საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ზვიად კვაჭანტირაძემ „ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა, რომ ავადსახსენებელი „ნაციონალური მოძრაობის" პერიოდში გერმანიისთვის საქართველო რუკაზე აღარ არსებობდა და მთავრობასთან კონტაქტები არ იყო.
დეპუტატის შეფასებით, საქართველოს პრემიერი-მინისტრის გერმანიაში ჩასვლა უმნიშვნელოვანესია, რადგან გიორგი კვირიკაშვილი თავის კოლეგას უშუალოდ შეხვდა.
„ჩვენთვის ხშირი პირდაპირი კონტაქტები ძალიან მნიშვნელოვანია. გერმანიასთან მუშაობა უნდა გავაასმაგოთ. ავადსახსენებელი „ნაციონალური მოძრაობის" პერიოდში, გერმანიასთან ურთიერთობებში ძალიან დიდი პაუზა გვქონდა და პირდაპირ ვამბობ, რომ გერმანიისთვის საქართველო რუკაზე აღარ არსებობდა, მთავრობასთან კონტაქტები არ იყო. იცით, რომ მიხეილ სააკაშვილს ანგელა მერკელი არ აღიქვამდა და მასთან ურთიერთობის განვითარების სურვილი არ ჰქონდა. ჩვენი ხელისუფლების პირობებში, წინა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიაში ოფიციალური ვიზიტით რამდენჯერმე იმყოფებოდა. ეს ურთიერთობები გრძელდება და გიორგი კვირიკაშვილის დღევანდელი ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია", - აცხადებს ზვიად კვაჭანტირაძე.
მისივე თქმით, დღევანდელი კომენტარები და კითხვებზე გაცემული პასუხები იმაზე მეტყველებს, გერმანია საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციის გზაზე წინააღმდეგობას არ ქმნის და არ შექმნის.
„გარკვეული უწყებრივი ინტერესები გამოიხატა, რომელიც თუნდაც ჩვენი აქტივობებიდან გამომდინარე, მოსალოდნელი აღარ იყო. გახსოვთ, რომ ჩვენი შს მინისტრი გერმანელებს შეხვდა და ყველა ფედერალური მიწა მოიარა. ჩემი აზრით, კრიმინალური საკითხის წამოწევა ხელოვნურად პედალირებული თემაა. 455 ბინის ქურდობა ძალიან ცუდია, მაგრამ ქართველები კრიმინალის სტატისტიკაში 24-ე ადგილზე არიან. ჩემთვის ისიც გაუგებარია, რომ კრიმინალებს ეროვნებებად ვყოფთ. ევროპელებისგან ასეთი მიდგომა ცოტა მიკვირს. მით უმეტეს, გამიკვირდება, თუკი ეს შეიძლება სერიოზული არგუმენტი გახდეს ვიზა-ლიბერალიზაციის გზაზე", - განაცხადა კვაჭანტირაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ელის, რომ ვიზა-ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილება საპარლამენტო არჩევნებამდე იქნება მიღებული, ხოლო „მექანიზმი წლის ბოლომდე ჩაირთვება".