logo_geo
eng_logo
გია ნიკოლაძე: ამ სიმღერაში 40 ათასი ლარი გადამიხადეს...
- +

8 აპრილი. 2020. 00:37

 

 

 

“შესანიშნავი შვიდეული კოვიდ 19-ის წინააღმდეგ” – ასე ასათაურებს გია ნიკოლაძე თავისი სიმღერის, “მიდი, მიდი, მოვდივარ” შეცვლილ ვერსიას, რომელსაც ეპიდემიაზე მორგებული ტექსტით შვიდი შემსრულებელი ჰყავს – მომღერლები და მსახიობები.

 

 

არ ელოდა, რომ სახლებიდან მომღერალ შვიდეულს ასეთი გამოხმაურება ექნებოდა. იდეა “ქართული ხმების” წევრისგან, კახა გრიგალაშვილისგან და მსახიობ პაატა გულიაშვილისგან წამოსულა.

 

 

გია ნიკოლაძე: – “შეხედე რა კაცია, ნახე, რა მამაცია”, ექიმებს უხდება და ამიტომაც ამ სიმღერაზე გავაკეთეთ არჩევანი. და ასე სახლებში ჩავწერეთ მე, ჩემმა ძმამ სანდრომ, პოეტმა გაგა გომართელმა, მსახიობებმა – ზუკა პაპუაშვილმა, პაატა გულიაშვილმა და მომღერლებმა – კახა გრიგალაშვილმა და გია დავითიანმა…

 

 

– რომელი ფრაზა მოგწონთ?

 

 

– “მიდი, მიდი, კორონა, დაახვიე აქედან”, “საქართველოს ექიმებო, უშიშარო გულებო”… ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი, რომ ამ სიმღერის გადაკეთება მომიხდებოდა. ეს სიმღერა საქართველოს მასშტაბით ყველაზე ძვირადღირებული სიმღერაა, რეკორდი აქვს მოხსნილი.

 

 

სიმღერა 2003-2004 წელს დავწერე და 2012 წლის არჩევნებზე გამოსაყენებლად ამ სიმღერაში 40 ათასი ლარი გადამიხადეს. ჰიმნური სიმღერაა. ადრე ჟურნალისტებმაც ჩაწერეს “ნანიკოს შოუში”. ჩემთვის არც უკითხავთ ისე, მაგრამ გამიხარდა.

 

 

ძალიან მინდა მასზე კლიპის გადაღება. ეროვნული ქართული კლიპი გამოვა. მაგრამ ახლა ისეთი სიტყვა უნდა ვთქვათ, რომ მსოფლიოს ყურადღება მივიპყროთ.

 

 

22 აპრილს დედამიწის დღეა და მას მთელი მსოფლიო აღნიშნავს, ყველგან განსხვავებულად აღინიშნება. შევეცდებით ჩვენი სიტყვა ჩვენც ვთქვათ. ჩელენჯი, გამოწვევა უნდა ავაგოროთ, დედამიწის დატკბობის მოწოდებით.

 

 

დედამიწა, ცოცხალი ორგანიზმი, ყველასთვის ერთი – უნდა გავაღმერთოთ, მხატვრულად. მას დასვენება სჭირდება და დაისვენა კიდეც.

 

 

ეს ყველაფერი დედიმიწის მიერაა გაკეთებული. სიკვდილის შიში აჩერებს ადამიანს, მეტი ვერაფერი. ჩვენ სიკვდილის გვეშინია, არ ვიცით, მერე რახდება.

 

 

დედამიწამ იცის, სხვადასხვა შვილებში – მცენარეებში, ცხოველებსა და ფრინველებში გარდაგვცვლის. მისთვის ეს ცუდი პროცესი არ იქნება, ჩვენთვის კი სტრესია. თითოეულ გარდაცვლილზე ვწუხვარ. მაგრამ სხვანაირად არ გამოდის.

 

 

უცხო პლანეტელების ობიექტები მომრავლებულა კოსმოსში. ფოტოები ვრცელდება. რომის პაპი ამბობდა და ახლაც ამბობს, უცხო პლანეტელ და-ძმას გაიცნობთო.

 

 

მე მგონი, გარდაიქმნა სამყარო, გარდაიქმნებიან ადამიანებიც.

 

 

აი, ჩემი ახალი ლექსი ამ თემაზე.

 

 

 

“დედა ბუნება განრისხდა, რით ხართო სხვებზე ჭკვიანი და გამოკეტა სახლებში პირ უტყვი ადამიანი.

 

თქვენ ჩემი ენა არ გესმით როგორც დედაღმერთს ვერ მცნობთო, ვერაფერს ხედავთ ვერ ხვდებით

 

და ვერაფერსაც ვერ გრძნობთო…

 

ხორბალი ჩემი ხორცია, ღვინო კი ჩემი სისხლიო. ჩემი სულია რომ სუნთქავთ და რომ გგონიათ ნისლიო.

 

ყველას ღამურის შიში გაქვთ, აკაკის ჩათვლით თანაო, ღამურა ჩემი ელჩია, სხვა არ მყავს ამისთანაო.

 

როცა ეგ შიში გაგივლით, ვირუსიც მაშინ ჩაცხრება, ვისაც ღვთისშვილის ზიზღი აქვს, ღვთისშვილი როგორ გახდება?!

 

რა შეუძლია ღამურას, მაქსიმუმ თმაში ჩაფრენა, არც სენი დაგემართება, არც კიბო და არც განგრენა…

 

შიში კი არა ზიზღი გაქვთ, დედაბუნების ქმნილების, თქვა და ილეთი გვაჩვენა ღვთის წესის დამორჩილების.

 

ცარიელია ქუჩები, არკოცნა ტრფობად ითვლება, ვერავის წარმოგვედგინა, ფსიქო თუ ასე იცვლება.

 

ცარიელია ტაძრები და მექაც ცარიელია, ბუნება ხალხის გარეშეც ღვთიურად მშვენიერია,

 

თავს მივიჩნევდით მასპინძლად სტუმრები ამა ქვეყნისა, უვიცნი უცოდინარნი, დედა ქალღმერთის ენისა

 

დედა ბუნება განრისხდა, რით ხართო სხვებზე ჭკვიანი და გალიაში ჩაკეტა პირ უტყვი ადამიანი…”

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner