შიდა ქართლის რეგიონის ქალაქებში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, კორონავირუსის საპროფილაქტიკო ღონისძიებების ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალიზებული ტექნიკა და სპეციალისტთა ჯგუფები შიდა ქართლის რეგიონში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ქალაქების – გორის, ხაშურის, ქარელისა და კასპის ქუჩებში სადეზინფექციო სამუშაოებს ახორციელებენ.
ღონისძიებები ადგილობრივ თვითმმართველობებთან შეთანხმებით მიმდინარეობს. სპეციალური პრეპარატით, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა, დეზინფექცია უტარდება ქუჩებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს. სადეზინფექციო სამუშაოებს შიდა ქართლის რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი კასპში დაესწრო.