ევროინტეგრაციის პროცესი, საქართველო-რუსეთის ურთიერთობები, ქვეყნის როლი რეგიონში, გერმანიასთან სტრატეგიული თანამშრომლობის მნიშვნელობა, საქართველოს მთავრობის რეფორმების გეგმა-აღნიშნულ თემებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „ფრიდრიხ ებერტის" ფონდში გამართულ საჯარო გამოსვლაში ისაუბრა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გერმანელ პოლიტიკოსებს, ექსპერტებსა და ჟურნალისტებს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგი გააცნო და ყურადღება გაამახვილა ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მნიშვნელობაზე.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა მოსალოდნელ საპარლამენტო არჩევნებზე და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა და მოსახლეობა ელოდება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგს.
"ჩვენ გვსურს, რომ 2016 წლის არჩევნები ამ დრომდე საქართველოში ჩატარებულ მსგავს ღონისძიებებს შორის ყველაზე გამჭვირვალე და სამართლიანი იყოს, ასევე მიეცეს მონაწილეობის თანაბარი შესაძლებლობა ყველა პოლიტიკურ ძალას. მე პირადად გიწვევთ თქვენ არჩევნების შედეგების აღნიშვნის ღონისძიებაზე დასასწრებად. როგორიც არ უნდა იყოს შედეგი, ის პირველ რიგში, დემოკრატიის გამარჯვების ნიშანი იქნება,"-განაცხადა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს მთავრობის სამომავლო გეგმებზე და შეხვედრის მონაწილეებს 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმა გააცნო.
"პირველ რიგში, გეგმა ითვალისწინებს: ეკონომიკის განვითარებაზე ორიენტირებულ რეფორმებს, რომელიც მოიცავს საგადასახადო ტვირთის შემცირებას; საგანმანათლებლო სისტემის რეფორმას, რომელიც მიზნად ისახავს სკოლებში სწავლების ხარისხის გაუმჯობესებასა და უმაღლესი განათლების იმგვარად ორგანიზებას, რომ კონკრეტული სფეროს სპეციალისტთა მოთხოვნასა და მიწოდებას შორის ბალანსი დამყარდეს; ინფრასტრუქტურული სერვისების განვითარებას, რათა შეიქმნას აღმოსავლეთ-დასავლეთისა და ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნები. ჩვენ მიზნად ვისახავთ გამოვიყენოთ საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი აბრეშუმის გზის ქვეყნის პოტენციალი, ასევე არსებული უზარმაზარი შესაძლებლობები ტურიზმის სფეროში; ღია მმართველობა - სხვა საკითხებს შორის, ჩვენ ვგეგმავთ კერძო სექტორის საკანონმდებლო პროცესებში ჩართვასა და საჯარო სერვისის მიწოდების შემდგომ გაუმჯობესებას და მოდერნიზებას,"-განმარტა გიორგი კვირიკაშვილმა.
მან მადლობა გადაუხადა "ფრიდრიხ ებერტის" უძველეს პოლიტიკურ ფონდს მოწვევისთვის და იმედი გამოთქვა, რომ გერმანია დარჩება საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ერთ-ერთ ყველაზე მტკიცე და საიმედო მხარდამჭერად.