logo_geo
eng_logo
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მზად არის – ინტერვიუ კანადაში ვაქცინაზე მომუშავე მეცნიერთა ჯგუფის წევრ გიორგი ბაბუაძესთან
- +

11 აპრილი. 2020. 19:33

 

 

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ ქართველი მეცნიერი გიორგი ბაბუაძე კანადაში მეცნიერთა იმ ჯგუფის წევრია, რომელიც ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნაზე მუშაობს. საქართველოს პირველი არხი გიორგი ბაბუაძეს კანადაში დაუკავშირდა და მასთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა.

 

 

ბატონო გიორგი, რამდენი ხანია, რაც თქვენმა ჯგუფმა „კოვიდ 19“-ის ვაქცინაზე დაიწყო მუშაობა?

 

 

გამოცხადდა თუ არა პანდემია, დაახლოებით ერთ კვირაში დავიწყეთ მუშაობა ვაქცინაზე. კანადის მთავრობამ გამოთქვა მზაობა, რომ დააფინანსებდა კვლევებს. ერთ კვირაში შევუდექით ამ საქმეს. ჩვენ ვმუშაობთ მესამე თაობის ვაქცინაზე, რომელიც არ საჭიროებს ცოცხალი ან ატენუირებული ვირუსის შეყვანას ორგანიზმში. ეს არის კონკრეტული დნმ პლატფორმის მეშვეობით, კონკრეტული ვირუსის ანტიგენის შეყვანის მექანიზმი. რაკი პლატ

 

 

ფორმა უკვე მზად იყო, ჩვენ მაშინვე შევუდექით ამ საქმეს და ორი თვეც არ დაგვჭირდა, მზად გვქონდა ვაქცინა.

 

 

ვიცით, რომ პრეკლინიკურ ფაზაში ხართ. როდის დაიწყება უშუალოდ კლინიკური ფაზა? ანუ როდის გამოცდით ვაქცინას ადამიანებზე?

 

 

დიახ, პრეკლინიკურ ფაზაში ვართ, ამას სჭირდება გარკვეული დრო. 30-40 დღე გვაშორებს პრეკლინიკური ფაზის საბოლოო პასუხებს, თუმცა ეს ხელს არ გვიშლის, კლინიკურ ფაზაში გადავიდეთ. კლინიკურ ფაზაზე გადასვლა შეიძლება მოხდეს პარალელურად ან მას შემდეგ, რაც გვექნება პირველი უჯრედული იმუნური პასუხი მაინც, 28 დღის შემდეგ პირველი ვაქცინაციიდან. უბრალოდ, ეს დაკავშირებულია დროსთან, ყველაფერს სჭირდება საბუთები, ფორმალობა, ოფიციალური მონაცემები, თანხები.

 

 

რომ დავაზუსტოთ, ცხოველებზე უკვე გამოიცადა პრეპარატი?

 

 

ცხოველებზე ჯერ არ დასრულებულა ექსპერიმენტები. გამოცდა მიმდინარეობს სხვადასხვა მოდელის ცხოველზე. სრული პასუხი ყველა მოდელის ცხოველიდან გვექნება 15 ივნისისთვის.

 

 

როგორია მაქსიმალური ვადა, როდის შეიძლება გადახვიდეთ კლინიკურ ეტაპზე, რას ვარაუდობთ?

 

 

ახლა ვაწარმოებთ ინტენსიურ მოლაპარაკებებს. დღესაც გვქონდა ჩართვა კანადის მთავრობასთან, არიან დაინტერესებული კომპანიები, უშუალოდ კანადის სახელმწიფოსაც დიდი ინტერესი აქვს ამ ვაქცინასთან დაკავშირებით და ველოდებით. ჯერ მიმდინარეობს თითოეული დეტალის განხილვა, რა გვჭირდება, რამდენად არის მზაობა ორივე მხრიდან. დაახლოებით ორ კვირაში გვეცოდინება, შევალთ თუ არა კლინიკურ ფაზაში ამ ერთი თვის განმავლობაში.

 

 

მეცნიერები, საერთაშორისო გამოცემები, აქტიურად საუბრობენ, რომ ახალი კორონავირუსი მარტივად განიცდის მუტაციას. რამდენად რთულია უშუალოდ ასეთი ტიპის ვირუსის ვაქცინაზე მუშაობა?

 

 

კარგი კითხვაა, ვირუსი საათების და დღეების მიხედვით არ განიცდის მუტაციას. ვირუსმა შეიძლება, განიცადოს მუტაცია წელიწადში, ორ წელიწადში, ათ წელიწადში და ა.შ. ეს ჩვენს სამუშაო პროცესზე არანაირად არ ახდენს გავლენას.

 

 

თუ ყველაფერი წავიდა კარგი და სასურველი სცენარით, როდის შეიძლება, რომ ვაქცინას უკვე ფართოდ გამოვიყენებთ ადამიანებში?

