logo_geo
eng_logo
„უსაფრთხო სოფელი“ - ინიციატივა, რომელმაც მედია, ხელისუფლება, ბიზნესი და საზოგადოება გააერთიანა!
- +

8 აპრილი. 2020. 14:35

 

 

ძვირფასო მკითხველო, ინიციატივას, რომლის შესახებ გასულ კვირას ფეისბუქ-გვერდზე გამოვაქვეყნე, შევქმნათ ქართულ სოფლებში უსაფრთხო გარემო ახალი კორონავირუსის ეპიდემიის ფონზე, ორი რაიონის - გურჯაანის და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერები გამოეხმაურნენ.

 

 

მოგეხსენებათ, დღეს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. მსოფლიო და მათ შორის, საქართველო ებრძვის უხილავ მტერს. ჩვენ კი ამ ბრძოლაში მეტად მნიშვნელოვანი როლი გვაკისრია.

 

 

საქართველოს მთავრობა და სამედიცინო სექტორი საკმაოდ მომზადებული დახვდა აღნიშნულ გამოწვევას, თუმცა, მიმაჩნია, რომ ამ ბრძოლაში თითო აგური ყველამ უნდა დავდოთ, როგორც სახლში დარჩენით, ასევე ჩვენი აქტიურობით!

 

 

პირადად მე, „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი მეგი საჯაია, დისტანციური შრომის რეჟიმზე ვარ გადასული და შვილებთან ერთად გურჯაანის რაიონის სოფელ ვაზისუბანში ვიმყოფები. რაიონის მასშტაბით მუშაობს აფთიაქები, მაღაზიები, თონეები, სადაც შეძლებისდაგვარად იცავენ უსაფრთხოების ნორმებს, თუმცა, სოფლებში კორონავირუსის პანდემიად გამოცხადების შემდეგ განსაკუთრებული ხალხმრავლობა შეინიშნება.

 

 

ჩემი მეუღლის, ექიმი-ეპიდემიოლოგის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორის ოთარ ჩოკოშვილის რეკომენდაციით და მითითებებით, გადავწყვიტე, გამეკეთებინა სპეციალური ხსნარებით გურჯაანის რაიონის სოფლებში არსებული მუშა-დაწესებულებების დეზინფექცია და იქ დასაქმებული პერსონალის დატრენინგება უსაფრთხოების ნორმების დასაცავად. აქტივობაში მოხალისეებად ჩაერთვნენ ჩემი უახლოესი ნათესავები გიგა საჯაია, შალვა აბრამიშვილი და ნიკა ბეზარაშვილი, ასევე, ჩემი კოლეგა საბა ჯაბუშანური, რომელმაც 600 ლიტრი სადეზინფექციო ხსნარი ჩამოგვიტანა თბილისიდან. ჩვენი პროექტის რიგითი მოხალისე გახდა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი, ბატონი არჩილ ხანდამაშვილი და რაიონის ყველა სოფელში მისი რწმუნებული პირი. „უსაფრთხო სოფელის“ ინიციატივას გამოეხმაურა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ერბოწონაშვილიც, რომელმაც 200 ლიტრი სადეზინფექციო ხსნარი დაჩქარებული წესით შეიძინა საკუთარ მუნიციპალიტეტში შემავალი სოფლებისათვის.

 

 

აღსანიშნავია, რომ პროექტში ჩაერთო ბიზნესმენი - კომპანია „კ-მოტორსის“ დამფუძნებელი კახა კუმელაშვილი, რომელმაც 200 ლიტრი „ანოლიტი სუპერი“ საგარეჯოს, ხოლო 100 ლიტრი სადეზინფექციო სითხე გურჯაანის სოფლებში გამოსაყენებლად გადმოგვცა.

 

 

მას შემდეგ, რაც საქართველოს საინჟინრო აკადემიის სამედიცინო-ტექნიკური ცენტრის ხელმძღვანელმა თენგიზ ცეცხლაძემ გაიგო ჩვენი ინიციატივის შესახებ, 300 ლიტრი ეკოლოგიურად სუფთა სადეზინფექციო საშუალება „ანოლიტი ანკ სუპერი“ - „უსაფრთხო სოფლის“ ინიციატივის ფარგლებში უსასყიდლოდ გადმოგვცა. დღეიდან რაიონის მასშტაბით არსებულ დაწესებულებებში სადეზინფექციო სამუშაოებს საგარეჯოს მუნიციპალიტეტი და სოფელ ყანდაურაში შეკრებილი მოხალისეთა ჯგუფი შეუდგება.

 

 

იმედი მაქვს, ჩვენს ინიციატივას „უსაფრთხო სოფელი“ საქართველოს ყველა რეგიონი გამოეხმაურება!

 

 

მჯერა, ქართველები მართლაც განსაკუთრებული ჯიშისა და გენეტიკის მატარებელი ერი ვართ! მჯერა, ერთიანობით ყველა უხილავი თუ ხილული მტრის დამარცხებას შევძლებთ!

 

 

მეგი საჯაია

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner