logo_geo
eng_logo
ევრო 2016-ის პირველი ტურის შეჯამება
- +

15 ივნისი. 2016. 17:46


დასრულდა ევრო 2016-ის ჯგუფური ეტაპის პირველი ტური და შეგვიძლია შევაფასოთ, თუ რამდენად გაამართლეს გუნდებმა მოლოდინები. ერთი კი ფაქტია, მიმდინარე ტურნირი საკმაოდ დაძაბულად და საინტერესოდ გამოიყურება.


A ჯგუფი:

 

ტურნირის გახსნით მატჩში მასპინძელი საფრანგეთი რუმინეთს დაუპირისპირდა. მოლოდინისამებრ, მატჩის ფავორიტებს რუმინელებთან გამკლავება გაუჭირდათ, თუმცა დასახულ მიზანს მაინც მიაღწიეს და აქტივში 3 ქულა ჩაიწერეს. საფრანგეთი საკმაოდ დაბალანსებული და დიდი პოტენციალის მქონე გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებს და კვლავინდებურად რჩება ტურნირის მოგების მთავარ პრეტენდენტებს შორის.

რაც შეეხება რუმინეთს, გუნდმა ბევრი იბრძოლა, ანგარიშის გათანაბრებაც მოახერხა და პირველ შეხვედრაში განცდილი მარცხის მიუხედავად, ჯერ კიდევ ინარჩუნებს კარგ შანსებს 1/8 ფინალურ ეტაპზე გასასვლელად.


შვეიცარიამაც, თავის მხრივ, მოლოდინი გაამართლა და ალბანეთის დამარცხება მინიმალური სხვაობით, მაგრამ მაინც შეძლო. ნაკლებად სავარაუდოა, რომ შვეიცარიელებმა ოქროს მედლებისთვის ბრძოლაზე დიდი პრეტენზია გამოთქვან, თუმცა მათ თავისუფლად შეუძლიათ, საქმე გაუფუჭონ ნებისმიერ მეტოქეს და ტურნირზე მაქსიმალურად შორს გააღწიონ.

რაც შეეხება ალბანეთს, მათგან ბევრს არავინ ელოდა, თუმცა გუნდმა საკმაოდ ბრძოლისუნარიანი ხასიათი გამოაჩინა. მიუხედავად იმისა, რომ შვეიცარიასთან მე-5 წუთიდან აგებდნენ, უნდა აღინიშნოს, რომ 36-ე წუთიდან მოყოლებული, ალბანელები კაცნაკლულნი თამაშობდნენ და მაინც შეძლეს დიდი სხვაობით არწაგება.


ამჟამად A ჯგუფში საფრანგეთი და შვეიცარია 3-3 ქულით ლიდერობენ. მესამე და მეოთხე ადგილებს კი რუმინეთი და ალბანეთი (0-0 ქულებით) იკავებენ. ბევრ რამეს მეორე ტური გადაწყვეტს, რომელშიც საფრანგეთი ალბანეთს, რუმინეთი კი შვეიცარიას დაუპირისპირდება.


B ჯგუფი:

 

B ჯგუფში ყველაფერი ჯერ კიდევ გასარკვევია. პირველ მატჩში უელსმა სლოვაკეთთან 3 ქულის მოპოვება ძლივს მოახერხა (2:1). ბრიტანელები საკმაოდ დამაჯერებლად გამოიყურებიან, თუმცა რამდენად შეძლებენ გრანდისთვის წინააღმდეგობის გაწევას, გაურკვეველია, რადგან მიუხედავად იმისა, რომ გუნდში ბეილისა და რემზის დონის ფეხბურთელები ასპარეზობენ, მათ მხარდამხარ საშუალოზე დაბალი დონის სპორტსმენებს უწევთ თამაში.

მარცხის მიუხედავად, სლოვაკეთმა დიდი პოტენციალის გუნდის შთაბეჭდილება დატოვა. ფეხბურთელებს ერთი შეხედვითაც ეტყობათ, რამდენად კარგად არიან ფიზიკურად მომზადებულნი. მიუხედავად იმისა, რომ უელსთან მათ ქულების მოპოვება ვერ შეძლეს, ჯგუფიდან გასაღწევად შანსებს კვლავ ინარჩუნებენ.

რუსეთისა და ინგლისის ნაკრებების დაპირისპირებამ ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. ინგლისელები არა მხოლოდ აღნიშნული შეხვედრის, არამედ სრულიად ტურნირის ფავორიტებად ითვლებოდნენ, თუმცა იმან, რაც მოედანზე ვიხილეთ, ეს საკითხი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. 73-ე წუთზე დიერის გატანილ გოლს შეხვედრის არბიტრის მიერ კომპენსირებულ დროში ვასილი ბერეზუცკიმ ზუსტი თავურით უპასუხა და ტაბლოზე საბოლოო ანგარიში - 1:1 დააფიქსირა. უნდა აღინიშნოს, რომ შეუპოვარი ბრძოლის მიუხედავად, რუსეთის ნაკრები ნამდვილად არ ტოვებს შეღავათგასაწევი გუნდის შთაბეჭდილებას, ინგლისის ნაკრებს კი საკმაოდ საინტერესო სათადარიგოთა სკამი აქვს, რომლის ეფექტურად გამოყენებაზე როი ჰოჯსონმა პირველ მატჩში რატომღაც უარი განაცხადა. ვნახოთ, რის გაკეთებას მოახერხებენ გუნდები მეორე ტურში.

ამ  დროისათვის უელსი ჯგუფს 3 ქულით ლიდერობს. რუსეთისა და ინგლისის ანგარიშზე თითო ქულაა, სლოვაკეთი კი 0 ქულით ჯგუფის ფსკერზე იმყოფება. მეორე ტურში ინგლისი უელსს დაუპირისპირდება, რუსეთი კი სლოვაკეთთან მოსინჯავს ძალებს.


C ჯგუფი:

 

C ჯგუფმა ყველანაირი სიურპრიზების გარეშე ჩაიარა. გერმანიის ნაკრებმა უკრაინას 2:0 სძლია, პოლონეთმა კი ჩრდილოეთ ირლანდიასთან საჭირო 3 ქულა მოიპოვა (1:0). გერმანელები ჩვეულ ფორმაში არიან, პოლონელთაგან გაცილებით მეტს ველით, უკრაინამ მარცხის მიუხედავად მებრძოლი გუნდის შთაბეჭდილება დატოვა, ჩრდილოეთ ირლანდია კი შეგვიძლია ახლა განწირულად შევრაცხოთ. ამ  გუნდს ორივე დარჩენილ მატჩში უზომოდ გაუჭირდება თუნდაც ქულის მოპოვება.

ამ დროისათვის ჯგუფს გერმანია და პოლონეთი 3-3 ქულით ლიდერობენ, ბოლო ადგილებს კი ჩრდ. ირლანდია და უკრაინა 0-0 ქულებით იკავებენ. მეორე ტურში ეს უკანასკნელები ერთმანეთს დაუპირისპირდებიან, გერმანია კი პოლონეთთან შეეცდება საკუთარი ძალების დემონსტრირებას.


D ჯგუფი:

 

D ჯგუფისგან ალბათ ყველა უფრო სანახაობრივ დაპირისპირებებს ელოდა, თუმცა მატჩები საკმაოდ დაძაბული და ჩაკეტილი გამოდგა. ჯერ იყო და, ხორვატიამ მხოლოდ მოდრიჩის მიერ გატანილი ერთადერთი გოლით მოუგო თურქეთს, მერე კი ესპანეთმა სრული დომინირების მიუხედავად, მხოლოდ 87-ე წუთზე მოახერხა გამარჯვების მომტანი გოლის გატანა.

ესპანეთს, როგორც ყოველთვის, ბურთის ფლობაში ბადალი არ ჰყავს, თუმცა გადამწყვეტ ფაზაში გოლის გატანა გუნდს უჭირს. ამის გამო პარალელიკიდევ არაერთხელ გაავლეს დელ ბოსკეს მხრიდან ევრო 2016-ზე ტორესისა და დიეგო კოშტას არწაყვანასა და მომხდარს შორის. ჩეხეთი, ნაკლებად სავარაუდოა, რომ კონკურენტ გასაწევ ძალად წარმოჩინდეს გრანდებისთვის, თურქები ბევრს იბრძვიან, თუმცა კლასის ნაკლებობას განიცდიან, ხორვატია კი ჯგუფში ყველაზე დაბალანსებული და ბრძოლისუნარიანი გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებს.


ამ დროისათვის ჯგუფს ესპანეთი და ხორვატია 3-3 ქულით ლიდერობენ, ფსკერზე კი 0-0 ქულით ჩეხეთი და თურქეთი იმყოფებიან. მეორე ტურში ჩეხეთი ხორვატიას დაუპირისპირდება, ესპანეთი კი თურქეთს შეერკინება.


E ჯგუფი:

 

E ჯგუფი საკმაოდ საინტერესო გამოდგა. ირლანდიამ შვედეთს მოედანზე ნამდვილი ომი გაუჩაღა და მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრის 2/3 უფრო მაღალ დონეზე ჩაატარა, ბოლოს შვედების გააქტიურებას ვეღარ გაუძლო და მატჩი ფრედ - 1:1 დაასრულა. აღსანიშნავია, რომ ორივე გუნდი საკმაო პრობლემებს შეუქმნის იტალიასა და ბელგიას, რომლებიც ჯგუფის ფავორიტებად მიიჩნევიან. ამ უკანასკნელების ურთიერთშეხვედრა ალბათ ყველაზე მოულოდნელი შედეგით დასრულდა. თუ შემადგენლობას გადავხედავთ, იტალიელთა გვარები ბევრით ჩამოუვარდება ბელგიელთა ვარსკვლავურ თაობას, თუმცა მთავარი მწვრთნელების დუელში კონტემ მოტექე ბეჭებზე დადო და შეხვედრა 2:0 მოიგო. გარდა ამისა, ბელგიელებს გუნდურობა აკლიათ და გადამწყვეტ მომენტებში ვერ აგვირგვინებენ შეტევებს. შემადგენლობას აშკარად აკლია ტრავმირებული კომპანი. აზარი და დე ბრუინი კი ზედმეტად ბევრ შეცდომას უშვებენ. ვნახოთ რამდენად მოახერხებენ ბელგიელები პროგრამა მინიმუმის მიღწევას და ჯგუფიდან გასვლას.

ამ ეტაპზე E ჯგუფს 3 ქულით იტალია ლიდერობს. შვედეთი და ირლანდია მეორე ადგილს 1-1 ქულით იყოფენ, ფსკერზე კი 0 ქულით ჯგუფის ფავორიტი - ბელგია იმყოფება. მეორე ტურში იტალია შვედეთს, ბელგია კი ირლანდიას დაუპირისპირდება.


F ჯგუფი:

 

F ჯგუფის პირველი წრე ყველაზე არაპროგნოზირებადი გახლდათ. ჯერ იყო და, უნგრეთმა წყვილში ფავორიტად მიჩნეულ ავსტრიას 2:0 სძლია, შემდეგ კი პორტუგალიამ ისლანდიასთან დაკარგა ქულები (1:1). ავსტრიამ ბევრი მომენტი შექმნა, თუმცა გოლის გატანა ვერ მოახერხა, თანაც გუნდი 66-ე წუთიდან კაცნაკლული იყო. თავის მხრივ, უნგრეთმა მტკიცე ხასიათი და მიზანდასახულობა გამოიჩინა, რითაც შედეგს მიაღწია. პორტუგალია ჯერ კიდევ ჯგუფის ფავორიტად მიიჩნევა, თუმცა ასეთი თამაშით ოქროს მედლებისთვის ბრძოლა გაუჭირდება. რაც შეეხება ისლანდიას, გუნდმა პირველი თამაშით საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა და ვინ იცის, იქნებ მოახერხოს კიდეც 1/8 ფინალში გაღწევა და საკუთარი ისტორიის გადაწერა.

ამჟამად F ჯგუფს 3 ქულით უნგრეთი ლიდერობს, მეორე ადგილს პორტუგალია და ისლანდია იყოფენ (1-1 ქულით), ავსტრია კი 0 ქულით მეოთხე ადგილზე იმყოფება. მეორე ტურში ისლანდია უნგრეთს შეერკინება, პორტუგალია კი ავსტრიას.


შეგახსენებთ, რომ ტურნირის ფორმატის მიხედვით, 1/8-ფინალურ ეტაპზე ჯგუფიდან პირველ და მეორეადგილოსნები და ოთხი საუკეთესო მესამეადგილოსანი გავა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner