ავტორი ნონა ქარქაშაძე
„ჩვენ დავინახეთ, რომ მინისტრი თუ გლეხი, სრულიად თანასწორნი ვყოფილვართ, სიცოცხლისთვის ზუსტად ერთნაირად ვიბრძვით და ყველა ერთნაირად მივყვებით სამყაროს კანონებს“, - ამის შესახებ „რეპორტიორთან“ საუბრისას ფსიქოლოგმა ნინო ყვირილიანმა განაცხადა.
მისი თქმით, საკუთარი თავისგან გაქცეული ადამიანი სწორედ ასეთ დროს შეიძლება დაუბრუნდეს რეალობას და ეს პერიოდი შესაძლოა ადამიანის ფსიქოლოგიურ შობადაც ჩაითვალოს:
- დავდექით რეალობის წინაშე, რამაც დაგვანახა, რომ მიჯაჭვულობა თუნდაც ფულსა და ძალაუფლებაზე, ყოფილა ამაო, რადგან აღმოჩნდა, რომ ამ ფულით და ძალაუფლებითაც ვეღარაფერს აკეთებ და ჩვენ დავინახეთ, რომ მინისტრი თუ გლეხი, სრულიად თანასწორნი ვყოფილვართ, სიცოცხლისთვის ზუსტად ერთნაირად ვიბრძვით და ყველა ერთნაირად მივყვებით სამყაროს კანონებს. ადამიანის ყოვლისშემძლეობა კი მხოლოდ ილუზიაა.
ახლა გვაქვს დრო, დავრჩეთ საკუთარ თავთან, გავხდეთ დამკვირვებელი და ამ კრიზისულ მომენტშიც რაღაც დადებითი დავინახოთ. ილუზიები ვახსენე დ სწორედ ილუზიები და სამყაროს მიუღებლობა ართულებს და ქაოტურს ხდის ადამიანის ცხოვრებას. რაც მეტად მივიღებთ რეალობას, მეტად ჯანსაღად აღვიქვამთ ნებისმიერ სიტუაციას და ნაკლებად სტრესულ მდგომარეობაშიც აღმოვჩნდებით.
- როცა ეს პერიოდი გადაივლის, ფსიქოლოგებს ალბათ მეტი სამუშაო ექნებათ, რადგან სავარაუდოდ, ეს ყველაფერი უარყოფითად აისახება ადამიანის ფსიქიკაზე...
- უკვე საკმაოდ იმატა ონლაინ-თერაპიების მსურველმა და ამის საჭიროების მქონე ადამიანების რიცხვმა. უმეტესად, რასაც ადამიანებისგან ვისმენ, ეს არის მარტო დარჩენის შიში. აქამდე ადამიანი გაქცეული იყო საკუთარი თავისგან, - მეგობრებში, ნათესავებში, სამსახურში, კლუბში, ნარკოტიკში, სასმელში... ძალიან ბევრ რამეში იყო გაქცეული... ახლა კი დროა, დაფიქრდეს და მიხვდეს, რომ სინამდვილეში მხოლოდ საკუთარ თავს გაურბის. თუმცა, შეიძლება ფიზიკურად მარტოც იყოს ადამიანი, მაგრამ მაინც ვერ შეხვდეს საკუთარ თავს. ამიტომ შესანიშნავი დროა ახლა თვითდაკვირვებისთვის.
ადამიანს აქვს 5 ძირითადი მოთხოვნილება. აქედან პირველი-ორი ფიზიოლოგიური მოთხოვნილება და უსაფრთხოების მოთხოვნილება, არის უპირველესი. თუ ამ კუთხით საშიშროებას გრძნობს, უკვე შესაძლოა, დაეწყოს მაღალი შფოთვა და პანიკა, რა დროსაც არაადეკვატურია ადამიანი. ამ დროს ემოციური ბალანსი მნიშვნელოვანია, თუ ამ ემოციურ ბალანსს ვეღარ ახერხებს და შინაგან რესურსს, შინაგან საყრდენს ვერ წვდება, უნდა მიმართოს სპეციალისტს.
