logo_geo
eng_logo
გიორგი მარგველაშვილი მედიაკონფერენციას დაესწრო
- +

16 ივნისი. 2016. 12:57



საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ევროპული ჟურნალისტიკის ტრეინინგასოციაციის (EJTA) ყოველწლიურ კონფერენციას დაესწრო, რომლის მთავარი თემაა „მედიაწიგნიერება - ახალი რეალობა".


ქვეყნის პირველმა პირმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და დემოკრატიული საზოგადოების განვითარებაში მედიის როლზე ისაუბრა. პრეზიდენტის განცხადებით, დემოკრატიული ქვეყნის წინაპირობა დამოუკიდებელი მედიაა.

 

„ჩვენ ვართ ძალიან მნიშვნელოვანი პროცესის მონაწილეები, რომელსაც სახელმწიფოებრიობისა და დემოკრატიის განვითარება ჰქვია. ეს პროცესები დიდადაა დამოკიდებული დამოუკიდებელ მედიაზე.

 

მედია ასრულებს მნიშვნელოვან როლს საზოგადოების განვითარებასა და საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაში. ქართველი ხალხი დიდი ინტერესით არის განწყობილი მედიისა და პოლიტიკის მიმართ. ისინი დაინტერესებული არიან იმ რეპორტაჟებით, რომელსაც ჟურნალისტები ამზადებენ; იმ დისკუსიებითა და კითხვებით, რომელსაც მედია პოლიტიკოსებს უსვამს.

 

ხალხს უყვარს მედიის წარმომადგენლები. საზოგადოებას არ ვუყვარვართ ჩვენ - პოლიტიკოსები, მაგრამ მიუხედავად ამისა,  ძალიან აქტიურად არიან ჩართული პოლიტიკაში და აინტერესებთ ის, თუ როგორ ვითარდება საზოგადოება. სწორედ ეს პროცესი არის გარანტია ჩვენ ქვეყანაში დემოკრატიის განვითარების", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.


გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, როდესაც ურთიერთობ მედიასთან, ეს რეალურად ნიშნავს, რომ შენ ურთიერთობ საზოგადოებასთან.


„მედიას შეუძლია, პირდაპირ მოგაწოდოს ინფორმაცია, თუ რას ფიქრობს საზოგადოება. როგორც პოლიტიკოსს, ყოველთვის გაქვს კომუნიკაცია საზოგადოებასთან, მაგრამ არასოდეს იცი, რეალურად რას ფიქრობენ ისინი. ამიტომაც ჟურნალისტებს აღიქვამ იმ ადამიანებად, რომლებსაც მოაქვთ ჩვენამდე ის მნიშვნელოვანი თემები, რომელიც საზოგადოებას აწუხებს. 

 

ჩემზე ყოველთვის დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა მედიის განვითარების, ჩვენი მედიის საქმიანობის დონე, თუ რაოდენ კარგად არიან ერუდირებული ჩვენი ჟურნალისტები, რაოდენ კარგად არიან ისინი მომზადებული ინტერვიუსათვის. საქართველოში ამას ყოველთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან მედია დემოკრატიის მამოძრავებელი ერთ-ერთი ძალაა", - აღნიშნა პრეზიდენტმა.


EJTA-ს ყოველწლიური კონფერენცია, რომელიც საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ორგანიზებით დღეს გაიხსნა, პირველად ტარდება საქართველოში. მასში მონაწილეობენ ქართველი, ევროპელი და ამერიკელი ჟურნალისტები, მედიის მკვლევარები და მედიასკოლების წარმომადგენლები.


კონფერენციის ფარგლებში  ჯოშუა ფრიდმანისა და GIPA-ს მიერ საუკეთესო ჟურნალისტური ნაშრომისათვის გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებულიც გამოვლინდება, რომელსაც პრიზს პულიცერის პრემიის მფლობელი და პრიზის თანაავტორი ჯოშუა ფრიდმანი გადასცემს.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner