თემურ წიკლაური ლურჯი მონასტრის სტიქაროსანია. წელს სააღდგომო ლიტურგიას შესაძლოა ვერ დაესწროს. თიაქრის ოპერაციის შემდეგ საათობით ფეხზე დგომა უჭირს.
ლეგენდარულ არტისტს გასათვალისწინებელი ინიციატივა აქვს. “პრაიმტაიმთან” საუბრისას იდეა გაუჩნდა, ტაძრებში მისულ მრევლს, ლიტურგიის ღამეს ტემპერატურა გაუსინჯონ.
თემურ წიკლაური: – ყველა ტაძარში ერთი ან ორი კაცი (ექიმი არ არის საჭირო) მიავლინონ და მრევლს ტემპერატურა გაუსინჯონ. დაუმიზნონ შუბლში და ვისაც სიცხე ექნება, იქვე მოუსვან ხელი და ტაძრიდან გაიყვანონ. ხელი შეუწყონ ქრისტიანებს და ქვეყანას. დიდი ამბავი, თავის მღვდლიან-დიაკვნიანად ერთ საათში შეამოწმებენ და წამოვლენ.
სახელმწიფოს შეუძლია პოლიციის ჩაყენება ეკლესიებთან. არ შეუშვან ხალხი ტაძარში, თუკი ეს დღეს ქვეყნის გადასარჩენად საჭიროა. ეპისკოპოსი არ ეტყვის ხალხს ტაძარში არ მოხვიდეთო. აიღოს სახელმწიფომ ეს პასუხისმგებლობა თავის თავზე. და ერიც და ბერიც თავის ადგილას დადგება. მაგრამ თუ იმის ეშიანიათ, რომ მერე არჩევნებზე ხმებს ვერ მიიღებენ, ეს სხვა ამბავია. სამაგიერედ, ქვეყანას გადაარჩენენ.
მორწმუნესთვის 8 საათი ტაძარში ყოფნა გაუსაძლისი არ უნდა იყოს, სიხარულით უნდა მიდიოდეს და ლოცულობდეს. უფალს თავისი ქვეყნისა და ხალხის კეთილდღეობას და დედიმიწის ამ საშინელი მდგომარეობიდან გამოსვლას უნდა შესთხოვდეს.
რა თქმა უნდა, სახელმწიფოსა და მედიკოსების რეკომენდაცია უნდა გავითვალისწინოთ. ეკლესია ადამიანისთვის არის, ადამიანი კი არ არის ეკლესიისთვის. ქვეყანაში ისეთი მგომარეობაა, ფრიად გაურკვეველია, უნდა მიხვიდე თუ არა, ტაძარში. თავის დაცვა ყოველთვის შეიძლება.
თუ მუხლის ჩოქებზე მდგომი მორწმუნე არ არის, მრევლმა თავი უნდა შეიკავოს ტაძარში მისვლისგან. ეკლესიის მამები ამბობენ, რომ ამაზე უარესი მომხდარა. შავი ჭირიც ყოფილა. ცნობილი ისტორიული ფაქტია, ხალხმა შავი ჭირის შიშით ვერ გააცილა ერეკლე მეფე. ასე გაუფრთხილდნენ მეფის დასაფლავებასაც.
– თქვენ დაესწრებით სააღდგომოს ლიტურგიას?
– თიაქრის ოპერაცია მაქვს გაკეთებული. ფეხზე დგომა გამიჭირდება. მე როგორც სტიქაროსანს შემიძლია საკურთხეველში შესვლა და იქ მჯდომარე მდგომარეობაში საკმაოდ დიდი ხანი ყოფნა. მაგრამ სინდისი არ გამიშვებს, აღდგომის ლიტურგია მჯდომარემ ძილში გავატარო.
ინსულტიც მქონდა. ამდენად მამა დავითი მომცემს უფლებას, ცოტა თავისუფლად ვიყო. მინდა, მაგრამ ფიზიკურად თუ შევძელი და ვიგძენი, რომ დილის 6 საათამდე გავუძლებ, წავალ. თორემ სააღდგომო ლიტურგიას არასოდეს გამოვკლებივარ და გალობასაც ვიწყებ – “ქრისტე აღსდგა მკვდრეთით…”
ინტერნეტში წავიკითხე, ერთი ფილოსოფოსი ამბობს, კორონავირუსს მადლობა უნდა გადავუხადოთ იმისთვის, რომ სახლში დაგვსვა, ოჯახის წევრები დაგვანახა, ცოლ-ქმარს ერთმანეთის თვალებში ჩაახედა, პაპას შვილიშვილი ანახა და სამომავლო გეგმებიც დაალაგებინა.
მხოლოდ სიყვარულით და ერთად ყოფნით თუ შეძლებს დედამიწა გადაიტანოს ეს პერიოდი. სიძულვილი და ვინმესთვის ცუდის სურვება არ შეიძლება, უკან მოუბრუნდება მის მთქმელს.
დააფიქრა ადამიანი და გულით, გონებით დაანახა სამყარო. აქამდე ხომ ეგონა, ის იყო ყველაფრის ბატონ-პატრონი. ამ პერიოდში მიხვდა, რომ არაფერსაც არ წარმოადგენს.
პანდემიამ მილიონერი და შეჭირვებული ერთ დონეზე დაიყვანა, გაათანაბრა. პრივილეგია გააქრო.
შეიძლება მართლა მადლობა უნდა ვთქვათ, რომ პანდემიამ ჩვენი თავიც დაგვანახა და სულების გაერთიანებისკენ მოგვიწოდა.
ყველასთვის გზა დამილოცნია, გაუძელით ამ განსაცდელს. ქრისტიანს უამრავი რამისთვის გაუძლია. ხატების დევნა და ქრისტიანების დევნა რომ იყო, წარმოგიდგენიათ, იმდროინდელი ქრისტიანის მდგომარეობა? ქრისტიანები ვართ და ყველაფერზე გავიმარჯვებთ.
ჩვენი ქვეყანა ღვთისმშობლის წილხვედრია. ამიტომ ნაკლები დაავადებული გვყავს.
აი, ნახავთ თქვენ, როგორ თავისუფლად გავალთ ამ საშინელი მდგომარეობიდან.