 

 

დღევანდელი ტექნოლოგიები რომ არა, ვაქცინის დამზადებას დასჭირდებოდაა ათეულობით წლები. თუმცა, რაკი დღეს გვაქვს ასეთი ტექნოლოგიები, საზოგადოების მხარდაჭერა და სხვადასხვა ორგანიზაცია გამოთქვამს მზაობას, დახარჯონ შესაბამისი თანხები, ვიტყოდი, რომ კლინიკური ფაზის დასასრული შეიძლება ვივარაუდოთ სექტემბერში ან ოქტომბრის ბოლოსთვის.

 

 

იმ შემთხვევაში, თუ ვაქცინის შემუშავება გაჭიანურდა, რამდენად არის შესაძლებელი, სხვა მეთოდით დამარცხდეს „კოვიდ 19“. თუნდაც სხვა მედიკამენტების გამოყენებით?

 

 

საზოგადოებას რომ განვუმარტოთ, დღეს ვაქცინაზე მსოფლიო მასშტაბით 35 სხვადასხვა, ხოლო უშუალოდ მედიკამენტის შექმნაზე 45 ჯგუფი მუშაობს. თუ მედიკამენტით შესაძლებელი გახდება მკურნალობა, რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვნად შეგვიწყობს ხელს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში.

 

 

რომ არა ლუგარის ლაბორატორია, გაუჭირდებოდა თუ არა საქართველოს პროცესის მართვა?

 

 

ძალიან მიხარია და ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი საუკეთესოა ჩვენი ქვეყანა, ძალიან კარგად ართმევს თავს. პაატა იმნაძე, თენგიზ ცერცვაძე, ამირან გამყრელიძე ძალიან დიდ საქმეს აკეთებენ. ვფიქრობ, რომ არა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, არამარტო ამ მხრივ, არამედ სხვა მხრივადაც ძალიან ცუდი შედეგები გვექნებოდა. დაავადებათა კონტროლის ცენტრი ქვეყნის ავანგარდში დგას და უდიდეს როლს ასრულებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში. თქვენ ალბათ გახსოვთ ბინძური პიარი, რომელიც აგორებული იყო ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ. ახლა ვფიქრობ, ხალხი დაინახავს, რა შრომას ეწევიან ლუგარის ცენტრი, დაავადებათა კონტროლის ცენტრი და რა პროფესიონალიზმთან გვაქვს საქმე.

 

 

ლუგარის ლაბორატორია ახსენეთ, ჩვენმა მოსახლეობამ ცოტა ხნის წინ შეიტყო, რომ ლუგარის ლაბორატორიას გენეტიკური კოდის შესწავლა, გამოკვლევა და ამის მეშვეობით ინფიცირების შესაძლო წყაროს დადგენაც შეუძლია. მარტივად რომ ავხსნათ, რას აძლევს ეს ქვეყანას?

 

 

პირველ რიგში, ეს გვაძლევს შესაძლებლობას, გავავლოთ პარალელები თითოეული ვირუსის წარმოშობაზე, ანუ მოხდეს მისი კლასიფიკაცია და მონაცემთა ბაზის ატვირთვა. ეს აუცილებელია, რათა ვიცოდეთ ვირუსის წარმომავლობა – საიდან მოდის, ადგილობრივია, შემოტანილია და ა.შ. რაც შეეხება მეცნიერულ თვალსაზრისს, რომ არა ეს შესაძლებლობა, მეცნიერებას არ ექნებოდა საშუალება, შეექმნა წამალი, ვაქცინა. გენეტიკური კოდის გაშიფვრა გვეუბნება, რა კონკრეტულ ცილას ასინთეზებს ესა თუ ის მიკრობი, ვირუსი თუ ბაქტერია.

 

 

გამოითქვა მოსაზარება, რომ შესაძლოა, ე.წ. ბეცეჟეს აცრამ მსუბუქ ფორმებში გადაგვატანინოს ვირუსი. რამდენად რეალური შეიძლება იყოს ეს?

 

 

ვერ გეტყვით, ძალიან რთულია, ჩემთვის როგორც მეცნიერისთვის. ძალიან კარგია, თუ ასე იქნება, რადგან ვიცი, რომ საქართველოში ყველა ახალშობილი იკეთებს ამ აცრას, თუმცა ზუსტ პასუხს ამასთან დაკავშირებით ვერ გაგცემთ.

 

 

თქვენი რეკომენდაციები რა იქნება მოსახლეობის, მთავრობის მიმართ?

 

 

ჩემი მოწოდება იქნება, დაუჯერონ დაავადებათა კონტროლიც ცენტრსა და პროფესიონალებს, რომლებიც დროულად იძლევიან რჩევებს, რეკომენდაციებს. ეს აუცილებელია კონკრეტულ დროში მოქმდებისთვის, ამიტომაც არის, რომ საქართველო ერთ-ერთ კარგ მდგომარეობაშია.

 

 

რა დროს ატარებს ლაბორატორიაში მეცნიერი, ამ შემთხვევაში თქვენ, რომელიც მიუშაობთ „კოვიდ 19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნაზე?

 

 

ლაბორატორიაში დრო არ არსებობს, არ ვიცი, არ ვითვლი. ალბათ 80 საათზე მეტი კვირაში, ყოველდღე ვმუშაობ, შაბათ-კვირის ჩათვლით. ახლაც აქ ვარ.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner