საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „ფრიდრიხ ებერტის ფონდში" გამართულ საჯარო გამოსვლაში შეხვედრის მონაწილეებს საქართველოს მთავრობის სამომავლო გეგმები და 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმა გააცნო.
„პირველ რიგში, გეგმა ითვალისწინებს: ეკონომიკის განვითარებაზე ორიენტირებულ რეფორმებს, რომელიც მოიცავს საგადასახადო ტვირთის შემცირებას; საგანმანათლებლო სისტემის რეფორმას, რომელიც მიზნად ისახავს სკოლებში სწავლების ხარისხის გაუმჯობესებასა და უმაღლესი განათლების იმგვარად ორგანიზებას, რომ კონკრეტული სფეროს სპეციალისტთა მოთხოვნასა და მიწოდებას შორის ბალანსი დამყარდეს; ინფრასტრუქტურული სერვისების განვითარებას, რათა შეიქმნას აღმოსავლეთ-დასავლეთისა და ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნები. ჩვენ მიზნად ვისახავთ გამოვიყენოთ საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი აბრეშუმის გზის ქვეყნის პოტენციალი, ასევე არსებული უზარმაზარი შესაძლებლობები ტურიზმის სფეროში; ღია მმართველობა - სხვა საკითხებს შორის, ჩვენ ვგეგმავთ კერძო სექტორის საკანონმდებლო პროცესებში ჩართვასა და საჯარო სერვისის მიწოდების შემდგომ გაუმჯობესებას და მოდერნიზებას", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერმა მადლობა გადაუხადა ფრიდრიხ ებერტის უძველეს პოლიტიკურ ფონდს მიწვევისთვის და იმედი გამოთქვა, რომ გერმანია დარჩება საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ერთ-ერთ ყველაზე მტკიცე და საიმედო მხარდამჭერად.