ინგა გრიგოლიას კითხვას, თუ როგორი რეაქცია ჰქონდა „რეპორტიორის" ერთ-ერთ დამფუძნებელსა და გენერალურ დირექტორს გიორგი მამაცაშვილს ყოფილი პრემიერ-მინისტრის განცხადებაზე, სადაც ბიძინა ივანიშვილმა კილაძეს „სიცრუის ეტალონი და გამავრცელებელი" უწოდა, მამაცაშვილმა „TV პირველის" ეთერში გასცა პასუხი:
„მშვიდი იყო ჩემი რეაქცია. არც ქალბატონ ელისოს უჭირს სიტყვების მოძებნა. მას ნებისმიერ დროს შეუძლია პასუხის გაცემა მოპაექრე ადამიანისთვის. ბიძინა ივანიშვილმა, ალბათ, საჭიროდ ჩათვალა იმის თქმა, რაც მოვისმინეთ და თქვა კიდეც. კილაძეს, ალბათ, აქვს თავისი არგუმენტები და რამდენად სწორია, ეს საზოგადოების განსასჯელი საკითხია", - განაცხადა მამაცაშვილმა.
რაც შეეხება პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროებას, მამაცაშვილის თქმით, როგორც სხვა მრავალ საკითხში, ის არც ამ შემთხვევაში ეთანხმება ელისო კილაძის ვარაუდს, თითქოს ფარულ ჩანაწერებს ხელისუფლება ავრცელებს.
„გამოქვეყნებულ ფირებზე დღეს არ მსურს საუბარი. ხელისუფლებაში მრავალმხრივი განშტოებებია, ვინ იგულისხმება, მთავარი ესაა. მე გამოვრიცხავ, რადგან დღეს ყველაზე ნაკლებად ხელისუფლებას უნდა აწყობდეს მსგავსი რამ! ფარული ჩანაწერების გავრცელებაში ხელისუფლების კვალს ვხედავთ, ოღონდ ძველი ხელისუფლების კვალს! მე და ქალბატონი ელისო ბევრ საკითხში არ ვეთანხმებით ერთმანეთს და ესეც ერთ-ერთი შემთხვევაა, სადაც მე მას არ ვეთანხმები!", - განაცხადა მამაცაშვილმა.