ავტორი ნონა ქარქაშაძე
„გაჩნდა ვარაუდი, რაც გარკვეულწილად, ამ ბუნებრივი იარაღის ხელოვნურად წარმოშობაზე მიუთითებს, მაგრამ მერწმუნეთ, ეს ასე არ არის. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ეს არის შეთქმულების თეორია“, - ამის შესახებ პროფესორმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ვახტანგ მაისაიამ „რეპორტიორთან“ ინტერვიუში განაცხადა და აღნიშნა, რომ პანდემია, რომელმაც მსოფლიო დაიპყრო, არის ასიმეტრიული საფრთხე, რომლის პროგნოზირება და შედეგების გათვლა შეუძლებელია, თუმცა ეს არ შეიძლება იყოს ხელოვნურად შექმნილი საფრთხე.
მისი თქმით, ამ პანდემიის წინაპირობად შეიძლება განვიხილოთ ვირუსის კოსმოგენური წარმოშობა ან ე.წ. ღორის თუ ქათმის გრიპი, რამაც შემდეგ მუტაცია განიცადა და ასიმეტრიულ საფრთხედ ჩამოყალიბდა.
„გაჩნდა ვარაუდი, რაც გარკვეულწილად, ამ ბუნებრივი იარაღის ხელოვნურად წარმოშობაზე მიუთითებს, მაგრამ მერწმუნეთ, ეს ასე არ არის. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ეს არის შეთქმულების თეორია.
ბაქტერიების მოდიფიკაცია შეიძლება და ბაქტერიული იარაღის შექმნაც შესაძლებელია, მაგრამ ვირუსების ტექნოლოგიიდან გამომდინარე, მისი ხელოვნურად გამოწვევა, ფაქტობრივად, შეუძლებელია. გარდა ამისა, აბსოლუტურად ყველა ქვეყანამ მიიღო უდიდესი ზარალი, მათ შორის იმ ქვეყნებმაც, რომლისკენაც ხელს იშვერდნენ და, აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, საკუთარ თავს არავინ დააზარალებდა. ამიტომ გამოვრიცხავ, რომ ეს ხელოვნურად შექმნილი საფრთხე იყოს.
ბიოლოგიურ აგენტებს გააჩნიათ ბუნებრივი წარმოშობის რაობა და აქვთ თავისი წინაპირობები, რაც შეიძლება ეკოლოგიურ პრობლემებს ან გლობალური დათბობასაც უკავშირდებოდეს. ამ პანდემიის წინაპირობად შეიძლება განვიხილოთ ე.წ. ღორის ან ქათმის გრიპიც, რამაც შემდეგ მუტაცია განიცადა და ასიმეტრიულ საფრთხედ ჩამოყალიბდა. ზოგი ფანტასტიკურ მოსაზრებასაც ავითარებს და აცხადებს, რომ ეს არის ვირუსის კოსმოგენური წარმოშობა, რაც მეტეორის ჩამოგდებას უკავშირდება. ეს სცენარი მე რეალურთან მიახლოებული მგონია. შესაძლოა, ასეც მოხდა და ვირუსმა მიიღო სწრაფი მუტაციის უნარი“, - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.