ევრო 2016-ის მიმდინარე გათამაშების ჯგუფური ეტაპის მეორე წრე რუსეთისა და სლოვაკეთის დაპირისპირებამ გახსნა. შეხვედრა საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოდგა.
პირველივე წუთებიდან სათამაშო უპირატესობას სლოვაკები ფლობდნენ და მეტოქეზე ერთი თავით მაღლა გამოიყურებოდნენ. 32-ე წუთზე, მარეკ ჰამშიკის საუცხოო პასით ვლადიმირ ვაისმა ისარგებლა, მარტივი მოიძრაობით ორი ოპონენტი ჩამოიშორა და ზუსტი დარტყმით ანგარიში გახსნა - 1:0. პირველი ტაიმის ბოლო წუთზე კი, მარეკ ჰამშიკმა მარცხენა ფლანგიდან საოცარი ტრაქეტორიით მოჭრა ბურთი და აკინფეევს აუღებელი გოლი გაუტანა - 2:0.
თითქოს ყველაფერი ისე მიმდინარეობდა, რომ სლოვაკებს დაგეგმილი 3 ქულის მოპოვება არ უნდა გასჭირვებოდათ, თუმცა რუსები ნელ-ნელა დაეუფლნენ ბურთის ფლობას, მოუხშირეს შეტევებს და მეტოქეზე წნეხიც გაზარდეს, რამაც მე-80 წუთზე დენის გლუშაკოვის მიერ, ზუსტი თავურით გატანილი გოლი გამოიწვია. დარჩენილ დროში რუსებმა სლოვაკთა კართან შტურმი მოაწყეს, თუმცა არაერთი მცდელობის მიუხედავად, მეტი გოლი აღარ გასულა - სლოვაკეთმა უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვა.
შეგახსენებთ, რომ B ჯგუფის მეორე ეტაპის მეორე მატჩი ინგლისისა და უელსის ნაკრებებს შორის ხვალ, 16 ივნისს, თბილისის დროით 17:00 საათზე გაიმართება. ამ დროისათვის სლოვაკთა აქტივში 3 ქულაა, რუსები კი 1 ქულას სჯერდებიან.