდენობის დაფარვამ. გასაგებია, სჯობდა, მეტი გაეღოთ, თუკი ამის საშუალება იქნებოდა, მაგრამ შენზე მეტად გაჭირვებულზე რომ ზრუნავს სახელმწიფო, ესეც ხომ ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ქვეყანა თითოეულ ჩვენგანს ეკუთვნის და არა მხოლოდ ხელისუფლებას!
პოლიტიკური სპეკულაციებით ქმნიან შთაბეჭდილებას, რომ თუკი ვინმე დაიღუპება ან ეკონომიკური კოლაფსი შეიქმნება ქვეყანაში, თითქოს ეს მხოლოდ ხელისუფლების პრობლემა იქნება, თითქოს ეს ხალხი და ეკონომიკა ხელისუფლებისაა მხოლოდ. არადა, როგორ განვითარდება მოვლენები ხვალ, თითოეულ ჩვენგანზეა დამოკიდებული და ეს კარგად უნდა გავაცნობიეროთ.
რა ინფორმაციაც მსოფლიოს ქვეყნებიდან გამოდის, ჩათვალეთ, რომ იქ სამჯერ მეტად კატასტროფული ციფრებია. ჩვენ კი, არ გვაქვს კანონმორჩილების გამოცდილება, არა ვართ სისტემურად აწყობილი სახელმწიფო, გვაქვს მცირე ეკონომიკა და ამ ყველაფრის გათვალისწინებით, სხვებთან შედარებით, კარგად მივდივართ. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენი შინ ყოფნით ინფექციის მასობრივ გავრცელებას არ შევუწყოთ ხელი და ჩვენს ექიმებს მივცეთ შესაძლებლობა, ამ ეპიდემიას მოერიონ. დღესდღეობით კარგი შედეგები გვაქვს იმის გამო, რომ ცოტაა დაავადებულთა ოდენობა და ჯანდაცვის მთელი სისტემა თითოეულ პაციენტზეა მიმართული, ამიტომაც, პრაქტიკულად უიმედო პაციენტებიც კი გამოაჯანმრთელეს, მაგრამ თუ დაავადებულთა რიცხვი უკონტროლოდ გაიზრდება, რასაკვირველია, ასეთ შედეგებზე ვეღარ გავალთ.
- თქვენ რომ პოლიტიკური სპეკულანტები უწოდეთ, ის ადამიანები სიკეთის კეთების ეგიდით გამოვიდნენ. კეთილი საქმის კეთება, როგორც ჩანს, ყველას სხვადასხვანაირად ესმის...
- სიკეთე კი არა, რაც მათ მარნეულში ჩაიდინეს, ეს არის გამიზნულად ჩადენილი დანაშაული. ძალიან სამწუხაროა, რომ პოლიტიკური სპეკულაციები არ წყდება, სამარცხვინო სანახავი იყო, რასაც „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ვუყურეთ ამ დღეების განმავლობაში. რეალურად იმასაც ვერ ხვდებიან ეს პოლიტიკური სპეკულანტები, რომ მათივე საზიანო საქმეს აკეთებენ. ყველამ საკუთარი სახე გამოაჩინა, ცხადად დავინახეთ, ვინ რისი მაქნისია!
სიკეთის კეთება თუ გინდა, ეს ხმაურის გარეშეც შეიძლება. ვიღაცას დაეხმარო, კომუნალური გადაუხადო, საკვები თუ პირბადე მიუტანო, - ამას აფიშირება არ სჭირდება. რაც მათ მარნეულში გააკეთეს, კიდევ უფრო ამაზრზენი იყო ზუგდიდის შემთხვევისგან განსხვავებით. მას შემდეგ, როდესაც უკვე მარნეულში კარანტინი გამოცხადდა და ცნობილი იყო ვითარება ამ რეგიონში, ცრუ ინფორმაცია გაავრცელეს, ხალხი ქუჩაში გამოიყვანეს და ამის საფუძველზე დამატებითი საფრთხე შექმნეს. ეს არის ძალიან სამარცხვინო მოცემულობა! ხუთი კაცი ხომ მაინც თვლიდა ავტორიტეტად ამ „ნაციონალურ მოძრაობას“?! - ჩემი აზრით, თითოეული ადამიანის თვალში დაკარგეს ის უმნიშვნელო ავტორიტეტიც.
ამის მიუხედავად, არც მედიასა და არც ოპოზიციის წარმომადგენლებზე არანაირი შეზღუდვა არ დაწესებულა, რაც ჩვენზე ბევრად დემოკრატიულ ქვეყნებშიც არ ხდება. სამწუხაროა, რომ მედიის გარკვეული ნაწილიც პოლიტიკურ სპეკულაციაშია ჩაბმული და ის ადამიანები, ვისაც დღეს მთელი ქვეყანა იმედით შევყურებთ, ვისაც აქვთ ავტორიტეტი და ვის პროფესიონალიზმშიც ეჭვი არ გვეპარება, სწორედ მედიის ამ ნაწილმა, კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაატარა, რაც ძალიან მძიმე საყურებელი იყო.
- ქვეყანამ დაიწო ზრუნვა გამყოფ ხაზს მიღმა მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებზე, ვისაც მკურნალობა და დახმარება სჭირდება. არ ფიქრობთ, რომ ეს არის ერთ-ერთი საშუალებაა იმისა, რომ ჩვენი აფხაზი და ოსი თანამემამულეების ნდობა დავიბრუნოთ?
