ბოლნისსა და მარნეულში „ნაციონალურმა მოძრაობამ" მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა.
პარტიის ლიდერშიფი ღონისძიებას დაესწრო, თუმცა, ადგილობრივ მოსახლეობას ინტერესი არ გამოუხატავს. ბოლნისის კულტურის სახლში სამირა ისმაილოვას წარდგენას 50-მდე მხარდამჭერი ესწრებოდა.
ვარაუდობენ, რომ ისმაილოვას მიმართ ელექტორატის დაბალი ინტერესი, თავად კანდიდატის დაბალმა რეიტინგმა განაპირობა. ენმ-ს ლიდერშიფიდან ღონისძიებას დათო ბაქრაძე, ნიკა მელია, კობა ხაბაზი და ირმა ნადირაშვილი ესწრებოდნენ.
მხარდამჭერების მობილიზება „ნაციონალებმა" ვერც გარდაბანში რამინ ბაირამოვის წარდგენის დროს შეძლეს. ღონისძიება ჩავარდა ასევე მარნეულში აზერ სულეიმანოვის და აკმამედ იმიმკულიევის (ასევე მარნეული) წარდგენების დროს. „ნაციონალების" ლიდერები ხალხის სიმცირის გამო უკმაყოფილებას პირად საუბრებში არ მალავდნენ.
პარტიის ლიდერები არ გამორიცხავენ, რომ მცირე მხარდაჭერის გამო, სულეიმანოვმა საარჩევნო სიაში მეორე ათეულიდან გაცილებით უკანა პოზიციებზე გადაინაცვლოს. ამ კონტექსტში კიდევ უფრო საინტერესო ხდება დავით ბაქრაძის ყიზილალჯოში ჩასვლა და „კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს" წარმომადგენელთან შეხვედრა.
ბაქრაძე ალი ალიევს სახლში ესტუმრა. ცნობილია, რომ ალიევი პაატა ბურჭულაძის პოლიტიკურ მოძრაობას უჭერს მხარს.