ავტორი ალა გრიგალაშვილი
„აზრთა სხვადასხვაობის არსებობა ამდენ ადამიანში, ვფიქრობ, ბუნებრივია", - ასე ეხმაურება „ქართული ოცნების" ყოფილი აღმასრულებელი მდივნის არმაზ ახვლედიანის კრიტიკულ განცხადებებს გოგლა ჟვანია. როგორც პარლამენტარმა „რეპორტიორთან" საუბრისას განაცხადა, მასაც ჰქონია ამა თუ იმ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიცია, თუმცა, ეს მმართველი გუნდის შიგნით განხილულა და არ გახმაურებულა.
„შიდა განხილვები გარეთ რომ გამოდის, არ მიმაჩნია მართებულად. ვფიქრობ, რომ ურთიერთობები შიგნით უნდა გაირკვეს. თუ კონკრეტული პირისთვის რამე პრინციპულად მიუღებელია, მაშინ დატოვოს პარტია. მეც მქონია გარკვეულ მნიშვნელოვან საკითხებზე განსხვავებული პოზიცია, მაგრამ ეს არასოდეს გამოსულა გარეთ. ამასზე გვიმსჯელია შიგნით", - განაცხადა ჟვანიამ.
რაც შეეხება, მმართველი გუნდის გადახალისების და ახალი სახეების გამოჩენის საკითხს, დეპუტატის თქმით, ეს ბუნებრივი პროცესია და მოსალოდნელია კიდეც მომავალი არჩევნებისთვის.
„2012 წელს ადამიანები გაერთიანდნენ „ქართულ ოცნებაში", მათ თავი გადადეს ბრძოლისთვის, ახლა, ბუნებრივია, ვითარება ქვეყანაში შეიცვლა და არაა გამორიცხული, გადახალისდეს შემადგენლობა. მითუმეტეს, არჩევნები ახლოვდება, ბევრი ახალი სახეც გამოჩნდება. შესაძლოა, ზოგი ადამიანი, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს „ქართული ოცნების" გამარჯვებაში, სხვა, ქვეყნისთვის სასარგებლო საქმიანობით დაკავდეს. ქვეყნისთვის სასარგებლო საქმე კი შეიძლება აკეთო პარლამენტს გარეთაც. ასე რომ, ეს არის ნორმალური, ბუნებრივი პროცესი", - განაცხადა ჟვანიამ.