“ჩვენ ამ ეტაპზე სწორედაც რომ ვიწყებთ პიკთან მიახლოებას,” - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარიძემ გადაცემა „იმედის კვირის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, კორონავირუსის შემთხვევების გავრცელების პიკი 5 აპრილისთვის იყო მოსალოდნელი.
„ეს იყო ზუსტად ის მოლოდინები და იმ შემთხვევაში იყო ეს მოლოდინები, თუ ჩვენ ვერ შევძლებდით სოციალური დისტანცირების ეფექტურ მართვას. მაგრამ ჩვენდა საბედნიეროდ, მთავრობის გუნდის ერთიანმა სტრატეგიამ გაამართლა და, რა თქმა უნდა, ჩვენი მოსახლეობის დადებითმა ჩართულობამ თავის შედეგი გამოიყო და ის მოლოდინები, რომლებიც ამ რიცხვისთვის იყო ნავარაუდები ჩვენი მეცნიერების მხრიდან ისე მწვავად არ გამართლდა. თუმცა, რა თქმა უნდა, მონაცემები მატულობს, რაც მოსალოდნელი იყო“, - აღნიშნა მინისტრმა.
მან კვლავ მოუწოდა მოსახლეობას დაიცვან სოციალური დისტანცირება, რათა ვირუსის გავრცელებას არ შეუწყონ ხელი.