„ვარშავაში ვილაპარაკებთ იმაზე, თუ რა დამატებითი საშუალებები არსებობს NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში თანამშრომლობის კუთხით", - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, თუ რა უშლის ხელს კონსენსუსს საქართველოსთვის MAP-ის მინიჭების თაობაზე.
„NATO-ს რაც შეეხება, ჩვენ ვიპოვეთ კარგი გადაწყვეტილება - პაკეტი, რომელიც საქართველოსთვის შევქმენით. ჩვენ საქართველოსთან მშვენივრად ვთანამშრომლობთ საერთაშორისო მისიებში. ვარშავაში ჩვენ ვილაპარაკებთ იმაზე, თუ რა დამატებითი საშუალებები არსებობს NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში საქართველოსთან თანამშრომლობის კუთხით. ამით, პრინციპში, ძალიან კარგი საფუძველი შევქმენით NATO-საქართველოს თანამშრომლობისთვის", - განაცხადა ანგელა მერკელმა.