ვნების კვირეულის დიდი ოთხშაბათი იუდას მიერ იესო ქრისტეს გაცემის დღეა. ამ დღეს იუდამ გასცა მოძღვარი და სინედრიონის წევრებს მის შეპყრობაში დახმარება აღუთქვა, რისთვისაც 30 ვერცხლი მოითხოვა.
ოთხშაბათის ღამე მაცხოვარმა ბეთანიაში გაატარა. აქ, სიმონ კეთროვნის სახლში, იმ დროს, როცა მღვდელმთავრებს, მწიგნობრებსა და უხუცესებს იესო ქრისტეს მოტყუებით შეპყრობა და მოკვდინება ჰქონდათ გადაწყვეტილი, უცხო დედაკაცმა ძვირფასი ნელსაცხებელი ინახით მჯდომ მაცხოვარს უხვად დაასხა თავზე, რითაც როგორც თავად მაცხოვარმა ბრძანა, იგი დასაფლველად მოამზადა.
აქვე, დედაკაცის უანგარო საქციელის საპირისპიროდ, იესო ქრისტეს თორმეტთაგან ერთ-ერთი მოწაფის, იუდა ისკრიოტელის უმადურ სულში ჩაისახა ბოროტი აზრი, თავისი მასწავლებელი და უფალი იუდეველთა უკანონო საბჭოსთვის მიეცა. ამიტომ დიდი ოთხშაბათის საეკლესიო მსახურება განადიდებს იმ დედაკაცს, რომელმაც მაცხოვარს ნელსაცხებელი სცხო, იუდას ვერცხლისმოყვარებას და გამცემლობას კი კიცხავს და გმობს.
იუდას ცოდვა იმდენად შემზარავია, რომ თვით მახარებლებიც კი ერიდებიან ამ თემის გააზრებას და მოკლედ მოგვითხრობენ ამ ამბავს.
უფალი საქმით თუ სიტყვით ყოველდღე ახსენებდა იუდას, რომ გამყიდველი მას ვერ დაემალებოდა. უფალი არ დუმდა, რათა ისკარიოტელს არ ჰგონებოდა, რომ მისი განზრახვა დაფარული იყო უფლისაგან. თუმცა ყველას თანდასწრებით არ ამხელდა, რათა უფრო უსირცხვილო არ გამხდარიყო.
ღმერთმა თავისუფალი არჩევნის მქონე არსებებად შექმნა ადამიანები და მათ კეთილსა და ბოროტს შორის არჩევნის უფლება დაუტოვა. ამდენად, იუდას შეეძლო, არ დამორჩილებოდა ვერცხლისმოყვარეობას. თუმცა თვითონვე არ ისურვა ცოდვისაგან განკურნება.
მაცხოვარის გვერდით ყოფნის მიუხედავად, იუდამ სულიერი გაზრდა ვერ მოახერხა, თუმცა მაცხოვარი მისდამიც ისეთივე მზრუნველობას იჩენდა, როგორსაც სხვების მიმართ. მეტიც, როცა იუდას ვერცხლისმოყვარეობის ვნება შეამჩნია, მას მოციქულების საერთო ყულაბა ჩააბარა და ნება მისცა, საკუთარი შეხედულებებისამებრ ეხარჯა ფული _ თავის თავს ხომ ვეღარ მოჰპარავდა. იუდას სულში მაინც არაფერი შეცვლილა.
„ხოლო იუდამ წაიყვანა რომაელთა რაზმი და მღვდელმთავართა და ფარისეველთაგან გამოგზავნილი მსახურნი', - მოგვითხრობს იოანე მახარებელი. 'და მივიდნენ იქ ლამპრებით, ჩირაღდნებითა და იარაღით. იესო, რომელმაც იცოდა, რაც მოელოდა, გამოვიდა და უთხრა: ვის ეძებთ? მიუგეს მას: იესო ნაზარეველს. უთხრა მათ: მე ვარ... როდესაც უთხრა, მე ვარო, დაიხიეს უკან და მიწაზე დაემხნენ' (იოანე 17, 3-6).
იესოს შეეძლო, თავი დაეხსნა, რადგან მის წინაშე ჯალათებიც კი მიწაზე ემხობოდნენ, მაგრამ მაინც ჩაჰბარდა. ამგვარად, მისი ჯვარცმის ტვირთი ნებაყოფლობითი აქტი იყო, კაცობრიობის გამოსახსნელად გაწეული.
ტროპარი: აჰა ესე სიძე მოვალს შუაღამესა და ნეტარ არს მონაი იგი, რომელი იპოვოს მღვიძარე, ხოლო ვაი არს მონისა მის, რომელი იპოვოს უდებებით; იხილე სულო ჩემო და ნუ გრულის ძილისათვის, რაითა არა გამოვარდე სასუფევლისაგან, არამედ აღისთუე სუაღამესა და ხმობდი: წმინდა ხარ, წმინდა ხარ, წმინდა ხარ შენ, რმერთო ჩუენო, ღვთისმშობელისა მიერ შეგვიწყალენ ჩუენ.
კონდაკი: ვსცოდე უმეტეს მეძავისა მის, სახიერ, არა მაქუს ცრემლთა ნაკადული შეწირვად შენდა, არამედ დუმილით შეგივრდები და სურვილით ამბორს უყოფ ფერხთა შენთა, და გევედრები: მოტევებაი ცოდვათა მომანიჭე, ვითარცა მეუფემან, და ბიწთა საქმეთა ჩუენთაგან განმათავისუფლე, ვითარცა მაცხოვარმან.
დღეს იუდა დაუტეობს მოძღვარსა სახიერსა, და მიითვალავს ეშმაკსა, დაბრმდების ვნებითა მით ვეცხლის მოყვარებისათა, და განვარდების, ნათლისაგან დაბნელებული, და ვითარმცა ეძლო ხილვად, რომელმან მნათობი უსასყიდლო განჰყიდა ზაკვით ოცდაათ ვეცხლად, არამედ ჩვენ გამოგვიბრწყინდა, რომელმან ყოვლისა სოფლისათვის ივნო, მისა მიმართ ჴმა-ვჰყოთ, რომელი ჯუარს-ეცუ მოწყალეო, კაცთ-მოყვარეო უფალო, დიდება შენდა.
რომელმანმე საქმემან გყო შენ იუდა განმცემელ მაცხოვრისა ყოველთასა, ნუ უკვე კრებულისა მის მოწაფეთასა განგყო, ანუ ნუ უკვე სერობასა ტაბლისა მისგან განგაყენა, ანუ სხვათ ფერჴნი დაჰბანნა და შენ უგულებელს-გყო; ჵ რაოდენთა კეთილთა დამვიწყებელ იქმენ, ამისთვის შენი უმადლო გონება განაქიქა, ხოლო მისი იგი საღმრთო აურაცხელი მოწყალება და სულგრძელება განითქვა ცისკიდეთა.
დიდ ოთხშაბათს წყდება დიდი მეტანიები, რომელთაც ეფრემ ასურის ლოცვის: „უფალო და მეუფეო ცხოვრებისა ჩემისაო...“ - დროს ვასრულებთ. ამის შემდეგ, პარასკევამდე, ამ ლოცვას მხოლოდ მონაზვნები ასრულებენ სენაკებში. ამგვარად, ეფრემ ასურის ლოცვა ყველიერის კვირის ოთხშაბათს იწყება და ვნების კვირის ოთხშაბათს სრულდება.