ავტორი ნონა ქარქაშაძე
მას შემდეგ, რაც გაჩნდა ვერსია, რომ ახალი კორონავირუსით შინაური ცხოველებიც ავადდებიან და შესაძლოა, მათ ადამიანებს საფრთხე შეუქმნან, ქუჩებში სახლიდან გამოგდებული უამრავი ცხოველი გაჩნდა. ყოველდღიურად არაერთი ზარი შედის ცხოველთა თავშესაფარში მათი ჩაბარების მოთხოვნით, უარის მიღების შემთხვევაში კი, მოქალაქეები შინაურ ცხოველს ქუჩაში უშვებენ.
როგორც საქართველოს წვრილი ცხოველების ვეტერინართა ასოციაციის პრეზიდენტმა, ვეტერინარმა მარიამ ჩხიკვიშვილმა „რეპორტიორთან“ საუბარში განაცხადა, შინაური ცხოველები COVID-19-ით არ ავადდებიან და შესაბამისად, ადამიანებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენენ.
- ქალბატონო მარიამ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს ახალი კორონავირუსი ადამიანიდან ცხოველზე გადადის და პირიქით, რის გამოც ადამიანები საკუთარ შინაურ ცხოველებს ქუჩაში უშვებენ. არის თუ არა ეს რეალური საფრთხე?
- სამწუხაროდ, ბოლო დღეების განმავლობაში, ქუჩაში სახლიდან გამოგდებული არაერთი ცხოველი ვნახე და ძალიან აღშფოთებული ვარ ამ ფაქტით, რადგან სრულ უპასუხისმგებლობასა და აბსურდთან გვაქვს საქმე. მსგავსი ფაქტები მსოფლიო ვეტერინარული ასოციაციის მხრიდან არ დასტურდება. დღეისათვის, საბოლოოდ დადასტურებული დიაგნოზი, ადამიანიდან ძაღლზე ან ადამიანიდან კატაზე დაავადების გადასვლისა, არ არსებობს და შესაბამისად, არც პანიკის საფუძველი გვაქვს. არც სახლის და არც ქუჩის ბინადარი შინაური ცხოველები, ნამდვილად არ ავადობენ COVID-19-ით და საშიშროებას არ წარმოადგენენ საზოგადოებისთვის.
ბევრი ადამიანი მირეკავს და მეკითხება, არის თუ არა ეს საშიში და შეიძლება თუ არა, მათი ცხოველი „კოვიდით“ დაავადდეს! პასუხი ერთია, - ცხოველები ადამიანის კორონავირუსით არ ავადდებიან და, გარდა ამისა, როგორც უნდა იყოს, სოციალური პასუხისმგებლობა მხოლოდ სახლში გამოკეტვას და საკუთარი თავის დაცვას არ გვავალდებულებს, სოციალური პასუხისმგებლობა ის ვალდებულებაცაა, რაც თავის დროზე ამ ცხოველებზე ავიღეთ.
- რატომ გავრცელდა ვერსია, რომ თითქოს შინაური ცხოველი შეიძლება გახდეს ამ ვირუსის გადამტანი?
- ვიღაცამ ერთხელ ჩაუშვა ეს დეზინფორმაცია და აიტაცეს, უბრალოდ! რეალურად, კორონავირუსები ადამიანებს აქამდეც ემართებოდათ, ცხოველებსაც ემართებოდათ თავიანთი სახეობრივი ვირუსები, მაგრამ ისინი არ წარმოადგენენ ადამიანებისთვის საფრთხეს. თუმცა, ამას რომ მიხვდე, რაღაც უნდა გქონდეს წაკითხული ან კომპეტენტურ ადამიანს მაინც უნდა დაეკითხო.
- გავრცელდა ინფორმაცია, რომ კორონავირუსი აღმოაჩნდა ვეფხვს აშშ-ში, ბრონქსის ზოოპარკში. დადასტურებულია თუ არა ეს ინფორმაცია?
- ეს ინფორმაცია ჯერჯერობით დადასტურებული არ არის. ეს არის პირველადი კვლევის შედეგი. ადამიანების კვლევის შემთხვევაშიც, პირველ ეტაპზე ცხვირიდან და პირის ღრუდან იღებენ ნაცხს. მაგრამ რეალურად ემართებათ თუ არა ეს ვირუსი ველურ ცხოველებს, ჯერჯერობით დადგენილი არ არის.
- იმ შემთხვევაში, თუ დავუშვათ, ადამიანი ამ ვირუსს შეიტანს სახლში, სადაც ძაღლი ან კატა ცხოვრობს, არ არის მათი დაინფიცირების საშიშროება?
- ამ შემთხვევაშიც, დიდი ალბათობით, ოჯახის წევრი დაავადდება, მაგრამ შინაური ცხოველი - არა!
- ამ ეტაპზე შინაურ ცხოველთა მოვლის რაიმე განსაკუთრებულ მეთოდს ხომ არ შემოგვთავაზებდით?
- უნდა შევინარჩუნოთ სოციალური დისტანცია როგორც ადამიანებთან, ასევე ცხოველებთან მიმართებაში, იმისათვის, რომ თავი დავიზღვიოთ. როგორც დაბინძურებულ ზედაპირს სჭირდება გაწმენდა, ასევე სჭირდება ქუჩიდან შემოყვანილ ცხოველს, რათა სახლში არაფერი მოიტანოს. მაგალითად, როცა ძაღლს სეირნობის შემდეგ სახლში შევიყვანთ, უნდა გავწმინდოთ ის ქლორჰექსიდინის ხსნარით.
მინდა, მოვუწოდო ადამიანებს, არ ჩაერთონ საერთო ისტერიაში და არ გამოყარონ ქუჩაში ცხოველები, რადგან ისინი ჩვენთვის საფრთხეს არ წამოადგენენ. პასუხისმგებლობა, რომელიც თავის დროზე ამ არსებების წინაშე ავიღეთ, ბოლომდე გავიზიაროთ!