დღეს დიდი ხუთშაბათი აღინიშნება. ამ დღეს მართლმადიდებელი სამყარო დიდ ხუთშაბათს მსახურებაზე სახარებისეულ ოთხ მნიშნელოვან მოვლენას- იესო ქრისტეს მიერ მოწაფეების ფეხთა ბანვას, საიდუმლო სერობას, გეთსიმანიის ბაღში იესო ქრისტეს ლოცვასა და იუდას მიერ გაცემას იხსენებს.
ამ დღეს ბასილი დიდის წირვა აღესრულება, რომელიც სერობას იმის სამახსოვროდ უერთდება, რომ უფალმა ზიარების საიდუმლო სწორედ ამ დღეს, სერობის ჟამს, დაადგინა. სერობაზე „რომელთა ქერუბიმთას" ნაცვლად იგალობება: „ სერობასა საიდუმლოსა შენისასა დღეს, ძეო ღვთისაო, ზიარებად შემიწყნარე"... სერობაზე მართლმადიდებელი ეკლესიების მღვდელმთავრები ფერხთბანის რიტუალს ატარებენ: როგორც მაცხოვარმა დაბანა ფეხები სერობის დაწყებამდე თავის თორმეტ მოწაფეს, ასევე ბანს ფეხებს მღვდელმთავარი თორმეტ მღვდელმსახურს.
დიდი ხუთშაბათი, ერთადერთი დღეა მთელი წლის განმავლობაში, როცა საჭიროების შემთხვევაში მირონის კურთხევა შეიძლება (ეს მირონი მღვდელმსახურებაში მირონცხების საიდუმლოს შესრულებისას და ტაძრების კურთხევისას გამოიყენება.
დიდი ხუთშაბათი საღამოს სრულდება დიდი პარასკევის ცისკარი, რომლის დროსაც ე.წ. „თორმეტი სახარება" ანუ ოთხი სახარებიდან ამოკრებილი 12 ნაწყვეტი იკითხება. მათში იესო ქრისტეს ის ვნებებია აღწერილი, რომლებიც ჯვარცმამდე შეემთხვა, დაწყებული მოწაფეებიდან მისი უკანასკნელი საუბრიდან საიდუმლო სერობაზე, დამთავრებული მაცხოვრის სხეულის იოსებ არამათიელის ბაღში დაფლვით და მისი საფლავისთვის მცველების მიჩენით. „თორმეტი სახარების" კითხვისას მორწმუნენი ხელში ანთებული სანთლებით დგანან, რაც კაცობრიობის მხსნელის მიმართ მხურვალე სიყვარულის გამოხატულებაა, მეორე მხრივ კი იმის ხსოვნა, რომ მაცხოვარს ღვთიური დიდება ვნების დროსაც არ დაუკარგავს. ყოველი სახარების წაკითხვის შემდგომ სამრეკლოს ზარი იმდენჯერ ჩამოჰკრავს, რიგით მერამდენე სახარებაც იკითხება.
მერვე სახარების დასრულების შემდგომ (ლუკას სახარება) კანონი იკითხება და საგალობელი იგალობება, რომელშიც ის ეპიზოდია ასახული, როდესაც იესო ქრისტემ მის გვერდით ჯვარცმულ ავაზაკს შეუნდო, რადგან ავაზაკმა სიკვდილის წინ შეინანა. ეს საგალობელი მთელი წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ სრულდება.
„თორმეტი სახარების" დასრულების შემდეგ მორწმუნენი ტაძრის შუაგულში დაბრძანებულ ჯვარცმასთან მიდიან, დიდი მეტანიის გაკეთებით, ჯვარცმას ეამბორებიან.
დიდ ხუთშაბათს საიდუმლო სერობის გასახსენებლად წმ. ბასილი დიდის ლიტურგია აღესრულება.