შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, კრიმინალმა არ შეიძლება, იქონიოს გავლენა საქართველოს მოქალაქეების თავისუფალ გადაადგილებაზე ევროპაში. ეს საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნილია.
მისივე თქმით, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა, დღევანდელ პრესკონფერენციაზე კრიმინალი ახსენა.
„მინდა აღვნიშნო, რომ კრიმინალი იყო, არის და იქნება, მაგრამ მთავარია, ჩვენ რას ვუპირისპირებთ მას. შსს-ს არსებობის ისტორიაში პირველად წელს მოგვეცა საშუალება, ფედერალური მიწების დონეზე შევხვედროდი ჩემს კოლეგებს, შს მინისტრებს და ადგილზე გავცნობოდი იმ პრობლემებს, რომელიც არსებობს ქართველების მიერ ჩადენილი დანაშაულების თვალსაზრისით. არც ერთ ქვეყანასთან ისეთი თანამშრომლობა, როგორიც გერმანიასთან გვაქვს, არც გვქონია და არც დღეს გვაქვს. კრიმინალმა არ შეიძლება, იქონიოს გავლენა საქართველოს მოქალაქების თავისუფალ გადაადგილებაზე ევროპაში. ეს საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნილია", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.