თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილემ, განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილმა საკრებულოში ბრიფინგი გამართა.
დეპუტატმა აქციის მონაწილეებს გათავისუფლებული დირექტორების საკითხის შემსწავლელი კომისიის შექმნის თაობაზე მოთხოვნას უპასუხა და აღნიშნა, რომ ბრიფინგის ადრესატები არა გათავისუფლებული დირექტორები, არამედ ამ შემთხვევაში ის პოლიტიკური ჯგუფია, რომელიც თბილისის ბაგა-ბაღებში მიმდინარე რეფორმებისთვის ჩრდილის მიყენებას მიზანმიმართულად ცდილობს.
„ჩემი ბრიფინგის ადრესატები ამ შემთხვევაში არ არიან გათავისუფლებული დირექტორები.
გარკვეული პოლიტიკური ჯგუფი ცდილობს, ჩრდილი მიაყენოს იმ კოლოსალურ სამუშაოს, რაც თბილისის ბაგა-ბაღების მშენებლობისა და მოდერნიზების მიმართულებით განვახორციელეთ,
თუმცა, მსგავსი დესტრუქციული ტიპის ქმედებები ჩვენს მიერ დაწყებული რეფორმების ტემპს ვერ შეაჩერებს“, - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.
როგორც საკრებულოს წევრმა აღნიშნა, განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომებზე ბაგა-ბაღებთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის განხილვაა შესაძლებელი და აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით მხოლოდ ბოლო ერთი თვის განმავლობაში ორი სხდომა გაიმართა.
„ამდენად, ბაგა-ბაღებში არსებული პრობლემების განხილვა კომისიაზეა შესაძლებელი და ახალი საგამოძიებო კომისიის შექმნას საჭიროებას ვერ ვხედავ“, - განაცხადა დეპუტატმა.
მისივე თქმით, იგი ორჯერ შეხვდა გათავისუფლებულ დირექტორებს და მათ მხარდამჭერ მშობლებს.
„მე შეხვედრები როგორც დირექტორებთან, ასევე მათ მხარდამჭერ მშობლებთან გავმართე, სადაც შევთანხმდით, რომ ბაგა-ბაღებში მონიტორინგისა და აუდიტის განხორციელება აუცილებელია, რადგან რისკის ქვეშ ვერ დავაყენებთ პატარებს“, - აღნიშნა ტალიაშვილმა.
კომისიის თავმჯდომარემ ბაგა-ბაღებში განხორციელებულ რეფორმებზეც ისაუბრა და ჟურნალისტებს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში განხორციელებული სამუშაოების, აშენებული ბაღების, განახლებული ინფრასტრუქტურისა და მოდერნიზებული სააღმზრდელო პროცესის შესახებ ვიზუალური მასალა წარუდგინა.