ავტორი ნონა ქარქაშაძე
„სააკაშვილისნაირი პითეკანტროფები ცდილობდნენ, ყველაფერი დაენგრიათ და ახალი ტიპის ადამიანი შეექმნათ, მაგრამ დღესაც თვალნათლივ ჩანს, მათი ქმედებიდან გამომდინარე, რომ სახელმწიფოს რაც უფრო ცუდი დაემართება, მეტად გაუხარდებათ“, - ამის შესახებ პროფესორმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაიამ „რეპორტიორთან“ საუბარში განაცხადა.
მისი თქმით, საამაყოა, რომ საქართველო გახდა Covid-19-თან მებრძოლი წარმატებული ქვეყანა მსოფლიოს რუკაზე, თუმცა, გარკვეული დესტრუქციული ძალები ცდილობენ, ჩვენი ქვეყნის მიღწევები დააკნინონ.
„ჩვენ ყოველთვის მაღალი დონის სპეციალისტები გვყავდა სამედიცინო სფეროში, მათ შორის ბიოლოგიური მიმართულებით და ასეა ახლაც. მართალია, წინა რეჟიმი შეეცადა ყველაფერი დაენგრია, ისევე, როგორც ბოლშევიკები შეეცადნენ, წაერთმიათ ჩვენი ქვეყნისთვის რელიგია და ამოეძირკვათ ჩვენი კულტურულ-ისტორიული მეხსიერება, მაგრამ მათ ეს ვერ მოახერხეს. სწორედ ასეთი იყო სააკაშვილის რეჟიმი. მისნაირი პითეკანტროფები ცდილობდნენ, ყველაფერი დაენგრიათ და ახალი ტიპის ადამიანი შეექმნათ, მაგრამ არ გამოუვიდათ და ამ მიზნით დღესაც დესტრუქციულ ქმედებებს ახორციელებენ, დღესაც იგივეს ცდილობენ და თვალნათლივ ჩანს მათი ქმედებიდან გამომდინარე, რომ სახელმწიფოს რაც უფრო ცუდი დაემართება, მეტად გაუხარდებათ. ამ ყველაფერს ცხადად ვხედავთ თუნდაც „ნაციონალური მოძრაობის“ სააგიტაციო ტელევიზიებისა და მასმედიის წარმომადგენლების მხრიდან, რომლებსაც მე ჟურნალისტებს ვერ დავარქმევდი, ესენი არიან ბოლშევიკური სულისკვეთებით გამსჭვალული აგიტატიორები. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება აღარ ჰყვება მათ პროვოკაციულ ქმედებებს და სახელმწიფო და საზოგადოება ერთად იბრძვის ამ სენის წინააღმდეგ.
საამაყოა, რომ საქართველო გახდა Covid-19-თან მებრძოლი წარმატებული ქვეყანა მსოფლიოს რუკაზე. მალე ზაფხულიც მოვა, მზიანი ამინდები დადგება და ეს კიდევ ერთი წინაპირობაა ვირუსის დასამარცხებლად. იმედია, ჩვენი ქვეყანა ამ ომს ბოლომდე წარმატებით გაართმევს თავს“, - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.