რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევაში სამხრეთ კავკასიის შესახებ გამართული საერთაშორისო დისკუსიების მორიგ რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„შეხვედრის საერთო ატმოსფეროს ჩრდილი მიაყენა 7 ივნისს გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე ლტოლვილების და იძულებით გადაადგილებული პირების შესახებ რეზოლუციის ქართული პროექტის მიღებამ, რომელიც შედგენილია უკიდურესად პოლიტიზირებულად და რეალური ფაქტების შეუსაბამოდ. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დელეგაციებმა ამასთან დაკავშირებით მკვეთრი პროტესტი გამოთქვეს, ჟენევის დისკუსიების დღის წესრიგიდან ლტოლვილების შესახებ პუნქტის ამოღება მოითხოვეს და უარი თქვეს ამ თემის განხილვაზე, ვიდრე ქართული მხარე არ შეწყვეტს ნიუ-იორკში ლტოლვილების მდგომარეობის შემსუბუქებისთვის უაზრო დოკუმენტების წარდგენას. რუსეთის დელეგაციამ მხარი დაუჭირა ორი დამოუკიდებელი რესპუბლიკის პოზიციას", - ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების ოფიცილურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ამასთან, რუსეთის საგარეო უწყება მწუხარებას გამოთქვამს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ოკუპირებული რეგიონების წარმომადგენლებისთვის ვიზების გაცემაზე უარის თქმის გამო. რუსული მხარე მიიჩნევს, რომ ეს არ უწყობს ხელს ჟენევასა და ნიუ-იორკში ობიექტურ და კონსტრუქციულ მუშაობას.
როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამია, ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეთა უმეტესობა შეთანხმდა, რომ ცალკეული ინციდენტების მიუხედავად, რეგიონში ვითარება სტაბილური რჩება. განცხადებაში ნათქვამია, რომ „სასაზღვრო რეგიონების მცხოვრებლების გადაადგილება უზრუნველყოფილია სათანადო დონეზე".
რუსეთის საგარეო უწყება ასევე ინციდენტების აღკვეთისა და მათზე რეაგირების ერთობლივი მექანიზმების მუშაობაში პოზიტიურ დინამიკაზე საუბრობს.
„მონაწილეები მიესალმებიან მრავალწლიანი პაუზის შემდეგ აფხაზეთის ქალაქ გალში ინციდენტების აღკვეთისა და მათზე რეაგირების ერთობლივი მექანიზმის აღდგენას (მორიგი შეხვედრა 6 ივლისს არის დაგეგმილი). 19 მაისს საქართველო-აფხაზეთის საზღვრის რაიონში მომხდარი ტრაგიკულ ინციდენტთან დაკავშირებით, რომლის შედეგადაც დაიღუპა საქართველოს მოქალაქე, გამოითქვა იმედი, რომ აფხაზეთის რესპუბლიკის ხელისუფლება მომხდარს გამოიძიებს ნაციონალური კანონმდებობის შესაბამისად და გამოძიების შედეგებს აცნობებს ინციდენტების აღკვეთისა და მათზე რეაგირების ერთობლივი მექანიზმის მონაწილეებს.
სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის წარმომადგენლებმა შეშფოთება გამოთქვეს ქართული მხარის მიერ პროვოკაციური პრაქტიკის გამო, კერძოდ სასაზღვრო ნიშნების დაზიანების გამო, მათ შორის ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, ასევე რესპუბლიკის ტერიტორიაზე ქართული სამართალდამცველი ორგანოების თანამშრომლების შეღწევის გამო", - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
რუსული მხარე ოკუპირებულ რეგიონებთან ე.წ. საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის აუცილებლობაზე საუბრობს.
განცხადებაში ასევე გამოთქმულია შეშფოთება საქართველოში NATO-ს აქტიურობი გამო, კერძოდ, მაისში ჩატარებული ერთობლივი წვრთნის გამო.
„ცალკეული ქართველი პოლიტიკოსების მილიტარისტული განცხადებების ფონზე ევროპიდან საქართველოში ალიანსის ძალების, მათ შორის ტანკებისა და ჯავშანტრანსპორტიორების, ოპერატიული გადასროლის დამუშავება, სოხუმსა და ცხინვალში საფუძვლიან შეშფოთებას იწვევს. ამასთან დაკავშირებით, თბილისის უარი ჟენევის დისკუსიების მონაწილეების მიერ ძალის გამოუყენებლობის შესახებ საერთო განცხადების მიღებაზე აღქმული იყო როგორც არაკონსტრუქციული მიდგომა მოლაპარაკებების უმნიშვნელოვანესი თემისადმი", - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.