logo_geo
eng_logo
ზაზა შათირიშვილი: როგორც პლატონი აღნიშნავს: დედამიწაზე ბევრი წარღვნა იყო, მაგრამ ადამიანებს ხანმოკლე მეხსიერება აქვთ და ავიწყდებათო
- +

4 აპრილი. 2020. 13:31

 

 

გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა. ადამიანები სახლებში სხედან და რაღაცას ელიან. ყოველი მხრიდან ისმის შემაძრწუნებელი ინფორმაცია მთელი მსოფლიოდან. ხალხი, რომლისთვისაც აქამდე სულერთი იყო, რა ხდებოდა სირიაში, ავღანეთში, ლიბიაში, ე.წ. ცხელ ზონებში, დღეს ემპათიით განიმსჭვალა ერთმანეთის მიმართ. კორონამ მთელი მსოფლიო გააერთიანა.

 

ამ დღეებმა ყველაზე მეტად ალბერ კამიუს „შავი ჭირი“ გაგვახსენა, როცა ალჟირის სანაპიროზე მდებარე ქალაქ ორანში შავი ჭირის ეპიდემია (ნაციზმის ალეგორია) გაჩნდება, ქალაქი ჩაიკეტება და ორანელები ქალაქის პატიმრები ხდებიან. მოროდიორები იტაცებენ ყველაფერს, რისი წაღებაც შეუძლიათ, გვამებს კი ვერ აუდიან, ქალაქგარეთ გააქვთ და წვავენ. მართალია, ზამთრის მოახლოებასთან ერთად შავი ჭირის ეპიდემია სუსტდება და მარცხდება, ტრაგედიას გადარჩენის უდიდესი სიხარული ცვლის, გულგატეხილ ადამიანებს არც სჯერათ, რომ გადარჩნენ, მაგრამ შავი ჭირის ბაცილა არასდროს კვდება, მას შეუძლია, ათწლეულობით იძინოს და დადგეს ის დრო, როცა შავი ჭირი ისევ გაიღვიძებს.

 

რა დაღს დაასვამს ადამიანის ფსიქიკას კორონავირუსი და ვინ მიუდგება ამ მომაკვდინებელ სენს ფილოსოფიურად? ამის შესახებ For.ge-ს ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი ესაუბრა.

 

- ზოგიერთი ფიქრობს, რომ სამყარომ დაიმსახურა ის, რაც ახლა მის თავს ხდება და ეს კანონზომიერება ადამიანების არასწორი ცხოვრების გამოა. კორონავირუსის შემდგომ როგორ შეიცვლება მსოფლიო და ხომ არ დარწმუნდება კაცობრიობა, რომ ყველაფერი ანგარება და ფული არ ყოფილა, თურმე არსებობს სხვა ღირებულებებიც, რომლებიც დაგვავიწყდა ამ აჩქარებულ დროის ტემპში?

 

- თავისთავად, მოსალოდნელია ისედაც შეფერთხილი და ნირწამხდარი გლობალიზმის კიდევ უფრო შესუსტება შემდეგნაირი არგუმენტებით, რომ ე.წ. სამყაროს საზღვრები არ არის და არის აბსოლუტურად არარეალისტური. მომავალი თუ ახლანდელი პოლიტიკოსების არგუმენტაციაში გაჩნდება ერთ-ერთი სერიოზული არგუმენტი, ჩვენ რომ გვინდა სამყარო საზღვრების გარეშე, ყოველთვის არის მოსალოდნელი ეპიდემია. აქედან გამომდინარე, ეს იქნება ძალიან სერიოზული არგუმენტი ე.წ. ღია, ტრანსპარენტული და გლობალისტური სამყაროს წინააღმდეგ.

 

- ბოლო პერიოდში ადამიანებმა, მათ შორის, პოლიტიკოსებმაც, არასწორად აღიქვეს სამყარო, მათთვის სამყარო ფულის ირგვლივ ტრიალებდა, ეკლესიურად ამას მამონას მონობასაც უწოდებენ. სად დაიკარგა ნამდვილი ღირებულებები?

 

- მოგეხსენებათ, ყველა ადამიანი მოკვდავია, სოკრატე ადამიანია, მაშასადამე, სოკრატეც მოკვდავია. დღეს სოკრატე არის ნებისმიერი ჩვენგანი, მაგრამ, როდესაც საზოგადოებრივი იდეალი არის წარმატება, კარიერა და ასეთი რაღაცები, თითოეული ადამიანის ცხოვრებაში სიკვდილი შემოდის ძალიან მოულოდნელად და, გარკვეული აზრით, სიკვდილი ისეც გაიგება, როგორც წარუმატებელი კარიერული სვლა. როდესაც მთელი მოსახლეობა, სამყაროს დიდი ნაწილი დგება მომაკვდინებელი განსაცდელის წინაშე, ეს კიდევ ერთხელ შეგვახსენებს იმას, რომ ადამიანის ბოლოც დადება, რომ ყველა ადამიანი მოკვდავია. ყველა ტრადიციულმა რელიგიამ და ყველა ტრადიციულმა საზოგადოებამ ეს ჭეშმარიტება იცის, მაგრამ თანამედროვე მატერიალიზმზე ორიენტირებული სამყარო რაც უფრო ძლიერი აღმოჩნდა ტექნოლოგიურად, მით უფრო სუსტი აღმოჩნდა ფსიქოლოგიურად.

 

- შეიძლება, ამიერიდან ამგვარად დაიყოს ჟამთასვლა - კორონამდელი და კორონასშემდგომი პერიოდი? ისევე, როგორც ძველი წელთაღრიცხვისა და ახალი წელთაღრიცხვის პერიოდები?

 

- მოდით, ასე ვთქვათ, ბევრი ასეთი კორონა ყოფილა კაცობრიობის ისტორიაში. როგორც პლატონი აღნიშნავს თავის გენიალურ „ტიმეოსში“, ბევრი წარღვნა იყო, მაგრამ ადამიანებს ხანმოკლე მეხსიერება აქვთ და ავიწყდებათო. ასეთი განსაცდელი რაღაც პერიოდი ახსოვს ადამიანს, მაგრამ მერე ისევ ვარდება ინერციაში, ყოველდღიურობაში, რომელსაც ასეთი გამოხატულება აქვს, ერთი მხრივ, ყოველდღიური შრომა და ფუსფუსი, მეორე მხრივ, დროსტარება და ლხინი. ნოეს დღეებშიც ასე იყო, ხალხი ჭამდა, სვამდა, ქორწინდებოდა, შრომობდა, მერე მოვიდა წარღვნა და ყველა დაიღუპა. „ყველა დაიღუპაში“ იგულისხმება, რომ ყველაფერი დაიღუპა ის, რაც იყო ჩვეულებრივი, ანუ ყოველდღიურობა გაქრა. გარკვეული აზრით, დღესაც იგივე ხდება.

 

- ერთი რამ ცხადია, სამყაროს აჩქარებული ტემპი შენელებულია, არავინ არსად ჩქარობს, ყველა რაღაცას ელოდება...

 

- ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტია, ადამიანს ხომ დრო არ ჰქონდა არაფრისთვის, ახლა კი განგებამ თუ უფალმა ღმერთმა, ვისაც როგორ ურჩევნია, ისე ჩათვალოს, მოგვცა ეს დრო არა კარიერული წინსვლისთვის, არამედ დასაფიქრებლად, საიდან მოვდივართ, სად მივდივართ.

 

- ადამიანის ყოფიერებაზე დაფიქრება ახსენეთ, მაგრამ, ალბათ, დაფიქრდებიან ის ერთეულები, ვინც ისედაც ფიქრისკენ არის მიდრეკილი.

 

- ეს სიტუაცია ძალიან ბევრ ადამიანზე მოქმედებს. სახარება ვახსენეთ და იქ არის ერთი ადგილი, რომ ტურბულენციის დრო როცა მოვა, ადამიანებს გული შიშით გაუსკდებათ. მართლაც, ახლა ბევრი ადამიანი, განსაკუთრებით, დასავლეთში თავს იკლავს, რადგან ასეთ სიტუაციას ვერ უძლებს. თვითმკვლელობაზე უარესი რა შეიძლება იყოს. წარმოიდგინეთ, როგორი სუსტია თანამდეროვე ადამიანი, განსხვავებით ტრადიციული ადამიანისგან.

 

- თანამედროვე ადამიანებისგან განსხვავებით, ძველი ადამიანები უფრო იოლად გადაიტანდნენ ასეთ კორონანევროზს?

 

- აქ ვგულისხმობ იმ ტრადიციულ ადამიანებს, რომლებიც ორიენტირებულნი არიან მედიტაციაზე, ლოცვაზე. რა თქმა უნდა, ახლა ბაქი-ბუქი საჭირო არ არის, მაგრამ ტრადიციული ადამიანი ორიენტირებულია მარადიულ ღირებულებებზე.

 

- ტრადიციულმა ადამიანმა იცის, რომ „ესეც ჩაივლის“, როგორც სოლომონ ბრძენის ბეჭედზე ეწერა?

 

- ნამდვილად ესეც ჩაივლის, ყველა ადამიანი მოკვდავია და არ არის ისტერიკა საჭირო. როგორც ანდრეი ბოლკონსკი არ წვება ბრძოლის ველზე, იცის, რომ მოკვდება, მაგრამ ვერ ეღირსებით, მისთვის ღირსება უფრო მნიშვნელოვანია. ასეთი მომენტი თანამედროვე ადამიანისთვის უცხოა. მძიმეა განსაცდელის ხანა, მომაკვდინებელი სენის და განსაცდელის მოლოდინი. სხვათა შორის, „დეკამერონში“ ამბობს შავი ჭირი, მე ხუთასი მოვკალი და ათასები შიშით დაიხოცნენო. ყველაზე მძიმე პანიკის პანდემიაა.

 

- კორონაფსიქოზი ამიტომაც ეწოდა ამ პანდემიას.

 

- დიახ, ამიტომ უფალი უნდა შემოვიდეს ჩვენში და შეგვეწიოს, რომ ადამიანს მიანიჭოს მადლი დროის გაგების, შინაგანი ჩაღრმავების, ჭვრეტის. განგებამ მოცალეობა მოგვცა, ახლა საჭიროა მჭვრეტელობა.

 

- ამბობენ, ადამიანის გამოსასწორებლად ბოროტების ნახვას უფრო მეტი ეფექტი აქვს, ვიდრე სიკეთის მაგალითსო. ალბათ, კორონაც ერთგვარად ასეთი გამოვლინებაა.

 

- ამას თეოლოგები შეაფასებენ, მაგრამ ჩვენ, უბრალო ადამიანებმა, მათ შორის, ფილოსოფოსებმაც, უნდა ვთქვათ, რომ ანტიკურობაშიც, ქრისტიანულ კულტურაშიც ფილოსოფია მოიაზრება, როგორც ჭვრეტითი ცხოვრება. ჭვრეტით ცხოვრებას კი სჭირდება მოცალეობა. ღმერთმა მოგვცა ეს მოცალეობა, რომ ვიფიქროთ საკუთარი სულიერი, შინაგანი განვითარებისთვის.

 

- ფაქტობრივად, დღეს ყველანი გავხდით დიოგენეები და კასრებში ვართ გამომწყვდეულნი. ბიბლია ახსენეთ და იქაც ასეა, ოქრო ეყრება ქუჩებში, მაგრამ არავინ აიღებს; ადამიანებს ერთმანეთის დანახვა მოენატრებათ, დღეს დაახლოებით ასეთი აპოკალიფსური სურათია?

 

- კასრში, როგორც ციხის დილეგში... გავიხსენოთ სოკრატეს უკანასკნელი დღე, ანუ სხეული, როგორც სულის საპყრობილე. ადამიანს სულ უნდა ჰქონდეს ასეთი განცდა, რომ წუთისოფელი არის საპყრობილე. ანუ სულიერი განვითარებისთვის საჭიროა ის მოცალეობა, რომელიც ახლა მოგვცა უფალმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner