საქართველო ალბათ ერთ-ერთი ყველაზე სოლიდური მოცულობის დახმარების მიმღები ქვეყანა იქნება საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მხრიდან, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა „ღამის კურიერში“ საუბრისას.
როგორც მან აღნიშნა, საქართველოს მთავრობა ყოველდღიურ რეჟიმში პარტნიორ დონორ ორგანიზაციებთან ინტენსიურ მოლაპარაკებებს მართავს.
„მინდა მადლიერება გამოვხატო ჩვენი დონორების მიმართ. ამ მოლაპარაკებების შედეგად, ჩვენ, დაახლოებით, 1,5 მილიარდი დოლარის ოდენობის ფინანსური რესურსის კონსოლიდირება მოვახდინეთ, რომელიც შეთანხმდა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან. თავის მხრივ, საერთაშორისო სავალუტო ფონდმაც გამოთქვა მზადყოფნა, გამოყოს დახმარება. ჯამში, საკმაოდ რეალურია საქართველომ როგორც საბიუჯეტიო, ისე მიზნობრივი დახმარების სახით მიიღოს 1,5 მილიარდი დოლარის ოდენობის მხარდაჭერის პაკეტი“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.
მისი თქმით, დონორების მხრიდან ასევე აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს საფინანსო და კერძო სექტორთან და აქაც საუბარია, დაახლოებით, 1,5 მილიარდ დოლარამდე ფინანსური რესურსის მობილიზებაზე.