logo_geo
eng_logo
პირველი "დაჩიპული" ქართველი - ინტერვიუ დავით მამაცაშვილთან
- +

11 აპრილი. 2020. 02:28

 

 

„ცრუა მოსაზრება იმის შესახებ, რომ ID ბარათი ანტიქრისტეს ბეჭედია, ან რომ მასზე არის მხეცის ნიშანი. ეს რომ ასე არაა, ამას წმინდა სინოდის გასული წლის დადგენილებაც ადასტურებს.” - ამ განმარტების გაკეთება საქართველოს იუსტიციის სამინიტროს 2013 წელს მოუხდა. მაშინ პირადობის “დაჩიპულმა” მოწმობებმა საზოგადოების ნაწილის აღშფოთება გამოიწვია - მიიჩნეოდა, რომ ჩიპი, რომელიც ჩვენი პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტშია მოთავსებული, მხეცის ნიშანს შეიცავდა.

 

 

აქ საჭირო არის სიბრძნე: ვისაც გაგება აქვს, გამოთვალოს მხეცის რიცხვი, რადგან რიცხვი ადამიანისაა და მისი რიცხვია ექვსას სამოცდაექვსი. (გამოცხადება 13;18)

 

 

რიცხვი 666, ანუ “მხეცის ნიშანი” იოანეს “გამოცხადების” მიხედვით, ანტიქრისტეს ნიშანია. ზუსტად საიდან გაჩნდა მხეცის ნიშანი ჩვენს ID ბარათებში ბუნდოვანია, თუმცა, კამათი ამ თემაზე დღემდე არ შემწყდარა - იუსტიციის სამინიტრო, საპატრიარქოს რეკომენდაციით, დათმობაზე წავიდა და გასულ წელს მოქალაქეებს უფლება მისცა, აღმსარებლობის დამადასტურებელი საბუთის საფუძველზე მიიღონ უჩიპო დოკუმენტი.

 

 

დათმობის შემდეგ ვნებათაღელვა დროებით დავწყებას მიეცა. სახელმწიფოც, ახალი კორონავირუსის წყალობით, სხვა, უფრო მნიშვნელოვანი რელოგიური დილემის წინაშე დადგა. თუმცაღა, მსოფლიოს სხვა ქვეყნებში ამ ტექნოლოგიის მიმართ არც ინტერესი განელებულა და არც მისი განვითარების სისწრაფე.

 

 

 

როგორც ირკვევა, შვედეთში “ბიოჰაკერობა,” ანუ სხეულში პირადი მონაცემების შემცველი ჩიპის ჩადგმა მზარდი პოპულარობით სარგებლობს.  ქვეყანის დაახლოებით 3 ათასი მოქალაქე ხელში, საჩვენებელ და ცერა თითებს შორის, ატარებს ჩიპს, რომელიც ზომით ბრინჯის მარცვალს არ აღემატება, შესაძლებობები კი, პოტენციურად, უსაზღვრო აქვს. დღეს, ჩიპით შესაძლებელია საკეტების გაღება, უკონტაქტო გადახდა, შვედეთის რკინიგზის ბილეთების წარდგენა, სავიზიტო ბარათის ნაცვლად, LinkdIn-ის მონაცემების გაზიარება და საკუთარი სამედიცინო ისტორიის თან ტარებაც კი.

 

 

“დროთა განმავლობაში, ტექნოლოგია ადამიანის სხეულში გადმოინაცვლებს.” - ვარაუდობს იოვან ოსტერლუნდი, შვედური კომპანიის “Biohax International” დამაარსებელი. მისი კომპანია შვედეთში ჩიპების ერთ-ერთი პირველი მწარმოებელია და ახლა სხვა ქვეყნებთანაც იწყებს აქტიურ თანამშრომლობას. ოსტერლუნდის თქმით, ჩიპებით ინტერესდებიან ყველა კონტინენტზე, ანტარქტიდის გარდა, თუმცა, “ადამიანის ქცევის ამ ახალ ფორმას” მიჩვევა სჭირდება.

 

 

მიჩვევა  მარტივი რომ არ იქნება, ფეისბუქზე 8 აპრილს გამოქვეყნებულმა პოსტმა და მის გარშემო ატეხილმა მითქმა-მოთქმამ დაგვანახა:

 

 

"სიხარულით მინდა გაცნობოთ, რომ გუშინ პირველი ქართველი გავხდი შვედეთში, ვისთანაც ჩიპის იმპლანტაცია განხორციელდა. ცოტა მტკივნეული პროცედურაა, თუმცა ეს ამად ღირდა. სასწაული კომფროტის შეგრძნება დამეუფლა. ბედნიერებისგან ეიფორიაში ვარ!