- ფიქრობს თუ არა ადამიანი, რომ ის საფრთხე, რის წინაშეც აღმოვჩნდით, კონკრეტულად მას ემუქრება?
- ადამიანი სტრესის დროს რამდენიმე ფაზას გადის. პირველი ფაზა არის დაცვითი მექანიზმი - უარყოფა, ანუ მიუღებლობა იმისა, რაც მის თავს ხდება, კრიზისულ რეალობას მიმღებლობას ვერ უცხადებს და უარყოფს მას. ეს ნორმალურია, მაგრამ, ჩვენ არ უნდა გავიჭედოთ თითოეულ ფაზაში, უნდა შევძლოთ მომდევნოში გადასვლა და ბოლოს უკვე რაციონალურ ფაზაში უნდა მოვხვდეთ, სადაც რეალობის მიმღებლობა გვაქვს და არა გაქცევა.
ადამიანი გარეგან საყრდენებზე აშენებს იმედს და ჰგონია, რომ იცის, რა არის ბედნიერების ფორმულა. ასეთი დადგენილი ბედნიერება კი დროებითია და ჩამოშლას იწყებს. ყველაფერი კომფორტია, რაც ჩვენ სიამოვნებას გვანიჭებს, რაშიც გაქცეულები ვართ და თავს ვაფარებთ და ამ კომფორტის ზონის დარღვევა აღელვებს ადამიანს ყველაზე მეტად.
ჩვენ ძალიან დიდ დროს ვატარებთ სოციალურ სივრცეში ინფორმაციის მისაღებად, სადაც, მოგეხსენებათ, უამრავი ნეგატიური ინფორმაციაა. ამ დროს, კარგია, თუ გავითვალისწინებთ კომპეტენტური ექიმების რჩევებს და ნეგატიურ ინფორმაციებს და პოსტებს თვალს მაქსიმალურად ავარიდებთ, რადგან ეს ყველაფერი შფოთვას მაღლა სწევს და ოპტიმალური დონის შენარჩუნებასაც ართულებს.
- როგორ შეაფასებდით ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების მზაობას იმ გამოწვევის წინაშე, რომლის მსგავსიც აქამდე არ გვქონია?
- ჩვენ ვხედავთ, რომ სამედიცინო პერსონალი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ეპიდემიის ფართოდ გავრცელება და უარყოფითი შედეგები თავიდან ავირიდოთ, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ამ ყველაფრის მიუხედავად, თითოეული ადამიანის პასუხისმგებლობაზე და გაცნობიერებულ მდგომარეობაზეა დამოკიდებული ამ ქვეყნის ბედი. ამიტომ, თუ გვინდა რომ დინამიური და განვითარებული ქვეყანა გვერქვას, თუ გვინდა რომ დადებით შედეგზე გავიდეთ, ყველამ უნდა ავიღოთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა და მხოლოდ მთავრობის და სამედიცინო პერსონალის იმედზე არ ვიყოთ.
ზოგადად, ასეთი გამოწვევები ადამიანს აფიქრებს ცხოვრებაზე და უცებ აღმოვაჩენთ ხოლმე, რომ ერთმანეთის გვერდით დგომაც იმაზე მეტად შეგვძლებია, ვიდრე გვეგონა და თურმე ძალიან თანამგრძნობი ვყოფილვართ სხვა ადამიანების მიმართ...
მე ვურჩევდი ადამიანებს, დარჩნენ საკუთარ გონებასთან და დააკვირდნენ ემოციებს, შიშებს, - რატომ აქვს შიში, რას გაურბის?! და მიხვდება, რომ გაურბის მხოლოდ საკუთარ თავს, გაურბის რეალობას, ანუ სამყაროს ვერ უცხადებს მიმღებლობას. თუ ამ ყველაფერზე რეფლექსია გვექნება და ამას გავაცნობიერებთ, იმედი მაქვს, ეს კრიზისი აღმოჩნდება ფსიქიკური შობის ტოლფასი, რადგან გაცნობიერებული მდგომარეობა, ეს არის ფსიქიკური შობა. ფსიქოლოგიურად იბადება ადამიანი. მე ვფიქრობ, რომ ასეთი დაბადების შანსი გვაქვს ახლაც.