სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ ჭყონში ფანჩივაძეების ოჯახი მოინახულა და პირადი სახსრებით ოჯახის ყველაზე პატარა წევრს ქრისტინა ფანჩვიძეს საჩუქრები გადასცა.
5 წლის გოგონამ, რომლის ვიდეომ „ლუღის“ შესახებ სოციალურ ქსელში პოპულარობა მოიპოვა, მხარის რწმუნებულისგან საჩუქრად ის ნივთები მიიღო, რაზეც ის ვიდეოში ოცნებობდა. ალექსანდრე მოწერელიამ პირადი სახსრებით ქრისტინა ფანჩვიძეს პორტატული კომპიუტერი, საწოლი, კომპიუტერის მაგიდა, ფულადი დახმარება და ტკბილეული გადასცა, მხარის რწმუნებულის მოადგილემ ნინო ვიბლიანმა კი პატარა გოგონას ველოსიპედი აჩუქა.
ალექსანდრე მოწერელიას განცხადებით, ქრისტინას ვიდეოს შესახებ მისი უმცროსი ქალიშვილისგან გაიგო.
„წუხელ ჩემი უმცროსი ქალიშვილი, რომელიც ქრისტინას თანატოლია, დამიკავშირდა და მითხრა ამ ვიდეოს შესახებ, დღეს შევეცადე, ყველა ის ოცნება, რაც ქრისტინას ჰქონდა, ამეხდინა“, - განაცხადა მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა და ქრისტინა ფანჩივაძე მის ქალიშვილს ვიდეოზარის საშუალებით დააკავშირა.
ალექსანდრე მოწერელია სოციალურად დაუცველ ოჯახს სახლის მშენებლობაში დახმარებას, ხოლო ქრისტინას მამას დასაქმებას დაჰპირდა.
5 წლის ქრისტინა ფანჩვიძე მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ ჭყონში მამასთან, ბებიასთან და მამიდასთან ერთად ცხოვრობს.