ბათუმში, ბიზნესმენი ალიკა დავითაძე საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა. დავითაძის ოჯახის წევრები ვარაუდობენ, რომ ბიზნესმენი მოკლულია.
როგორც „ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. უწყების ინფორმაციით, დანიშნულია ექსპერტიზა, რაც გარდაცვალების მიზეზს დაადგენს.
ალიკა დავითაძე აჭარაში გავლენიან ბიზნესმენად ითვლებოდა. ის ასლან აბაშიძის დროიდან მოყოლებული დღემდე არაერთ ბიზნესს ფლობდა. დავითაძე მიხეილ სააკაშვილის დროს იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით დააკავეს, რისთვისაც სასჯელის სახით 5 წელი და სამი თვე ციხეში გაატარა. პატიმრობაში მყოფმა დავითაძემ საკუთარი ბიზნესი შვილიშვილს და რძალს გადასცა.