ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მოუწოდა რუსეთის ხელისუფლებას შეწყვიტოს აღმოსავლეთ უკრაინაში სიტუაციის დესტაბილიზაცია, იქიდან შეიარაღებული ძალები და ტექნიკა გაიყვანოს და მინსკის შეთანხმებები შეასრულოს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი" იუწყება.
„უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში რუსეთის ქმედებების გამო საკმაოდ რთული სიტუაციაა შექმნილი. ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევა ყოველდღე ხდება. ეს ეუთოს დამკვირვებელთა მისიის მუშაობას აფერხებს" - განაცხადა სტოლტენბერგმა.
მისი თქმით, მოსკოვი განაგრძობს „ბოევიკების" მხარდაჭერას და მათ იარაღსა და ტექნიკას აწვდის, ხოლო უკრაინა-რუსეთის საზღვრის გასწვრივ დიდი რაოდენობით შეიარაღებული ძალებია განლაგებული.
რუსეთმა პატივი უნდა სცეს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას. ეს ყირიმსაც ეხება. ყირიმში შეიარაღებული ძალების შეყვანაც უკრაინის სუვერენიტეტის დარღვევაა" - განაცხადა სტოლტენბერგმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის შეიარაღებულ ძალებში მოულოდნელი შემოწმებების და განგაშის გამოცხადება ევროპაში სამხედრო ტრანპარენტულობის მექანიზმებს არღვევს, კერძოდ კი ვენის დოკუმენტს წვრთნებზე დაკვირვების და მათი კონტროლის შესახებ.