ავტორი ანა ნონიკაშვილი
„ეროვნული ფორუმის" წევრმა ანი მიროტაძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით ისაუბრა. მიროტაძის განცხადებით, 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იქნება მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი, რამდენად სწრაფად მიიღებს საქართველო გამარტივებული სავიზო რეჟიმის გამოყენების შესაძლებლობას. მიროტაძემ ასევე აღნიშნა, რომ შიდა პროცესების გარდა, ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესის შეფერხებაზე გარე ფაქტორებიც მოქმედებს, როგორიცაა მიგრანტების პრობლემა ევროპაში.
„საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესი მიგვეყვანა ბოლომდე. ყველა დავალება არის შესრულებული, რომელიც უნდა შეგვესრულებინა ამ ხნის განმავლობაში. 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნები იქნება მთავარი განმსაზღვრელი, რამდენად სწრაფად მივიღებთ გამარტივებული სავიზო რეჟიმის გამოყენების შესაძლებლობას. ევროპა დააკვირდება საპარლამენტო არჩევნებს, რამდენად დემოკრატიულად, სამართლიანად, გამჭირვალედ ჩაატარებს მას საქართველოს ხელისუფლება. ეს იქნება მთავარი ფაქტორი, რომ შემოდგომაზე მივიღოთ ვიზა-ლიბერალიზაცია.
შიდა პროცესების გარდა, არსებობს გარე ფაქტორები, რამაც დროში გადასწია ეს პროცესი. ევროპას რეალურად აქვს ლტოლვილების პრობლემა. აქედან გამომდინარე, ის თუ არ შეიმუშავებს შემაკავებელ მექანიზმებს, რომლზეც საუბრობდა გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, რასაკვირველია, მას ექნება მიგრანტების და ლტოლვილების ძალიან სერიოზული პრობლემა. ფაქტია, რომ ევროპას არ შეუძლი ამ ამ ნაკადის მიღება",- განაცხადა მიროტაძემ.