“თითოეული ჩვენგანის ვალდებულებაა, დავიცვათ კანონი და ის შეზღუდვები, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის არის დაწესებული,” – ამის შესახებ პრემიერის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.
მისი თქმით, „კოვიდ-19“ არის გლობალური გამოწვევა და უმძიმესი კრიზისი მთელი მსოფლიოსთვის.
„აქამდე ჩვენ მოვახერხეთ ვირუსის შენელება, რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი ექიმების, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუშაკების, პოლიციელების, მებაჟეების, მესაზღვრეეების და ყველა ადამიანის ერთობლივი დამსახურება, ვინც უხილავ მტერთან ბრძოლის წინა ხაზზე დგას.
მოგეხსენებათ, საქართველოში მატულობს შიდა გავრცელების შემთხვევები, მნიშვნელოვნად ფართოვდება კლასტერები და უფრო და უფრო მეტად იზრდება შესაძლო შემთხვევების რაოდენობა. ქვეყანა საგანგებო მდგომარეობის პირობებში ცხოვრობს, მოქმედებს ე.წ. კომენდანტის საათი და სულ უფრო მკაცრდება შეზღუდვები. დღეს თითოეულ ჩვენგანს განსაკუთრეუბლი პასუხისმგებლობა გვაკისრია, პირველ რიგში, ერთმანეთისა და ჩვენი ქვეყნის წინაშე.
თითოეული ჩვენგანის ვალდებულებაა, დავიცვათ კანონი და ის შეზღუდვები, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის არის დაწესებული. როგორც გუშინაც განვაცხადეთ, აქტიური კომუნიკაცია გვაქვს საპატრიარქოსთან და ჩვენს პატრიარქთან. ჩვენ მივიღეთ ერთობლივი გადაწყვეტილება, რომ არ დაირღვეს კანონი და არ დაიხუროს ეკლესიები და დაცული იქნას სოციალური დისტანცირება ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე ზრუნვის მიზნით“, – განაცხადა ჩიქოვანმა.
მისი თქმით, ერთობლივი გადაწყვეტილების შედეგად, ეკლესიაში დაცული იქნება უსაფრთხოების ყველა ნორმა, რომელიც დადგენილია ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ.
„კერძოდ, დიდი ზომის ეკლესიებში დაცული უნდა იყოს სულ მცირე, ორ მეტრიანი სოციალური დისტანცია, მცირე ზომის ეკლესიაში იქნებიან მხოლოდ სასულიერო პირები და ეკლესიის მსახურები.
ამასთან, ყველა ეკლესიასთან იქნება მობილიზებული საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები, რომლებიც ადგილზე უზრუნველყოფენ კომენდანტის საათით გათვალისწინებული ნორმების და სოციალური დისტანციის განუხრელ დაცვას.
დაბეჯითებით მოვუწოდებთ მოქალაქეებს, გაითვალისწინონ, რომ ქვეყანაში მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა, რომლის ფარგლებში დაწესებული ე.წ კომენდანტის საათის დროს, საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე იზღუდება ყოველგვარი გადაადგილება. ამ ნორმის დარღვევა კი, ფიზიკური პირებისთვის ითვალისწინებს 3 ათას ლარის ოდენობით ჯარიმას, განმეორების შემთხვევაში კი, სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას“, – განაცხადა პრემიერის პრესსპიკერმა.
როგორც მან აღნიშნა, მოქალაქეებმა განუხრელად უნდა დაიცვან კანონის ძალით დადგენილი შეზღუდვები და საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე შეზღუდონ გადაადგილება, წინააღმდეგ შემთხვევაში, მიღებული იქნება კანონით გათვალისწინებული ზომები.