მოქანდაკე გია ჯაფარიძის მიერ შექმნილი ძეგლები მსოფლიოს არაერთ ქალაქს ამშვენებს. მისი ფერწერული ტილოები და მცირე ზომის ქანდაკებები ინახება მუზეუმებსა და კერძო კოლექციებში – იოანე-პავლე II, ჯიმი კარტერი, ხუან კარლოს სამარანჩი, ხუან კარლოს I და სხვ. მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ გამოფენებში როგორც საქართველოში ისე საზღვარგარეთ. ალბათ, ბევრმა არც იცის, რომ ბარათაშვილის ხიდზე, სწორედ მისმა ნამუშევრებმა დაიდეს ბინა. “სითი კვირა” გია ჯაფარიძეს ესაუბრა.
– ძეგლი მხოლოდ ხელოვნების ნიმუშია?
– უპირველეს ყოვლისა ხელოვნების ნიმუშია, მაგრამ იმავდროულად ძეგლი, რომელიც დგება გარკვეულ გარემოში, სულ სხვა დატვირთვას იძენს, ეს უკვე მოვლენაა და მას ძლიერი ზემოქმედების ძალა აქვს.
– როცა ქმნით ქანდაკებებს, რა მოტივაცია გაქვთ გმირების შერჩევისას?
– უპირველეს ყოვლისა, ქანდაკებაზე მუშაობა არ არის, მხოლოდ გმირების ძებნა და მათი ხასიათის გამოვლენა. ეს არის თანდაყოლილი მოთხოვნილება, რომ გამოავლინო ქანდაკების კეთების ნიჭი და დამთვალიერებელს წარუდგინო საკუთარი შესაძლებლობები. ეს არის შემოქმედება. როდესაც დგას ამოცანა, შექმნა გმირის სახე, ბუნებრივია ეს არ არის ცალმხრივი პროცესი. ამას დიდი დრო სჭირდება. უნდა წაიკითხო კონკრეტული ლიტერატურული ნაწარმოები, გაეცნო ამ ნაწარმოების გმირის სახეს, მის შინაგან სამყაროს. რაც შემდეგ გაძლევს საშუალებას, შექმნა ის ტიპაჟი, რომელიც ამ ყველა მონაცემიდან დაინახე. არსებობს კიდევ თვითონ მხატვრის დამოკიდებულება, მისეული ხედვა, გმირის განსხვავებული კუთხით გახსნის სურვილი. ამასთან შეხება ყველა დროში, ყველა მოქანდაკეს უხდება.
– ხელოვნებაში თქვენთვის მთავარი რა არის?
– ხელოვნებაში ყველაზე მნიშვნელოვანი სიყვარულია, რომლის გარეშე არ არსებობს ხელოვნება. თუ ეს გზა აირჩიე იმთავითვე, ნათელია, რომ შენ გინდა ამის კეთება. ეს აუცილებელია და ამის გარეშე არ შეგიძლია. წინააღმდეგ შემთხვევაში ხელოვანი აღარ ხარ.
– თქვენი შთაგონების წყარო…
– შთაგონების წყარო ძალიან ბევრი რამ შეიძლება იყოს. ზოგჯერ შეიძლება იყოს ყვავილი, ბავშვი, ლამაზი ქალბატონი, მოხდენილი ახალდაზრდა, ვაჟკაცი, ზოგჯერ ისტორიულ ფაქტებს ვეხებით, ისიც საინტერესოა. მთავარია ამ მომენტში რისი კეთება გინდა, რაც გწადია ის გააკეთო, რადგან ამ დროს სურვილის რეალიზაციას ახდენ. რასაც გრძნობ ის უნდა გააკეთო.
– რა იყო ის გარდამტეხი მომენტი, რამაც გადაგაწყვეტინათ გამხდარიყავით მოქანდაკე?
– ბავშვობიდან, რაც მახსოვს, სულ ვხატავ და ვძერწავ. ძალიან უბრალოდ, წყნარად, მშვიდად მივყვები ჩემს საქმიანობას. დავდიოდი პიონერთა სასახლეში, სადაც არაჩვეულებრივი მასწავლებლები მყავდა. შემდეგ ჩავაბარე აკადემიაში, იქაც არაჩვეულებრივი პედაგოგები მყავდა.
– რა ეტაპებს გადის ქანდაკება შექმნის პროცესში?
– ჯერ ჩანახატი უნდა გააკეთო, ანუ ესკიზი დახატო. მერე ესკიზი გამოძერწო. თუ ქანდაკებაა და განკუთვნილია რაიმე მოვლენის აღნიშვნისთვის, ან ქალაქის განსაკუთრებულ ადგილას უნდა დადგან, იქ უკვე სხვა მოთხოვნები ჩნდება. ამ დროს უნდა შეიქმნას ქანდაკების მოდელი, მერე ნატურალურ ფორმაში, რბილ მასალაში, თიხაში, პლასტელინში, ან ხშირშემთხვევაში თაბაშირში უნდა გაკეთდეს. მხოლოდ ამის შემდეგ იწყება ბრინჯაოში ჩამოსხმა, ან ქვაში გათლა. გააჩნია შემოქმედი რა მიზანს ისახავს.
– როგორც ცნობილია ბარათაშვილის ხიდს თქვენი ქანდაკებები ამშვენებს, გვიამბეთ ამის შესახებ?
– იყო მოთხოვნა, რომ ყოფილიყო ქანდაკება ხიდთან, ან ხიდზე. ქანდაკება, რომელიც ეძღვნებოდა ახალგაზრდობას. რაც შევძელი გავაკეთე და გვაქვს ეს კომპოზიცია.
– თქვენი შვილები თუ აგრძელებენ თქვენს საქმიანობას?
– დიახ, ჩემმა შვილმა თინამ, ძალინ ადრე გამოავლინა ხელოვნების მიმართ ნიჭი და დამოკიდეულება. სამხატვრო აკადემიაში ფერწერის ფაკულტეტი დაამთავრა. ასევე არის გრაფიკოსი. მუშაობს მინანქარში. მეც ვმუშაობ მინანქარში. ძალიან საინტერესო შემოქმედებით კომპოზიციებს ქმნის. ხშირად ერთად ვმუშაობთ. ჩემი შვილიშვილი ნიკოლოზიც აკადემიაში სწავლობს გრაფიკაზე, ისიც ბავშვობიდან ძერწავს ქანდაკებებს. ვიმედოვნებ, რომ საინტერესო მხატვრებად ჩამოყალიბდებიან.
– როგორია თქვენი თვალით დანახული თბილისი
– ჩემი აზრით, თბილისი ის ქალაქია, რომელიც მუდამ განვითარების პროცესშია. ვიღაცას მოსწონს, ან არ მოსწონს, არ აქვს ამას მნიშვნელობა. დროს გავა და მერე გამოჩნდება რაც დადებითია.
ესაუბრა თათია პაიჭაძე