“საქართველოს მთავრობამ მიიღო ძალიან სწორი გადაწყვეტილება, როდესაც საზღვრები ჩაკეტა და კარანტინი გამოაცხადა,” - ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორმა გიორგი ფხაკაძე “ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანაში კარანტინი საზღვრების ჩაკეტვისთანავე უნდა გამოცხადებულიყო, თუმცა განმარტავს, რომ ეს ლოგისტიკურად არ იქნებოდა მარტივი.
„როდესაც საზღვრები ჩაიკეტა, ჩემი დაჟინებული თხოვნა იყო და ამის შესახებ ყველა ექსპერტს ვესაუბრე, რომ კარანტინი მთელ ქვეყანაში რაც შეიძლება მალე გამოეცხადებინათ. მესმის, რომ ეს ლოგისტიკურად ალბათ, არ იყო მარტივი და ამიტომაც ცოტა დააგვიანეს კარანტინის გამოცხადება, მაგრამ, რაც ახლა ხდება საქართველოში, იქნება ეს ფინანსური მხარე თუ სხვა ტექნიკურ საკითხები, ყველანაირად სწორი იყო ეს გადაწყვეტილება. სწორედ ამ გადაწყვეტილებამ მისცა ჩვენი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემას მომზადების საშუალება“ - განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.