logo_geo
eng_logo
ინსულტით დაზიანებული უჯრედების აღდგენა შესაძლებელია! – უნიკალური კვლევის ავტორი ქართველი მეცნიერია
- +

16 აპრილი. 2020. 00:08

 

რამდენიმე დღის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მეცნიერებმა, კანის უჯრედებიდან მიღებული ტვინის ქერქის ნერვული უჯრედები, ვირთაგვის ინსულტით დაზიანებულ ტვინში გადანერგეს. ექსპერიმენტმა გაამართლა – მღრღნელებს, მოტორული ფუნქცია, ნაწილობრივ აღუდგათ და ეს უჯრედები, სრულად ინტეგრირდა, დაზიანებულ ნერვულ რკალში.

 

 

ცნობილ ამერიკულ სამეცნიერო ჟურნალ PNAS-ში დაბეჭდილი კვლევა, შვედეთში მომუშავე ქართველი მეცნიერის, ზაალ კოკაიას ლაბორატორიაშია შესრულებული.

 

 

ლუნდის უნივერსიტეტის პროფესორ, ფილოსოფიის (PhD) და ბიოლოგიურ მეცნიერებათა (DSc) დოქტორ, ლუნდის ღეროვანი უჯრედების ცენტრის დირექტორ, „მეცნიერებაში საქართველოს ეროვნული პრემია (2019)” მფლობელ ბ-ნ ზაალ კოკაიას, „პრაიმტაიმი“ შვედეთში დაუკავშირდა და ახალ კვლევასთან დაკავშირებით, ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა:

 

 

– თქვენი ცნობილი ფრაზაა – „მინდა ასაკოვანი ადამიანების „ჯანმრთელად დაბერება“… მიაღწიეთ ამას?

 

 

– სიბერე, გარდაუვალი ბიოლოგიური პროცესია. განვითარებულ ქვეყნებში სიცოცხლის ხანგრძლივობა უფრო და უფრო იზრდება. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ბიოლოგიურად ნაკლებად ვბერდებით, ეს ძირითადად ხდება იმის ხარჯზე, რომ მედიცინა წინ მიდის და რის გამოც ადრე ვიღუპებოდით, დღეს ხდება განკურნება. ამ ავდომყოფობის გადავადება ან, სიმპტომების შემსუბუქება.

 

 

ბევრი დაავადება, მათ შორის ტვინის ინსულტი, ასაკთანაა დაკავშირებული და რაც წლები გვემატება, ტვინის ინსულტის შანსი იზრდება. ასევეა ბევრი სხვა დაავადება.

 

 

„ჯანმრთელად დაბერება“, იმ ფუნქციური შესაძლებლობების, გამომუშავებას და შენარჩუნებას ნიშნავს, რაც ხელს შეუწყობს კეთილდღეობას ხანდაზმულ ასაკში – ადამიანებმა უნდა გამოიმუშაონ ის უნარები, რაც მათ საშუალებას მისცემს, იცხოვრონ ისე და გააკეთონ ის, რაც მათთვის კომფორტულია და შეინარჩუნონ, მათთვის მისაღები ცხოვრების ხარისხი, სხვაზე დამოკიდებულების გარეშე.

 

 

– სხვა ორგანოდან, მაგალითად, კუნთის უჯრედიდან თავის ტვინის ქერქოვანი უჯრედი თუ შეგიქმნიათ?

 

 

– კუნთის არა, მაგრამ ამჟამად, სისხლის უჯრედებიდან და ტვინის სხვა არანეირონული უჯრედებიდან, ნერვული უჯრედების მიღებაზე ვმუშაობთ. სასიკეთო პირი უჩანს და იმედია, ამ პრობლემასაც, მალე დავძლევთ. თეორიულად კი, ნებისმიერი უჯრედიდან უნდა იყოს შესაძლებელი ნერვული უჯრედის მიღება.

 

 

აქ საკითხი, დამოკიდებულია ამ მეთოდის სისწრაფეზე, ეფექტურობაზე და რა თქმა უნდა, ასევე ღირებულებაზე.

 

 

 

– ცნობილი იყო, რომ ნერვული უჯრედები, ანუ ნეირონები არ იყოფა – შეიცვალა მიდგომები და აღმოჩნდა, რომ იყოფა…

 

 

– ნეირონები კვლავ არ იყოფა. უბრალოდ, შეიცვალა ის დოგმა, რომ ახალი ნეირონები არ წარმოიქმნება ზრდასრულ ტვინში. აღმოჩნდა, რომ ძუძუმწოვართა თავის ტვინში, მათ შორის ადამიანბებშიც, არის ე.წ. ზრდასრული ნერვული ღეროვანი უჯრედები, რომლებიც განლაგებულია, ტვინის განსაზღვრულ უბნებში და დასაბამს აძლევენ ახალი ნეირონების წარმოქმნას, მთელი ცხოვრების მანძილზე.

 

 

– რამდენად რთული პროცესია და რა დროს მოიცავს, რომ კანის უჯრედი, ტვინის უჯრედად გარდაიქმნას? –  საუბარია, ინსულტიან ადამიანებზე…

 

 

– კანის უჯრედიდან ნერვული უჯრედის მიღების, ორი ძირითადი გზა არსებობს. ორივე ხორციელდება, უჯრდეული კულტურის ანუ, ხელოვნურ, ლაბორატორულ პირობებში. პირველი, უფრო გრძელი გზაა. თავდაპირველად, ადამიანის კანის ქსოვილიდან გამოვყოფთ სპეციალურ უჯრედებს, რომლებსაც ფიბრობლასტები ჰქვია და მათში ოთხი სხვადსხვა გენის აქტივაციით გარდავქმნით, ე.წ. ინდუცირებულ ღეროვან უჯრედად. ეს ის ღეროვანი უჯრედებია, საიდანაც შესაძლოა, მივიღოთ ნებისმიერი სპეციალიზირებული უჯრედი. ამ მეთოდმა, 2012 წელს „ნობელის პრემია“ მიიღო.

 

 

ჩვენ შემთხვევაში, ინდუცირებული ღეროვანი უჯრედებიდან ვაკეთებთ, ნერვულ უჯრედებს ანუ, ნეირონებს. ეს ხანგრძლივი პროცესია, რამდენიმე თვე სჭირდება, მაგრამ უპირატესობა ისაა, რომ სანამ, ზრდასრულ ნერვულ უჯრედს მივიღებთ, ღეროვანი უჯრედებიდან, ნერვული უჯრედების ეგერეთწოდებულ უჯრედულ ხაზს ვამზადებთ, რომელიც მოუმწიფებელი უჯრედებისგან შესდგება და რომლებსაც შესწევთ, გამრავლების უნარი. მეორე მეთოდის გამოყენებით – ფიბრობლასტებს, პირდაპირ ნეირონებად გარდავქმნით. ეს პორცესი, რამდენიმე კვირა გრძელდება, მაგრამ ამ შემთხვევაში, ახლად მიღებული უჯრედების გამრავლება, არ არის შესაძლებელი.

 

 

– თუ არის შესაძლებელი, რომ მომავალში, ღეროვანი უჯრედიდან, სხვადასხვა ორგანოს უჯრედები შექმნათ?

 

 

– მომავალში კი არა, უკვე შესაძლებელია ღეროვანი უჯრედებიდან, სხვადსახვა ქსოვილის თუ ორგანოს უჯრედების მიღება. მაგალითად, გულის კუნთის, ხრტილის, სისხლის სხვდასხვა უჯრედების, ღვიძლის, გულის კუნთის, ფილტვის და სხვა. სხვადასხვა ფაქტორების და ნივთიერებების ზემოქმედებით, შესაძლებელია, ღეროვანი უჯრდების განვითარების, სასურველი მიმართულებით წარმართვა და შესაბამისი ტიპის, უჯრედების მიღება. თუმცა, ეს მეთოდები, მუდმივად იხვეწება, მარტივდება და ახალ-ახალი უჯრდების მიღება ხდება.

 

 

– რა დრო დასჭირდება, რომ ამ ტიპის კვლევა ადამიანებზე ჩატარდეს?

 

 

– ძნელი სათქმელია. კვლევის ჩატარება, შესაძლოა, მალევე მოხდეს. თუ კვლევა წარმატებული იქნა, დიდი დრო და რესურსები დასჭირდება, ამ მეთოდის კლინიკიურ გამოცდას და მიუკერძოებლად, მისი ეფექტურობის და უსაფრთხოების დადგენას.

 

 

– საქართველოში ინსულტით დაავადებულთა რიცხვი საკმაოდ მაღალია – რას თვლით ამის მიზეზად?

 

 

– ვერ ვიტყოდი, რომ განსაკუთრებულად მაღალია, თუმცა, არც მცირეა. მიზეზი ბევრი შეიძლება იყოს. მათ შორის არაჯანსაღი და არადაბალანსირებული კვება, ფიზიკური აქტიობის ნაკლებობა, სიგარეტის მწეველთა და ალკოჰოლის ჭარბად მომხმარებელთა დიდი რაოდენობა, მუდმივი სტრესი, არაკონტროლირებული არტერიული წნევა და სხვა ფაქტორებიც, რომელიც ზოგადად, ინსულტის გამოწვევის რისკს საგრძნობლად ზრდის.

 

 

– გეგმავთ, საქართველოში განავითაროთ თქვენი გამოცდილება?

 

 

–  საქართველოში ხშირად ჩამოვდივარ. თსუ-ში მოწვეული პროფესორი ვარ და მედიცინის ფაკულტეტის დოქტორანტებს, ლექციათა ორ კურსს ვუკითხავ. ასვე, მორფოლოგიის ინსიტუტში გავხსენით „სპინოფ“ კომპანია, რომელიც განახორციელებს პაციენტების მოლეკულურ, გენეტიკურ და უჯრედულ დიაგნოსტირებას და ასევე, წარმართავს სამეცნიერო კვლევებს. იმედი მაქვს, რომ გარკვეულ ეტაპზე, შეგვეძლება, ღეროვან უჯრედებზეც ვაწარმოოთ კვლევები.

 

 

– საქართველოში, პრობლემაა, რომ ექიმთან დროულად არ მიდიან…

 

 

– ზოგადად, მოსახლეობა ნაკლებად არის ინფორმირებული, ტვინის ინსულტის სიმპტომებზე, გულის ინფარქტთან შედარებით. მკერდის არეში ტკივილის დროს, სასწარფოს გამოვუძახებთ ან, თავად გავქანდებით ექიმთან, ხოლო, კიდურის ან, სახის უეცარი დაბუჟების გამო, არ მგონია, ვინმემ, სასწრაფოდ ექიმს მიაკითხოს, იმის მიუხედავად, რომ ეს შეიძლება იყოს, ტვინის ინსულტის ადრეული სიმპტომი. ასეთ შემთხვევებში, დროულად სასწრაფოს გამოძახებით, შესაბამის კლინიკაში მოთავსებით და გადაუდებელი მკურნალობის ჩატარებით, დღეს უკვე შესაძლებელია თავიდან ავიცილოთ, ან მნიშვნელოვნად შევამციროთ, ინსულტით გამოწვეული უმძიმესი შედეგები.

 

 

–  რა სფეროში მოღვაწეობს თქვენი მეუღლე?

 

 

– ჩემი მეუღლე – თამუნა ჩიქოვანი, ფილოლოგია. 30 წელია, ერთად ვართ. თბილისში, მე-6 გერმანულ სკოლაში მუშაობის პერიოდში გავიცანით ერთმანეთი.

 

 

 

მუშაობს თარჯიმნად და ასევე, პატარა სამკაულების მაღაზიის თანამფლობელია. შვედურიდან, ქართულად თარგმნის მხატვრულ ლიტერატურას. საქართველოში გამოიცა მის მიერ თარგმნილი – ასტრიდ ლინდგრენის „ყაჩაღის ასული რონია”, “ძმები ლომგულები” და „ლოტა აურზაურის ქუჩიდან“.

 

 

– რა პროფესიის არიან თქვენი შვილები – აირჩია რომელიმემ თქვენი პროფესია ?

 

 

– უფროსი შვილი გიორგი – ლუნდის უნივერსიტეტის დოქტორანტია, თეორიულ ფიზიკის განხრით და ოჯახთან ერთად ცხოვრობს ქ. ლუნდში (შვედეთი). უმცროსი ვაჟი ლუკა – სტოქჰოლმში, ჯანდაცვის ელექტრონული სისტემების კომპანია „Cambio“- ში, ბიზნეს კონსულტანტად მუშაობს.

 

 

– საქართველოში რომ დარჩენილიყავით, შეძლებდით ასეთი წარმატების მიღწევას?

 

 

– დიდი ალბათობით, ვერ შევძლებდი. იმაშიც არ ვარ დარწმუნებული, თუ საერთოდ, მეცნიერებაში დავრჩებოდი. მარჩიელობა, უმადური საქმეა და არ მიყვარს. გამიმართლა, რომ 90-იან წლებში, როცა საქართველოში კრიზისი დაიწყო, მე უკვე შვედეთში ვმუშაობდი. თუმცა, მეცნიერების ის სფერო, რომელიც ჩემი კვლევების საგანს წარმოადგენს, კერძოდ ღეროვანი უჯრედები, რეპროგრამირება და აღდგენითი ნევროლოგია, ძალიან კონკურენტულია და არც ისე იოლი იყო და არის კიდეც ამ კონკურენციასთან გამკლავება და მით უმეტეს, წარმატების მიღწევა.

 

 

– რთულია ჩვენი საუბარი მიმდინარე პანდემიას ასცდეს… გაჩნდა მოსაზრება, რომ COVID-19 შესაძლოა ნევროლოგიური გართულებებითაც მიმდინარეობდეს. ვუჰანის სამი ჰოსპიტლის მონაცემებით, კოვიდ-19-ის სიმპტომების გამოვლენიდან 10 დღეში, პაციენტების 5.9%-ში დაავადება ინსულტით გართულდა. ინსულტი განუვითარდათ ხანდაზმულ, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე პაციენტებს, რომლებიც საავადმყოფოში მძიმე პნევმონიის (ფილტვების ანთების) გამო იყვნენ მოთავსებული…

 

 

– კორონავირუსზე, იმდენი რამ დაიწერა და იწერება, მე ახალს ვერაფერს გეტყვით. რამდენადაც ვიცი, ექიმების მიერ, გამოითქვა ვარაუდი, რომ COVID-19-ით ინფიცირება, შესაძლოა, ასევე იწვევდეს მომატებულ სისხლის შედედებას და მცირე სისხლძარღვების თრომბოზს. უფრო მეტიც, ამჟამად ტარდება კვლევა, შესაძლებელი იქნება თუ არა, სისხლის კოლტის დამშლელი პრეპარატის (TPA) გამოყენება.

 

 

– ინსულტი „გაახალგაზრდავდა“ – სტატისტიკური მონაცემებით, მსოფლიოში ინსულტის ყოველი მეათე შემთხვევა, 45 წლამდე ასაკის ადამიანს ემართება! რა შეიძლება ჩაითვალოს, კორონავირუსის დროს, ინსულტის გამომწვევ მიზეზებად და რა ასაკის ადამიანები არიან რისკის ქვეშ?

 

 

– მძიმე შემთხვევების დროს სარწმუნო დასკვნების გასაკეთებლად საჭიროა სპეციალურად დაგეგმილი კვლევების ჩატარება, რომელიც დიდ დროს და სახსრებს მოითხოვს. დღეს ეს შეუძლებელია და ამიტომ, ხშირად ვარაუდები გამოითქმება, ხელთ არსებული კლინიკური მასალის საფუძველზე, უმეტეს შემთხვევაში, მცირე რაოდენობის პაციენტებზე დაყრდნობით და ყოველგვარი სარწმუნო კონტროლის გარეშე.

 

 

ეს გასაგებია, რადგან დღეს ჩვენ არ ვართ სტანდარტულ სიტუაციაში და მსგავსმა დაკვირვებებმა, შესაძლოა, დადებითი შედეგი გამოიღოს, არსებული მკურნალობის სტრატეგიის წარმართვაზე, ამ ექსტრაორდინალურ პირობებში. იმედი მაქვს, როცა ეს კრიზისი გადაივლის, ჩატარდება უფრო დეტალური, სისტემური კვლევები და არსებული კლინიკური მასალის ანალიზი, რაც მომავალში, ხელს შეუწყობს მსგავსი ტიპის ინფექციების უფრო ეფექტურ მკურნალობას. საზოგადოებას კი ვურჩევდი, გავუფრთხილდეთ საკუთარ თავს და ჩვენს გარშემო მყოფ ადამიანებს, განსაკუთრებით ხანდაზმულებს!

 

 

 

შეგახსენებთ, რომ პროფესორ ზაალ (ზაზა) კოკაიას საქართველოში მიღებული აქვს ჯილდოები – არჩეულია სავადასხვა უნივერსიტეტების საპატიო პროფესორად თუ დოქტორად. 2009 წელს მიიღო საქართველოს ნევროლოგთა და ნეიროქირურგთა ასოციაციის პეტრე სარაჯიშვილის მედალი და საპატიო დიპლომი საქართველოში ნეირომეცნიერების დარგში გაწეული საგანმანათლებლო მოღვაწეობისთვის, 2016 წელს კი, აკად. ნინო ჯავახიშვილის მედალი მორფოლოგიის ინსტიტუტში შეტანილი წვლილისთვის. 2018 წელს, საქართველოს განვითარებისა და პოპულარიზაციისთვის გაწეული მოღვაწეობისთვის 20 ქართველს შორის პროფ. კოკაიას გადაეცა GD Alco-ს ჯილდო. პროფ. კოკაია არის დავით აღმაშენებლის (2012) და გრიგოლ რობაქიძის სახელობის (2019) უნივერსიტეტების საპატიო დოქტორი, თავისუფალი უნივერსიტეტის წარჩინებული პროფესორი (2013). იგი არჩეულია საქართველოს ალერგოლოგიის და კლინიკური იმუნოლოგიის ასოციაციაციის საპატიო წევრად (2012). გასულ წელს, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ – ზაალ კოკაიას, „მეცნიერებაში საქართველოს ეროვნული პრემია (2019)” მიენიჭა ნაშრომთა ციკლისათვის – „ტვინის დაზიანების დროს ახალი ნერვული უჯრედების წარმოქმნის მექანიზმები და დაზიანებული ტვინის ღეროვანი ნერვული უჯრედებით ფუნქციური აღდგენის სტრატეგია“.

 

 

პროფ.კოკაიას ხელმძღვანელობით, ქართულად ითარგმნა, მსოფლიოში ძალზედ პოპულარული წიგნი სტუდენტებისა და ექიმებისთვის დობერის „ადამიანის ანატომიის ჯიბის ატლასი“, რომელიც გამოსცა თსუ გამომცემლობამ – 2016 წელს. 2012 წელს, პროფ.კოკაიამ კოლეგებთან ერთად (პროფესორები დვალი, ლორთქიფანიძე და ბერეჟიანი), შეიმუშავა საქართველოში მეცნიერების განვითარების კონცეფცია.2019 წელს თსუ სტუდია „უნი-ვერსიამ“, შექმნა 30 წუთიანი დოკუმენტური ფილმი – „პროფესორ ზაალ კოკაიას ორი სამყარო“.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner