ლეგენდარული ქართველი მომღერალი ნანი ბრეგვაძე ყველა რეკომენდაციას ითვალისწინებს და სახლიდან გარეთ არ გადის.
„პრაიმტაიმი“ ნანი ბრეგვაძეს ესაუბრა, რომელმაც თქვა, რომ შვილიშვილები ენატრება, მაგრამ ახლა არც თავად მიდის მათთან სტუმრად და არც ისინი მოდიან.
– ქალბატონო ნანი, როგორ ხართ?
– როგორ ვიქნები? არავინ არ არის კარგად. მე ნამდვილად არ ვარ კარგად და ვებრძვი თავს, იმისთვის, რომ კარგად ვიყო. დღეები მაქვს კარგი, დღეები მაქვს ძალიან ცუდი. ახლა ყველაზე მთავარია, იტალია არ გაგვიხდეს საქართველო.
როგორ არასერიოზულად უყურებს ეს ხალხი პრობლემას, გაოცებული ვარ.
მე თუ ვზივარ სახლში და კიდევ ბევრი ადამიანი, დაჯექით თქვენც სახლში. მხოლოდ ეს გადაგვარჩენს – დავრჩეთ სახლში! რადგან ამას გეუბნებიან და მსოფლიო ამას ქადაგებს, ე.ი. შესწავლილია ყველაფერი.
გაჩერდა მსოფლიო და ეს მოქმედებს, თორემ ჩემს სახლში სხვა დროსაც კარგად ვიჯექი. ოჯახში საქმე არასდროს ილევა. არაფერი ცუდი არ არის სახლში ყოფნაში. ქართველი ხალხი ხომ ძალიან ნიჭიერია? ვისაც კითხვა არ უყვარს, სახლში ყოფნისას რაიმე ნიჭს იპოვის საკუთარ თავში.
ჩემს აივანზე ნამდვილი ბაღნარია, გვიყვარს ყვავილები ჩვენ, ტროტუარზეც არ ვცხოვრობ, იმდენი სახლებია გარშემო თვალს ვერ ვაწვდენ, მაგრამ აივანზე ოაზისი გვაქვს მოწყობილი. შესაძლოა ყვავილები დარგოთ.
– საყიდლებზე ვინ დადის?
– ეკა გადის გარეთ იშვიათად, ისიც შეიარაღებული. ყველა წესს იცავს, სანამ სახლში შემოვა იხდის ფეხსაცმელს, იწმინდავს ხელებს, შემდეგ იბანს, ჩვენი არაჩვეულებრივი ექიმები რასაც გვეუბნებიან ყველაფერს ვიცავთ.
მგონი ცოტა ინტელექტის და ჭკუის ნაკლებობის ბრალია ვინც არ უჯერებს ექიმებს, ან ჰგონიათ თავად არ დაემართებათ. მე დამჯერი ადამიანი ვარ, ბუნება მაქვს ასეთი. გადაღებებს რომ ვუყურებ არანაირი დაცულობა არა აქვთ, ისე მიდიან. ეს დიდი უპატივცემულობაა როგორც საკუთარი თავის, ასევე ახლობლების.
ცრემლებამდე მენატრება ჩემი შვილიშვილები. სკაიპით ვუყურებ რომ დავწყნარდე.
ნატალია ერთხელაც არ მოსულა რაც ეს ამბები დაიწყო. ჩემი უფროსი შვილიშვილი მეუღლესთან ერთად, ურუგვაიში ჩარჩა. იქ არ არის ვირუსი, კარგ პირობებში არიან, მაგრამ ერთი სული აქვთ როდის გაიხსნება ფრენები.
– ეკლესიის გადაწყვეტილებას როგორ აფასებთ?
– მგონია არასწორად იქცევიან. მთელმა მსოფლიომ დაკეტა ეკლესია, მაინცდამაინც ქართველები არ ვკეტავთ. გვეუბნებიან სახლში დარჩით და ორმეტრიანი დისტანცია დაიცავითო, ამ დროს კი არ იკეტება ეკლესია. ახლა როგორ შეიძლება იქ მიხვიდე და ხატები კოცნო? ჩემი აზრით სახლში უნდა დარჩეს ხალხი და ილოცოს. თუ ასე სწამთ ღმერთი შესაბამისად მოიქცნენ, იმიტომ რომ ღმერთი ყველაფერს ხედავს და გაპატიებს. ძალიან ღრმად არ მესმის, ვერ ვხვდები მთავრობის და ეკლესიის როლებს, არ ვარ ასეთი განათლებული.
ჩემი „მოკლე ჭკუით“ ვთვლი, უნდა დავრჩეთ სახლში, დავანთოთ სანთელი და ვილოცოთ, რასაც გავაკეთებ მეც. იმედი მაქვს იმის, რომ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრია და ღვთისმშობელი არ მიგვატოვებს. ყოველთვის იმარჯვებდა საქართველო, ახლა კი მსოფლიოს პრობლემაა ეს და უნდა მიხვდეს ყველა, როგორი დიდი მნიშვნელობა აქვს სიმშვიდეს მსოფლიოში. ოღონდ ჩემი საქართველო გადარჩეს და არაფერი არ მინდა.