მოსკოვის დიდი თეატრის 34 თანამშრომელს, რომლებიც კონცერტის „ჩვენ ერთად ვართ“ ორგანიზებაში მონაწილეობდნენ, COVID-19 დაუდგინდათ. ინფორმაციას ТАСС თეატრის გენდირექტორის ვლადიმირ ურინის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ურინის ინფორმაციით, ყველა ინფიცირებული სამუშაოს ჩამოაშორეს, მათ დაავადების სიმპტომები არ აღენიშნებათ.
კორონავირუსზე ტესტირება თეატრის ყველა თანამშრომელს, დაცვისა და ინჟინრების ჩათვლით, ჩაუტარდა. ასეთი იყო ტელეარხთან შეთანხმების პირობა.
კონცერტი „ჩვენ ერთად ვართ“ ტელეარხ „Россия 1“-ზე პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. დიდი თეატრის სცენაზე ცარიელი დარბაზის წინ მუსიკოსები, არტისტები და ხელოვნების სხვა მუშაკები გამოვიდნენ.