- ადრეც ხშირად მითქვამს და ახლაც ვიმეორებ, თუ გვინდა კონფლიქტების მოგვარება, პრაგმატული პოლიტიკა უნდა ვაწარმოოთ. შედეგად, მოვა დრო და ის მხარე, გამყოფ ხაზს იქით დარჩენილი ადამიანები, მიხვდებიან, რომ პრაგმატულად მათთვისაც უკეთესი იქნება, რომ ჩვენთან იყვნენ. თუ ჩვენ ვიქნებით ქვეყანა, რომელიც ადამიანზე ზრუნავს, ჩვენთან დაბრუნება მათთვისაც საინტერესო იქნება, მაგრამ დღეს ეს ადამიანები, გამყოფ ხაზს მიღმა დარჩენილი ჩვენი თანამემამულეები გვყავს გადასარჩენი და პოლიტიკური განცხადებების კეთებას უნდა მოვერიდოთ. ახლა მთავარია, ჩვენი გამოცდილება და ადამიანური რესურსი გავუნაწილოთ მათ, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ მათთვის და ამ ურთულეს მდგომარეობაში დავეხმაროთ. დანარჩენზე შემდეგ ვილაპარაკოთ, როცა ყველაფერი ჩაივლის. იმედია, ისინი გაიაზრებენ, რომ ჩვენთან უკეთესია, რადგან ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც ზრუნავს ადამიანებზე. უნდა მოვახერხოთ და მათ ეს დავანახოთ...
- გასაგებია, რომ როგორც აღნიშნეთ, თითქმის საომარ სიტუაციაში აღმოვჩნდით, მაგრამ ამ რთულ პერიოდში, ვფიქრობ, ადამიანებმა ღირებულებების გადაფასება ისწავლეს...
- ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ კიდევ ბევრ რამეს გადავაფასებთ. ბევრი რამ უკვე გადაფასდა და ხელის გულზე გვიდევს ფაქტები, თუ ვისი იმედი შეიძლება გვქონდეს, ვინ ცდილობს ამ ვითარებით ხელის მოთბობას, მოგებას და ვინ, - ხალხის დახმარებას, ვინ რისი მაქნისია, ვის სტკივა ეს ქვეყანა და ვის ადარდებს რეალურად ადამიანი! რთული დღეები გვაქვს. განსაკუთრებით, ალბათ უახლოესი 2-3 კვირა იქნება რთული. შემდეგ კი, ეკონომიკური სიმძიმის დაძლევაც არ იქნება იოლი საქმე, მაგრამ იმედი მაქვს, რომ იმ დროისთვის, მსოფლიო მეტად მობილიზებული იქნება და ჩვენც მივიღებთ დახმარებას მეგობარი ქვეყნებისგან. ახლა ყველაზე მთავარია, ის მცირე თანხები, რაც გვაქვს, მომჭირნედ, სწორად, პრაგმატულად გავთვალოთ და გავანაწილოთ. ჯერჯერობით რასაც ვუყურებ, ხელისუფლება კარგად ართმევს თავს ამ ყველაფერს. მთავარია ეს პრაგმატიზმი, სიმშვიდე და მტკიცე პოზიცია სახელმწიფომ შეინარჩუნოს, ჩვენ კი, საზოგადოებამ მეტი პასუხისმგებლობა გამოვიჩინოთ და უპასუხისმგებლო, სპეკულანტი პოლიტიკოსები წარსულს ჩავაბაროთ, რადგან მათი დრო დამთავრდა.
აგვისტოს ომის შემდეგ 4 მილიარდით დაგვეხმარა მსოფლიო ამ პატარა ქვეყანას, მაგრამ სად წავიდა ეს თანხა, რაში დაიხარჯა და ვის ჯიბეში დაილექა, დღემდე გასარკვევია. დახმარება ამჯერადაც დაგვჭირდება, როცა ყველაფერი ჩაივლის, მაგრამ მსგავსი რამ, რაც იმ უპასუხისმგებლო ხელისუფლების ხელში მოხდა, აღარ განმეორდება და ამაში ჩვენ შეგვიძლია დავარწმუნოთ ის პარტნიორი ქვეყნები, ვისი იმედიც გვაქვს და ვისთან ერთადაც უნდა დავძლიოთ ეკონომიკური კრიზისი.
ზოგადად, თუ როგორ ჩაივლის მთელი ეს პროცესი და როგორ გავუმკლავდებით კრიზისულ ვითარებას, ვფიქრობ, ეს იქნება სავიზიტო ბარათი ჩვენი ქვეყნისთვის დანარჩენ მსოფლიოში. იმედია, ჩვენი პარტნიორები დაინახავენ, რომ ჩვენ არა ვართ ქვეყანა, რომელიც იმას იმსახურებს, რა წერილებსაც ისინი გვწერდნენ და არც ის ამბებია მართალი, რაც აქედან ვიღაც-ვიღაცებს გაჰქონდათ; დაინახავენ, რომ ჩვენ კრიზისულ ვითარებაშიც ადამიანურად ვიქცევით და სახელმწიფოებრივად ვაზროვნებთ.