„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ხმათა აბსოლუტური უმრავლესობის მოპოვებას გეგმავს,"- ამის შესახებ განცხადება პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა.
ირაკლი კობახიძის განმარტებით, „ქართული ოცნების" ამოცანა 50 %-ზე მეტის მიღებაა, რაც, რომ გადავთვალოთ მანდატების რაოდენობაზე, ას მანდატს აღემატება. პარტიის აღმასრულებელი მდივნის შეფასებით, საკმაოდ რეალურია ამ შედეგის მიღწევა იმ პროგრესის გათვალისწინებით, რომელსაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ მიაღწია.
„ვგულისხმობ, არსებულ მდგომარეობას, იმ პროგრესს, რომელსაც მიაღწია ჩვენმა ქვეყანამ სხვადასხვა მიმართულებით. ქვეყანა ვითარდება, გვაქვს ეკონომიკური ზრდის ოპტიმალური ტემპი რეგიონული კონტექსტის გათვალისწინებით და ეს არის სწორედ ჩვენი მთავრობის მიღწევა. რა თქმა უნდა, ქვეყანას აქვს თავისი ზრდის რესურსი. ბუნებრივია, შეუძლებელია, რომ ერთ- ორ წელიწადში გააორმაგო და გაათმაგო ეკონომიკის მდგომარეობა, როგორც ეს არის განვითარებულ ევროპულ ქვეყნებში. მარტო ეკონომიკაზეც რომ არ შევაჩეროთ ყურადღება, ყველა მიმართულებით, რასაც მოიცავს ზოგადად სახელმწიფოებრივი განვითარება, ჩვენ გვაქვს რადიკალურ ფუნდამენტური პროგრესი. ჩამოვთვლი ძირითად მიმართულებებს, რაც შეეხება დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს, მმართველობის სისტემის საკითხებს- აქ გვაქვს ფუნდამენტური წინსვლა. იგივე ეხება სოციალურ განვითარებას. თქვენ იცით, რა საბიუჯეტო სახსრები იხარჯება იმისთვის, რომ ჩვენი მოსახლეობის სოციალური პრობლემები გადაიჭრას. ელემენტარულად რომ ავიღოთ, 2012 წელთან შედარებით, ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი ზუსტად გაორმაგებულია. ეს, რა თქმა უნდა, არის მნიშვნელოვანი წინაპირობა ფუნდამენტური პროგრესისა, რომელიც ჩვენ გვაქვს სოციალური განვითრების მიმართულებით",-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.