logo_geo
eng_logo
გიორგი ახვლედიანი: ხიდაშელი აშშ-ის ელჩის ბრძანებით მიღებულ თანამდებობას ადვილად არ დათმობს!
- +

29 თებერვალი. 2016. 18:11



„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" წევრს გიორგი ახვლედიანს საგარეჯოს არჩევნების საქმის გამოძიების დაწყება მიზანშეწონილად მიაჩნია. „ვფიქრობ, სამართალიანობის თვალსაზრისით, გამოძიების ჩატარება ძალიან კარგი იქნება", - აცხადებს ახვლედიანი.


როგორც ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა „რეპორტიორთან" საუბრისას აღნიშნა, თანამედროვე ცივილიზებულ ქვეყნებში, როდესაც თანამდებობის პირების საქმესთან დაკავშირებით ძიება მიმდინარეობს, ისინი უფლებამოსილებას იჩერებენ. თუმცა, თინა ხიდაშელის შემთხვევაში, ახვლედიანს მოლოდინი არ აქვს, რომ თავდაცვის მინისტრი საგამოძიებო პროცესის დასრულებამდე თანამდებობას დატოვებს.


„ხიდაშელი თანამდებობას არ დატოვებს. დემოკრატიულ ქვეყანაში პოლიტიკოსები ქვეყნისა და საკუთარ იმიჯს უფრთხილდებიან და როდესაც მათთან დაკავშირებულ საქმეზე ძიება მიმდინარეობს, იღებენ გადაწყვეტილებას და ტოვებენ თანამდებობას, რათა გამოძიებას ხელი არ შეუშალონ თანამდებობრივი ბერკეტებით. ეჭვი მეპარება, ხიდაშელმა ანალოგიური გააკეთოს და ასე იოლად დათმოს თანამდებობა, რომელიც მას აშშ-ის ელჩის ბრძანების შემდეგ ერგო", - განაცხადა ახვლედიანმა.


რაც შეეხება კონკრეტულად არჩევნებს, ახვლედიანის შეფასებით, ხელისუფლებამ არც კი დამალა და აშკარად გამოიყენა ადმინისტრაციული რესურსები საკუთარი კანდიდატის სასარგებლოდ.


„გაერთიანებული დემოკრატიულ მოძრაობას" საკმაოდ გამოკვეთილი პოზიცია ჰქონდა საგარეჯოს არჩევნებთან დაკავშირებით. კონკრეტულად გვქონდა გაცხადებული, რომ ამ არჩევნებზე მოხდებოდა ზუსტად ის, რაც ვნახეთ - თუ როგორი უპირატესობით ისარგებლა სახელისუფლებო კანდიდატმა არჩევნების დროს.

 

მოხდა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ხმების გაყალბება და ეს მოხდა გაცხადებულად, თავხედურად. არც კი იზრუნა ხელისუფლებამ, შეეფუთა და დაემალა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტები.

 

თავდაცვის მინისტრი დემონსტრაციულად ითვლიდა ბიულეტენებს, ხმამაღლა აცხადებდა სახელისუფლებო კანდიდატის მიმართ მხარდაჭერას. კი, გასაგებია, რომ არ იყო იმ 500 ჯარისკაცის ხმა გადამწყვეტი, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი რომ აღმოჩნდა, ესეც ყველამ დაინახა", - განაცხადა ახვლედიანმა.

 

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner