„როცა მიდიან დიდი ოჯახიდან, შემდეგ ოჯახის კრიტიკოსები ხდებიან", - ამის შესახებ კონსერვატორების ერთ-ერთი ლიდერი ბიძინა გუჯაბიძე აცხადებს, რომელიც იმ პარტიებზე საუბრობს, რომლებმაც მმართველი კოალიცია დატოვეს და ხელისუფლების კრიტიკის რეჟიმზე გადავიდნენ.
მისი თქმით, რამდენად გამართლებულია ამგვარი ქმედება, ამას ამომრჩეველი განსაზღვრავს.
„თავიანთი წასვლა რაღაცით ხომ უნდა გაამართლონ, უნდა დაასაბუთონ, რატომ არ გაჩერდნენ კოალიციაში. ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური ხრიკია. ამას მათ ვერავინ დაუშლის, მაგრამ, რამდენად სწორი და ობიექტურია, ამომრჩეველმა განსაზღვროს", - ამბობს დეპუტატი.
რაც შეეხება კოალიციას, გუჯაბიძის თქმით, გუნდში ყოველთვის იყო აზრთა სხვადასხვაობა.
„პოლიტიკური კრიტიკა ყოველთვის იყო, კრიტიკა შეიძლება გაგეზიარებინა, შეიძლება - არა, მაგრამ ამაზე ამბავი გარეთ არ გამოდიოდა და არც უნდა გამოსულიყო, თუმცა ნაკლოვანებებზე არც ჩვენ ვხუჭავდით თვალს. დღეს პარტიებს მეტი თავისუფლება აქვთ და რაც უნდათ, იმას ამბობენ", - აცხადებს გუჯაბიძე.