ავტორი ალა გრიგალაშვილი
„ის, რომ ვანო მერაბიშვილი უდანაშაულოა და პოლიტპატიმარია, როგორც ამას მისი ადვოკატი აცხადებს, ასეთი რამ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში არსად წერია", - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძემ „რეპორტიორს" განუცხადა.
მისი თქმით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში ვანო მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით, საუბარია ქართული სასამართლოს იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც იყო გამოტანილი საბოლოო განაჩენის მიღებამდე, რაც გულისხმობს იმას, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეხება მერაბიშვილის მიმართ გამოტანილ საბოლოო განაჩენს.
„საუბარია მხოლოდ 2 დარღვევაზე. ერთი ეხება მერაბიშვილის ადვოკატის განცხადებას მერაბიშვილის ციხიდან გაყვანასთან დაკავშირებით ჟვანიას საქმეზე. მეორე იყო ის, რომ სასამართლომ 2013 წლის 25 სექტემბერს უარი თქვა შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე, რომელიც დააყენა მერაბიშვილის ადვოკატმა, რომ აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულიყო. მაშინ სასამართლომ უარი თქვა შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე. სტრასბურგის სასამართლო კი მიუთითებს, რომ აღკვეთის ღონისძიების გამოყენება არ იყო დასაბუთებული. ამ 2 დარღვევის გამო სტრასბურგის სასამართლომ დააკისრა ქართულ მხარეს 12 000 ევროს გადახდა", - განაცხადა ხმალაძემ.
კომიტეტის თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება უნდა გასაჩივრდეს.
„თუ პროცედურულად შესაძლებელია ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება და რაიმე არასწორია, მიმაჩნია, რომ უნდა გასაჩივრდეს", - აღნიშნა პარლამენტარმა.
რაც შეეხება პოლიტპატიმრის საკითხს, ხმალაძის თქმით, მსგავსი რამ მერაბიშვილთან დაკავშირებით სასამართლო გადაწყვეტილებაში არ წერია.
„პოლიტპატიმრობის საკითხზე სასამართლო არ იზიარებს განმცხადებლის პოზიციას. ასეთ შემთხვევაში ჩვენებები უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ კვლევას კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით, ანუ პოლიტპატიმრობის საკითხზე დასმულ შუამდგომლობას სასამართლო არ იზიარებს. ის, რასაც ავრცელებენ, რომ მერაბიშვილი პოლიტპატიმარია და ეს წერია გადაწყვეტილებაშიო, არის ტყუილი", - განაცხადა ხმალაძემ.