 

 

ჩემი პირადი მონაცემები და საბანკo ბარათიც იმ პაწაწუნა ჩიპშია თავმოყრილი. აღარ დამჭირდება უაზრო ბარათების თრევა, როცა საშოპინგოდ გავალ ხოლმე. იმედია ჩიპის იმპლანტაციებს მასიურო ხასიათი მიეცემა სშვედეთსა და მთელს მსოფლიოში. როგორც ქართველს, დიდი სურვილი მაქვს მსგავსი იმპლანტების გამოყენება საქართველოშიც. იქნებ მოვხოდო მოლაპარაკებები და საქართველოში მე დავიწყო იმპლანტების ხალხზე იმპლანტირება.

 

 

გახდი შემდეგი!" - ვკითხულობთ დავით მამაცაშვილის სტატუსში.

 

 

მაშ ასე, პირველმა იმპლანტირებულმა  ჩიპმა უკვე საქართველოშიც ჩამოაღწია. მისი მფლობელი,  33 წლის დავით მამაცაშვილი კი თანამემამულეებმა ეჭვისა და კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაატარეს.

 

 

“ასეთ რეაქციას ველოდი,” - ამბობს დავითი, რომელიც პოსტის გამოქვეყნების შემდეგ ყოვლდღიურად უამრავ შეტყობინებას იღებს, - “უმრავლესობა საუბრობდა, რომ ჩიპში არის “მხეცის ნიშანი” და კოდი. ჩემი პოსტით მინდოდა მეჩვენებინა, რომ ჩიპები ნამდვილად არსებობს, მე გავიკეთე და ამის ცოცხალი მაგალითი ვარ - ჩიპის იმპლანტირება არანაირ საშიშროებას არ შეიცავს.”

 

 

დავითი იურისტია, შვედეთში სადაზღვევო კომპანიაში მუშაობს და სოციალურ-დენოკრატიულ პარტიაში პოლიტიკურ საქმიანობასაც ეწევა. ჩიპიც შვედეთში გაიკეთა. სპეციალურ ოფისში, სადაც მისი მეგობრის მეგობარია დასაქმებული, დავითს  მარტივი პროცედურა ჩაუტარეს, რომელიც, ერთი შეხედვით პირსინგს მოგაგონებთ:

 

 

“ირჩევ ხელის მტევანს, რომელზეც გსურს იმპლანტის გაკეთება, დეზინფექციის შემდეგ კი იმპლანტი საკმაოდ დიდი ნემსით შეჰყავთ კანის ქვეშ. მარტივია, უბრალოდ, ცოტათი მტკივნეული.”

 

 

მისივე თქმით, ჩიპის გაკეთება დიდი ხანია სურდა, რადგან ერთი შეხედვით “საშიში” სიახლე მისთვის კომფორტული და საინტერესო ჩანდა.

 

 

“ყოველთვის ვეძებ საშუალებებს, რომ უფრო კომფორტულად ვიცხოვრო. მინდოდა მქონოდა ისეთი პლასტიკური ბარათი, რომლის ხელით ტარებაც არ დამჭირდებოდა.” - მიხსნის დავითი და ამატებს, რომ მის ჩიპს მხოლოდ ეს ფუნქცია აქვს. - “ჩემი ხელის იმპლანტით შემიძლია გადავიხადო ნებისმიერ სავაჭრო ობიექტში, რომელსაც ბარათის უკონტაქტო წამკითხველი აქვს.  სხვა ამ ჩიპს არაფრის გაკეთება არ შეუძლია.”

 

 

თუმცა, არსებობს ჩიპები, რომლებიც მფლობელის შესახებ მეტ ინფორმაციას ინახავენ. მათზე საუბრისას ყოველთვის ჩნდება კითხვა, რამდენად დაცულია მომხმარებლების პირადი ინფორმაცია - ჩიპი, რომელიც ჩვენს სხეულშია მოთავსებული და ყოველთვის თან დაგვყვება ტოტალური კონტროლის იარაღს ჰგავს - Biohax-ის დამაარსებელი იოვან ოსტერლუნდიც ხუმრობს, რომ ჩიპებს სახელი აქვთ გატეხილი:

 

 

პოპულარულ კულტურაში ჩიპები სამეცნიერო ფანტასტიკასთან ან კონტროლის ორველისეულ სისტემასთან ასოცირდება. “მატრიცა გახსენდება, ან “დანის პირზე მორბენალი.

 

 

რეალობა განსხვავებულია და ამას დავითიც ადასტურებს:

 

 

“მინდა ვთქვა, რომ ჩემს ჩიპს არანაირი კავშირი არ აქვს ტოტალურ კონტროლთან. მას GPS მოწყობილობაც არ აქვს, ბანკის ბარათის ანალოგია, უბრალოდ კანის ქვეშ მაქვს მოთავსებული.”

 

 

დავითის და ჩიპის მატარებელი სხვა ადამიანების პირად ინფორმაციას ევროკავშირის მონაცემთა დაცვის რეგულაცია იცავს, რომელიც თითოეული წევრი ქვეყნისთვის სავალდებულოა. თუმცა, დავითი თავს ისედაც საკმაოდ უსაფრთხოდ გრძნობს - ბარათის ან სმარტფონის დაკარგვას კიდევ მოახერხებდა, მაგრამ ჩიპს ვერ დაკარგავს.

 

 

“შემეძლო ბარათის ან სმარტფონის გამოყენებაც, მაგრამ ტელეფონი ნაკლებად დაცულია. იმპლანტი ბევრად უსაფრთხოა, არ დაგეკარგება და ჰაკერული თავდასხმის რისკიც პრაქტიკულად მინიმუმამდეა დაყვანილი.”

 

 

გაიგეთ მეტი: ციფრული ეპოქის დიდი ძმები

 

 

შვედი ბიოჰაკერების მსგავსად, დავითიც მიიჩნევს, რომ ჩიპების არსებობას  შეჩვევა და საზოგადოების გახსნილობა სჭირდება.

 

 

 “თქვენ მუდმივად დაგაქვთ ჯიბით ბანკის პლასტიკური ბარათები. ყველას ნანახი გვაქვს იქ არსებული ჩიპი. თუ ასეთი ჩიპი საშიშია და “მხეცის ნიშანს” შეიცავს, მაშინ ყველამ უარი უნდა ვთქვათ პლასტიკურ ბარათებზე.”  - მეუბნება ის და ვთანხმდებით, რომ პლასტიკურ ბარათებზე უარს არავინ აბობს. - “ის, რაც მე მაქვს ხელში იმპლანტის სახით, არის ბარათის ჩიპის მომცრო ვარიანტი, სხვა არაფერი.”

 

 

მისი აზრით, წინააღმდეგობის მიუხედავად, ეს ტექნოლოგია დროის გამოცდას გაუძლებს და ნელ-ნელა მეტად  მოთხოვნადი გახდება:

 

 

“ჩემი აზრით ჩიპები არის მომავალი, რომელიც ძალაინ მალე დაიწყება. ეს გარდაუვალი იქნება, რადგან ადამაინს აქვს მუდმივი მოთხოვნილება,  განვითარდეს, რასაც კომფორტის სურვილი მოჰყვება. ეს ჩიპი არის საოცარი კომფორტი.” - დავითის პროგნოზით, რამდენიმე წელიწადში ჩიპებით მილიონობით ადამიანი ისარგებლებს.

 

 

შესაძლოა ჩიპები ქართულ ბაზარზეც ვიხილოთ. დავითს უკვე არაერთი ადამიანი დაუკავშირდა. ნაწილს იმპლანტის გაკეთება სურს, ზოგიერთი კი მას ჩიპების წარმოებაში დახმარებას თავაზობს.

 

 

“მინდა გაგანდოთ ჩემი იდეა -  თუ მოვახერხე მოლაპარაკება შვედურ კომპანიასთან, მინდა საქართველოში დავიწყო ამ იმპლანტების გამოყენება.

 

 

რამდენად რეალისტურია ასეთი იდეა მაშინ, როდესაც საზოგადოების ნაწილს ბიბლიური წინასწარმეტყველების მყარად სჯერა? დავითი მიიჩნევს, რომ ზოგჯერ უმრავლესობის რწმენის წინააღმდეგ წასვლა ღირს:

 

 

“ადრე უმავლესობას ეგონა, რომ დედამიწა ბრტყელი იყო და ამას ფანატიკურად, ყველანაირი ემპირიული დაკვირვებების გარეშე იჯერებდნენ. ბოლოს აღმოჩნდა, რომ უმცირესობა იყო მართალი.”

 

 

წყარო:https://throughthenews.com/ka/stories/pirveli-dachipuli-qartveli-interviu?fbclid=IwAR2PzXdCM5vCo91aZypt4_98MS9xr5r70dqyw-eqUcFKxv7rNl_2x_7UXNI

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner