სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ მედიასთან რეგიონში მიმდინარე საკითხებზე და კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო სამუშაოებზე ისაუბრა.
„ჯერჯერობით გვყავს 2 ინფიცირებული, რომლებიც მკურნალობენ ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში. სამ ადამიანს, რომელსაც კავშირი ჰქონდა გამოვლენილ შემთხვევასთან, არ დაუდასტურდა კორონავირუსი, თუმცა, მათი ანალიზები გაიგზავნება ხელახლა. ძალიან ბევრი კავშირი უფიქსირდება როგორც პირველად ინფიცირებულს, ასევე ამ სამ ადამიანს, ამდენად, რისკი მაღალია და ამიტომაც გადამოწმებას საჭიროებს. ასევე გამოვლენილია კონტაქტის კონტაქტები. მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო პოლიციას, განსაკუთრებით ბატონ ავთანდილ გალდავას - სამხარეო პოლიციის უფროსს და თითოეულ პოლიციელს, ძალიან სწრაფად და ოპერატიულად იმუშავეს და უმოკლეს დროში იქნა დადგენილი ყველა კონტაქტი, ვისთანაც ჰქონდა კავშირი როგორც ინფიცირებულს, ასევე იმ სამ პიროვნებას ვის ანალიზებსაც ვაგზავნით ხელახლა გამოკვლევაზე“, - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა.
სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, რეგიონში უკვე ფუნქციონირებს 7 „ცხელების ცენტრი“.
„ცხელების ცენტრებს“ შეუძლიათ საჭიროების შემთხვევაში 42 პაციენტის მიღება, უახლოეს დღეებში ველოდებით ასევე, რუხის საავადმყოფოს ფუნქციონირების დაწყებას“, - განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.
სახელმწიფო რწმუნებულმა კომენტარი გააკეთა ბაზრების საკითხზეც, მისი განცხადებით, დაიხურა სენაკის და ზუგდიდის აგრარული ბაზრები.
„სენაკის და ზუგდიდის ბაზრები დახურულია, რაც შეეხება ფოთს, იქ ფაქტიურად ფუნქციონირებს ერთი დიდი სუპერმარკეტი „უნივერსამი“ და ამავე დროს მინდა აღვნიშნო ის, რომ ფოთის ბაზარმა ძალიან სწრაფად შეძლო ყველა იმ რეკომენდაციის დაცვა, რომელიც ითვალისწინებს როგორც ნაღდ ფულთან კავშირს, ასევე დისტანციის დაცვას, ეს იქნება კარგი მაგალითი სხვა ბაზრებისთვის. ჩვენ არ ვაპირებდით ზუგდიდის ბაზრის დახურვას, თუმცა, მათ ვერ მოახერხეს რეკომენდაციების დაცვა, რაც შეეხება სენაკს, იქ უფრო რთულად იყო საქმე და ამიტომაც გადაწყდა დახურვა საბჭოს სხდომაზევე“, - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა.