logo_geo
eng_logo
ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა მესტიაში სალოტბარო სკოლა გახსნა
- +

29 თებერვალი. 2016. 17:33


ფოლკლორის სახელმწიფო  ცენტრი სალოტბარო სკოლების გახსნის პროცესს განაგრძობს. მესტიაში მორიგი  სალოტბარო სკოლის პრეზენტაცია გაიმართა. ცერემონიაში კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორი გიორგი დონაძე მონაწილეობდნენ.

 

 

საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის  ინფორმაციით, დღეისათვის საქართველოს მასშტაბით სულ 14 სალოტბარო სკოლა ფუნქციონირებს. წელს კი მათი რაოდენობა კიდევ  გაიზრდება. კერძოდ,  სკოლების გახსნა მესტიის გარდა, უკვე დაგეგმილია ბაღდათის,  ონისა და  ცაგერის რაიონებშიც. მნიშვნელოვანია, რომ სალოტბარო სკოლებში პროფესიონალი და გამოცდილი სპეციალისტებია დასაქმებული, ამასთან, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი პედაგოგთა პროფესიული დონის ამაღლებაზეც ზრუნავს. აღნიშნული პროექტის განხორციელებაში ცენტრს ხელს უწყობენ და ეხმარებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.



„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეგიონის მასშტაბით სალოტბარო სკოლების რიცხვს კიდევ ერთი შეიმატა. ამჯერად,  ქალაქ მესტიაში  გაიხსნა სალოტბარო სკოლა, რომელიც ხელს შეუწყობს სვანური ფოლკლორის შენარჩუნებასა და განვითარებას. ამ დღესვე  დაჯილდოვდა ამ სკოლის კონსულტანტი, მთელ საქართელოში ცნობილი და საყვარელი ადამიანი, უდიდესი ლოტბარი და სვანური სიმღერის ლეგენდა ბატონი ისლამ ფილფანი", - აღნიშნა სალოტბარო სკოლის გახსნის ცერემონიალზე ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორმა გიორგი დონაძემ და ადგილობრივ ხელისუფლებას მხარდაჭერისა და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.



ღონისძიების დასასრულს, კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ უხუცეს მომღერალს, ისლამ ფილფანს ქართული ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, კულტურის სამინისტროს უმაღლეს ჯილდო - „ხელოვნების ქურუმი" გადასცა. მნიშვნელოვანია, რომ უკვე მე-4 ლოტბარია, რომელიც ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა აღნიშნულ ნომინაციაზე წარადგინა.



„ფოლკლორის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, რომელსაც კულტურის სამინისტრო ფოლკლორის ცენტრთან ერთად ახორციელებს, მესტიაში სალოტბარო სკოლა გაიხსნა, ამასთან ერთად, ბატონ ისლამ ფილფანს გადავეცით კულტურის სამინისტროს უმაღლესი ჯილდო, ეს ის ადამიანია, რომელმაც გადაარჩინა და ფაქტიურად შეინარჩუნა სვანური ფოლკლორი, ასევე დიდი დამსახურება მიუძღვის სვანური სიმღერის პოპულარიზაციასა და ახალგაზრდობის აღზრდაში. ის ამ ჯილდოს იმსახურებს. ასევე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ადგილობრივ ხელისუფლებას, ადგილობრივ გამგეობას და კულტურის სამსახურს  აქტიური ჩართულობისთვისა და დახმარებისთვის. ერთ-ერთი საუკეთესო შენობა გადაეცა მესტიის სალოტბარო სკოლას და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც ამ პროცესში გარკვეული წვლილი შეიტანა", - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

 

 

2015 წელს, საქართველოს მთავრობის ინიციატივითა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა, უნიკალური ქართული სიმღერის გადარჩენის, მოვლისა და პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს ყველა რეგიონის მუნიციპალურ ცენტრსა და თვითმმართველ ქალაქში სალოტბარო სკოლების გახსნა ეტაპობრივად დაიწყო. 2016 წლისათვის დაგეგმილია ყველა სალოტბარო სკოლისათვის საკრავებისა და ინვენტარის შეძენა და ინფრასტრუქტურის გამართვა. წარმომადგენლობების (ცენტრების) საქმიანობის ძირითადი მიზანია: ეთნოფორებთან მუშაობა, ფოლკლორული მასალების მოძიება, ჩაწერა-დაფიქსირება, არქივის შექმნა და ბაზის გამდიდრება. ადგილობრივი ცენტრების საქმიანობის ერთ-ერთი  ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი მხარეა მომავალი თაობისათვის სწავლება, ადგილობრივი კადრებისა და სპეციალისტების აღზრდა, ქართულ ფოლკლორში კუთხურობის შენარჩუნება და დამკვიდრება. ამ მიზნით, უკვე გახსნილ წარმომადგენლობებში შექმნილია სალოტბარო სკოლები  - სიმღერა-გალობა და  ქორეოგრაფიული განყოფილებები, მალე გაიხსნება ზეპირსიტყვიერებისა და სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების სახელოსნოები.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner