logo_geo
eng_logo
ბესო ზანგური: დაიკეტა ყველა სახლი, სადაც ეშმაკი ბუდობს და მხოლოდ ეკლესიის კარია ღია!
- +

4 აპრილი. 2020. 21:01

 

 

„ეს ვირუსი, ჩემი აზრით, ძლიერი ალიყურია მთელი მსოფლიოს მიმართ, იმისათვის, რომ აზრზე მოვიდეთ... რაღაცნაირად იქამდე მიგვიშვა განგებამ, სადამდეც შეგვიძლია და ჩვენ გავცილდით საკუთარ თავს, გავცილდით სამყაროს და ღმერთს ზემოდან დავხედეთ“, - ამის შესახებ რუსთაველის თეატრის მსახიობმა ბესო ზანგურმა „რეპორტიორთან“ განაცხადა.

რა შეიცვალა მას შემდეგ, რაც სახლში დარჩა, რამ განუმტკიცა რწმენა და როგორ იცავს თავს და ოჯახს 5 შვილის მამა ბესო ზანგური, ინტერვიუდან შეიტყობთ:

 

- დედამიწაზე ღვთის ნების გარეშე არაფერი ხდება. ეს განსაკუთრებით საქართველომ დაინახა. როდესაც ამბობდა უწმინდესი, რომ ხედავდა ცარიელ ქალაქებს, - არ დავუჯერეთ, როდესაც ყურადღება გაამახვილა პირად ჰიგიენაზე, თავი გავუტოლეთ მას და შეპასუხებაც ვცადეთ, რომ სირცხვილია ამაზე საუბარი 21-ე საუკუნეში, როდესაც პატრიარქმა ბრძანა, რომ ეკლესიებში მოხდება დისტანციით დგომა და ლოცვა, მისმა ნათქვამმა გამოიწვია უკმაყოფილება, მათ შორის, მართლმადიდებელი მრევლის და ღვთისმსახურების მხრიდანაც... სანამ არ დავდექით ფაქტის წინაშე. ადამიანები ყოველთვის ვეძებთ სასწაულებს, სასწაული კი ჩვენს თვალწინ ხდება. ადრე დავწერე, როდესაც ცოცხალი წმინდანი გვყავს, ჩვენი უწმინდესის სახით, არაფრის უნდა გვეშინოდეს-მეთქი და დაცინვის ობიექტად ვიქეცი. ეს იყო წინა ხელისუფლების დროს, როდესაც საინფორმაციო ომი მიმდინარეობდა ჩვენს წინააღმდეგ...

 

ეს ვირუსიც, ჩემი აზრით, ძლიერი ალიყურია მთელი მსოფლიოს მიმართ, იმისათვის, რომ აზრზე მოვიდეთ. ადამიანები მოვწყდით მთავარ ღერძს, რასაც ჰქვია არსებობის ღერძი, დავცილდით უფალს, პატრიარქიც ხელმისაწვდომი გახდა ჩვენთვის, ვისაც გვინდა, ვაგინებთ, ვისაც გვინდა, ტალახს ვესვრით და ამ ყველაფერს დემოკრატიას ვეძახით. რაღაცნაირად იქამდე მიგვიშვა განგებამ, სადამდეც შეგვიძლია და ჩვენ გავცილდით საკუთარ თავს, გავცილდით სამყაროს და ღმერთს ზემოდან დავხედეთ... დაგვავიწყდა, რომ ღმერთმა აიღო ტალახი, მოზილა, შთაბერა სული და ასე ვიქეცით ადამიანად. მერე კი გვითხრა, - მიწა ხარ და მიწად იქეც! სწორედ ამგვარი ქმედების გამო, თითოეული ადამიანის სიცოცხლე გაგვიხდა ახლა ყველაზე ძვირფასი.

 

- რა შეიცვალა პირადად თქვენთვის, იმის შემდეგ, რაც მსოფლიო „სახლში დარჩა“?

 

- გასაოცარია და რაღაცნაირად, ამ ცარიელმა ქუჩებმა უფრო მგრძნობიარე გაგვხადა, თითქოს უფრო ღრმად ჩავედით რწმენაში. დედამიწაზე ერთადერთი ქვეყანაა ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველო, სადაც  დაიკეტა ყველაფერი, ყველა სიძვის სახლი, ყველა სახლი, სადაც ეშმაკი ბუდობს, თუნდაც ჩემი სამყარო - თეატრი, რაც მიუღებელია სარწმუნოებისთვის, აბსოლუტურად ყველაფერი დაიკეტა და, ღვთის ნებით, მხოლოდ ეკლესის კარია ღია. ამიტომ მინდა, გავაძლიეროთ სიყვარული ერთმანეთის მიმართ, ცოტა ხნით გადავდოთ „ფეისბუქი“ გვერდზე და თითოეული ადამიანი, თუნდაც ოჯახის წევრი, გახდეს ჩვენთვის მეტად ძვირფასი. ღმერთს მეტი ჩვენგან არაფერი სჭირდება.

 

მე მაგალითად, ინტერნეტი თუ არ გამოვრთე სახლში, ერთ ოთახში ვერ შევკრებ ჩემი ოჯახის წევრებს. ყველას ნახვა როცა მინდა ერთად, ინტერნეტი უნდა გამოვრთო.

 

მთელი ჩემი არსებობა დამოკიდებულია პატარებზე, ჩემს შვილებზე, იმიტომ რომ 15 წლიდან ვარ მამა. 15 წლის რომ გავხდი, უკვე ხელში პატარა ბავშვი მეჭირა. ახლა 38 წლის ვარ და ისევ ბავშვი მიჭირავს, ამჯერად უკვე მეხუთე, გოგონა. ყოველთვის დიდ დროს ვატარებდი ბავშვებთან, მაგრამ ახლა მზად ვარ, თუნდაც საუკუნე სახლში დავრჩე, ოღონდ ჩემი შვილის თვალებში შიში და იმედგაცრუება არ დავინახო, რადგან ერთადერთი, ვინც ამ დედამიწაზე არაფერშია დამნაშავე, ეს არის ბავშვი. მეტად მგრძნობიარე გავხდი და ვცდილობ, სითბო შვილებს თანაბრად გადავუნაწილო, რადგან შეიძლება მეც დამემართოს ეს ვირუსი, იმიტომ რომ გამსვლელი და შემომტანი ოჯახში მხოლოდ მე ვარ. ვცდილობ, ყველანაირი წესების დაცვით, თუნდაც მაღაზიამდე მივიდე და მოვიდე და მინდა, ყველაფერი მოვასწრო დღესვე, რადგან ასეთი გამოცდის წინაშე დაგვაყენა განგებამ.

 

ამიტომ, თუკი ვინმე გადაწყვეტს, რომ ასეთ მძიმე დროს მთავრობის რეკომენდაციებს არ დაემორჩილოს და აქეთ-იქით იაროს, ჩახედოს თვალებში ნებისმიერ ბავშვს, თავის შვილს, მეგობრის ან მეზობლის შვილს და წარმოიდგოს, რომ ამ ბავშვის სიცოცხლე მის ხელთაა, მის პასუხისმგებლობაზეა დამოკიდებული... ეს არის ეპიდემია, რომელიც კლავს და ამის გათავისება ადამიანს არ უნდა გაუჭირდეს. სახლიდან გამსვლელი და წესების დამრღვევი ახლა, პირდაპირი მნიშვნელობით არის მკვლელი.

 

 

- ოჯახში, სადაც ამდენი ბავშვია, ალბათ განსაკუთრებული მეთოდები გაქვთ იმისათვის, რომ თავი მეტად დაცულად და უსაფრთხოდ იგრძნოთ?

- სახლში, სალოცავ კუთხეში მუდამ მინთია კანდელი. გაღვიძებისთანავე, პირველ რიგში, მოვწესრიდგებით და ვლოცულობთ, ვიცხებთ ზეთს, მერე ვუსვამ სპირტს ყველას ხელებზე, ცხვირთან... ნიორი რატომღაც, ბოროტებასთან მებრძოლი უძველესი საშუალება მგონია, თან ძლიერი ბუნებრივი ანტისეპტიკია და ამიტომაც, წესად შემოვიღე, რომ ყოველდღიურად მიიღონ ბავშვებმა. კატასტროფულად კი გაძვირდა, 30 ლარი გახდა კილოგრამი, მაგრამ ჯერჯერობით ისევ ვიყენებთ. შემდეგ გავდივარ მაღაზიაში და შემოსვლამდე, მანქანაშივე ვიცვლი ტანსაცმელს, ვიცვამ „სპორტულებს“ და ახალი ხელთათმანებით შემოვდივარ სახლში. პირბადეს მანქანაში ვტოვებ, ტანსაცმელს კი ვაგროვებ და ვრეცხავთ.

- პირბადესთან დაკავშირებით საინტერესო სტატუსი გქონდათ სოციალურ ქსელში, თუმცა, თქვენი მონათხრობი ასეთ მძიმე პერიოდს არ ასახავდა...

- დიახ, ძველი ამბავი გავიხსენე - ახალი მისული ვარ რუსთაველის თეატრში და ცა ქუდად არ მყოფნის, რუსთაველის თეატრის მსახიობი ვარ. ამავე დროს, ერთ უმაგრეს მსახიობთანაც ვძმაკაცობ, ერთად ვართ 24 საათი და მიდის სმა, ლექსები, ესენინი, შოსტაკოვიჩი, იური გაგარინი, მთაწმინდის პანთეონი, სოხუმი... მოკლედ, გაცივდა სადღაც ეს კაცი, ჩემი მეგობარი და დააწვინეს ხუდადოვზე, გავიგეთ, რომ აქვს ტუბერკულოზი... მონახულება გადავწყვიტე და დავურეკე, რა გინდა, რა წამოგიღო-მეთქი. დედაშენის გაკეთებული ლობიო იმერულად და მჭადები წამომიღეო, მითხრა. გავაკეთებინე დედას ლობიო, ჩავალაგე და მანქანით მამამ გამიყვანა. როცა მივუახლოვდით ხუდადოვს, ამოვაცოცე ჯიბიდან პირბადე და გავიკეთე სახეზე... გააჩერა მამამ მანქანა და მანქანიდან ჩადიო, მითხრა, ეს როგორ იკადრე ჩემმა შვილმა, ძმაკაცს როგორ უნდა აგრძნობინო, რომ ცუდადაა და გადადების გეშინიაო? მაგას ჯობია, გადაგედოს და გვერდზე მიუწვეო... ისეთ დღეში ჩამაგდო ამ პირბადის გამო, რომ შემრცხვა. მერე კი მოვუყევი ჩემს უფროს მეგობარს და ბევრიც ვიცინეთ ამაზე, მაგრამ ამით იმის თქმა მინდა, რომ საქციელი და ღირსებით ცხოვრება უნდა ვასწავლოთ შვილებს, თორემ ნიღაბზე არ არის აქ საუბარი. ასეთ შემთხვევაში აღარც ზედახორაში მიიღებენ მონაწილეობას და არც მიშასნაირი ადამიანის მოყვარულები გაიზრდებიან...  

- რომელ ზედახორას გულისხმობთ?

- იმას, რაც ზუგდიდში ამ შუა პანდემიის დროს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოაწყო... ბავშვს როდესაც აღზრდი მეგობრის სიყვარულის და კაცობის მაგალითით, ის მიშასნაირი ადამიანის მხარდამჭერი და მოყვარული ვერ იქნება. პირველი წესი, რაც სააკაშვილმა განახორციელა, პირველი მისი რეფორმა იყო, - ჩაუშვი ადამიანი და მიიღებ ფულად ჯილდოს!

მე ვარ ადამიანი, რომელმაც ითამაშა „მიხეილ სააკაშვილი“ რობერტ სტურიას სპექტაკლში და საკუთარ თავზე გადავიტანე, რას ნიშნავს ადამიანის გაწირვა, დაღუპვა, ადამიანის ჩარეცხვა... მან არა მხოლოოდ უფროსი თაობა, არამედ ყველა ის ადამიანი ჩარეცხა და გაწირა, ვისაც საწინააღმდეგო აზრი ჰქონდა, ვინც მას ხოტბა-დიდება არ შეასხა. მე ვერაფრით ვიქნებოდი ამ ადამიანთა სიაში, თუნდაც იმიტომ, რომ სხვა ღირებულებებით ვიყავი გაზრდილი.

ყოველთვის ვიდექი სიმართლის გვერდით, დაწყებული სააკაშვილის დროიდან, დამთავრებული ჩვენი მართლაც გენიალური პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას ჩათვლით, ვისაც ორივე ხელით ტაშს ვუკრავ და მივესალმები. ყველამ კარგად იცის, მე არა ვარ ის ადამიანი, რომ ვინმეზე ასეთ რამეს ადვილად ვიტყვი, მაგრამ ამ შემთხვევაში მართლა ორივე ხელით მივესალმები ექიმებს და მთავრობას, რომლებმაც სანიმუშო და თითით საჩვენებელი გახადეს მსოფლიოში ჩვენი ქვეყანა.

 

 

- მესმის, ახლა პოლიტიკაზე საუბრის დრო არ არის, მაგრამ არ მგონია, გარკვეული ოპოზიციური ძალები აღიარებდნენ იმას, რომ ჩვენი ქვეყანა პანდემიას სანიმუშოდ მართავს...

- ესენი არიან კორონაზე უარესი მავნე ჭირი, სარკომა რომ გაუჩნდება ადამიანს ტვინში, ასეთი მოუშორებელი ჭირი არიან, მაგრამ როდესაც გიწვევენ ქალაქის ცენტრში, ამ შუა პანდემიის დროს, იმ დროს, როდესაც შენი ქვეყანა მოწინავეთა რიგებში დგას, უნდა გეყოს ადამიანური, ქართული გენეტიკური კულტურა, რომ ზედახორა არ მოაწყო და თუნდაც უცხო ქვეყანას არ ათქმევინო, რომ აი, პირბადეების გამო რა დღეში არიან ამ თითით საჩვენებელ ქვეყანაშიო. რაც ნაციონალებმა ზუგდიდში გააკეთეს, ეს არის მავნებლობა, ეს არის ადამიანების გამიზნული მკვლელობა. ამით კიდევ ერთხელ დაგვანახეს, რომ ადამიანს მათთვის არანაირი ფასი არა აქვს.

დღეს ისე უჭირს ქვეყანას, აღარავის აინტერესებს სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“, დავიღალეთ... მაგრამ როდესაც ასეთ ზედახორას ქმნი შუა პანდემიის დროს, გინდა-არ გინდა, უნდა ილაპარაკო! როდესაც გამყრელიძეს ელაპარაკები ასეთი ტონით, ქვეყნისთვის თავდადებულ დაღლილ-დაქანცულ ადამიანს, თუნდაც პაატა იმნაძეს უწყობ ასეთ პროვოკაციას, არ შეიძლება, ამაზე არაფერი თქვა! გააგიჟეს ექიმები... მე ექიმის ოჯახიდან ვარ და ვიცი, რომ ამ ადამიანებს ყოველთვის შეუძლიათ, იუმორით დაიცვან თავი, რაც მათთვის ერთგვარი თვითგადარჩენის ინსტინქტია, მაგრამ გამოიყვანეს მდგომარეობიდან ეს მართლა ტვინით სავსე კაცები, აყვირეს პირდაპირ ეთერში... ძალიან ფრთხილად უნდა იყოს „ნაციონალური მოძრაობა“, იმიტომ, რომ ხალხს ნერვები აღარ აქვს, ერთი თუ აევსოთ მოთმინების ფიალა და გარეთ გავიდნენ, მერწმუნეთ, ისევ გახარიას და იმ პოლიციის დასაცავი გახდებიან, რომლებსაც აგინებენ და მერე ვეღარვინ უშველით!  

- გულისტკივილით აღნიშნავთ, რომ ტელეეკრანებზე მხოლოდ ერთსა და იმავე სახეებს ხედავთ და არავინ ცდილობს, რომ მაყურებელს სიახლე მიაწოდოს. რაიმე შეთავაზება ხომ არ გაქვთ ტელევიზიებისთვის?

- როდესაც „რუსთავი 2“ თავის კანონიერ მფლობელს დაუბრუნდა, რაღაცნაირად ველოდებოდი გამოხმაურებას ქიბარ ხალვაშის მხრიდან, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც გვერდში ვედექით, გვკითხავდა მაინც, რაიმე პროექტს ხომ არ შევთავაზებდით! ეს იქნებოდა ადამიანური რევერანსი ჩვენს მიმართ, ვისაც მისი დაცვის არანაირი ვალდებულება არ გვქონია, ვინც უბრალოდ ვიდექით სიმართლის მხარეს. ჩვენს დასაჭერ და მოსაკლავ სიას ადგენდნენ და ამას პირდაპირ ეთერში ამბობდა კიდევაც ნიკა გვარამია. ამისდა მიუხედავად, ჩვენ ვიდექით სიმართლის მხარეს. გასაგებია, ახლა ამის დრო არ არის, მაგრამ მე მაინც ყველას ვურჩევდი, გამოიყენონ და საზოგადოებას გააცნონ ახალი სახეები, შეგვეკითხონ ადამიანებს, იქნებ რა პროექტები გვაქვს დაწერილი, მიგვიშვან კაბინეტებამდე, დაამთავრონ ეს მდივნების პასუხგაცემების პერიოდი და დაგველაპარაკონ პირადად. ერთი და იგივე სახეები ყველგან, უკვე ძალიან მომაბეზრებელი და გამაღიზიანებელია მაყურებლისთვის. იმას არ ვამბობ, რომ ის ადამიანები გადასაყრელები არიან, მაგრამ ახლა სხვებსაც დაუძახონ! დაუძახონ ახალ თაობას, ახალი სახეები დაანახონ ადამიანებს... ყველამ ვიცით, რომ ნარკომანია ცუდია, ნარკომანია უკვე მაგარ გოიმობად ითვლება საქართველოში და ამას იმ თაობამ მიაღწია, რომელიც სწორედ ნარკომანიამ დაღუპა. ეს უკვე ვიცით, მაგრამ კიდევ ძალიან ბევრი თემაა, რაზეც შეიძლება რაღაც შექმნა და გადაიღო ამ ქვეყანაში. მოიწვიეთ, გაახარეთ მსახიობები, განიხილეთ ახალი პროექტები, გახადეთ ქართული ტელევიზია რეიტინგული და გადაახალისეთ ქართული კინო, თუ გინდათ, რომ ამ ყველაფერს ჩვენს ქვეყანაში მომავალი ჰქონდეს!

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner